უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მიმართავენ პარლამენტს, რომ განიხილოს  მოსამართლეთა უფლებამოსილების განსაზღვრული ვადის განუსაზღვრელ ვადად გარდაქმნის საკითხი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მიმართავენ საქართველოს პარლამენტს, რომ განიხილოს უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეთა უფლებამოსილების განსაზღვრული ვადის განუსაზღვრელ ვადად (საპენსიო ასაკის მიღწევამდე) გარდაქმნის საკითხი. აღნიშნულის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოდან აცნობეს,

როგორც უმაღლესი ინსტანციის სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, 15 მაისს, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მზია თოდუამ მოსამართლის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სადაც მან საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, აგრეთვე საერეთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების წინაშე 2018 წლის წლიური ანგარიში წარადგინა საქართველოში ,,მართლმსაჯულების მდგომარეობის შესახებ“, საგანგებო განცხადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს.

„საქართველოს ახალმა კონსტიტუციამ საფუძველი ჩაუყარა პარლამენტის მიერ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინებით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ არჩევას.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უვადო მანდატით გამწესება მისი დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გარანტიაა, რაც საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო რეფორმის მონაპოვარია.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განისაზღვრა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა უვადოდ არჩევის წესი და პირობები. ამასთან, უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეთა უვადოდ გადანიშვნის საკითხი ამ კანონის რეგულირების მიღმა დარჩა.

„უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევისა და გამწესების შესახებ“ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის მიერ მომზადებული 2019 წლის 16 აპრილის დასკვნით საქართველოს პარლამენტს მიეცა რეკომენდაცია, რომლის თანახმად: „პარლამენტმა უნდა განიხილოს უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლეების უფლებამოსილების განსაზღვრული ვადის განუსაზღვრელ ვადად გარდაქმნის საკითხი. აღნიშნული აუცილებელია იმის უზრუნველსაყოფად, რომ სულ მცირე 11-მა გამოცდილმა მოსამართლემ გააგრძელოს უზენაეს სასამართლოში საქმიანობა, რითაც (ა) გარკვეულწილად შემსუბუქდება ის შედეგი, რომელიც ახლავს პარლამენტის მიერ სრულიად ახალი უზენაესი სასამართლოს შექმნას და (ბ) გამოცდილი მოსამართლეების გარკვეული რაოდენობა, და არა მხოლოდ ახლადარჩეული მოსამართლეები, განიხილავს საქმეებს, რაც ხელს შეუწყობს უზენაესი სასამართლოს ინსტიტუციურ სტაბილურობასა და თანმიმდევრულობას.“

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს მიგვაჩნია, რომ ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციის გაზიარება მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, ინდივიდუალური მოსამართლის როლის გაძლიერებისა და ქვეყნის უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის სასამართლოს ინსტიტუციური მდგრადობისათვის.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები მოგმართავთ საქართველოს პარლამენტს, განიხილოთ უზენაესი სასამართლოს მოქმედ მოსამართლეთა უფლებამოსილების განსაზღვრული ვადის განუსაზღვრელ ვადად (საპენსიო ასაკის მიღწევამდე) გარდაქმნის საკითხი“, -ნათქვამია მზია თოდუას მიერ პარლამენტისადმი მიმართვის ტექსტში.

მიმართვას ხელს აწერენ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი: მზია თოდუა. მოსამართლეები : ბესარიონ ალავიძე; ნინო ბაქაქური; ეკატერინე გასიტაშვილი; მაია ვაჩაძე; ვასილ როინიშვილი

პაატა სილაგაძე; ნუგზარ სხირტლაძე; პაატა ქათამაძე; გიორგი შავლიაშვილი; ზურაბ ძლიერიშვილი

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა