საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2018 წლის წლიური ანგარიში წარადგინა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარემ მზია თოდუამ საკანონმდებლო, 2018 წლის წლიური ანგარიში წარადგინა საქართველოში „მართლმსაჯულების მდგომარების შესახებ“, რომელშიც ასახულია 2018 წელს უზენაესი სასამართლოს მიერ განხორციელებული ღონისძიებები, განხილულია სასამართლოს მიერ მიღებული მნივნელოვანი გადაწყვეტილებები და სტატისტიკური მონაცემები, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ უზენაესი სასამართლოდან აცნობეს.

მათივე ცნობით, წლიური ანგარიშის წარდგენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების, აგრეთვე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. პლენუმის დარბაზში შეკრებილ მოსამართლეებს საკანონმდებლო, აღმასრულებელი სტრუქტურებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მოსამართლის პროფესიული დღე მიულოცეს. ღონისძიება ევროკავშირის მხარდაჭერით გაიმართა. პრეზენტაციაზე მოწვეული იყვნენ აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ელჩები, ადვოკატები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა მისასალმებელ სიტყვაში მიულოცა კოლეგა მოსამართლეებს პროფესიული დღე და აღნიშნა, რომ იგი მიესალმება ყველა ამ დარბაზში შეკრებილ სტუმარს, ვისთვისაც ძვირფასია დემოკრატიულ სახელმწიფოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს, ეფექტური მართლმსაჯულების არსებობა, ადამიანის უფლებათა დაცვა და ჰუმანიზმის ის იდეალები, რისი დაცვისა და შენარჩუნებისთვისაც ისწრაფვის დღეს განვითარებული კაცობრიობის ცივილიზებული ნაწილი.

,,დღეს თქვენთან ერთად აღვნიშნავთ 15 მაისს, მოსამართლის პროფესიულ დღეს, თარიღს, რომელმაც სათავე დაუდო დემოკრატიულ საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ამოქმედებას. მას შემდეგ საქართველოს მოსამართლეთა კორპუსი ყოველწლიურად აღნიშნავს ამ დღეს და გარკვეულწილად ანგარიშს აბარებს სახელმწიფოსა და საზოგადოებას საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობის შესახებ. წელსაც სწორედ ამ თარიღს დავუკავშირეთ ჩვენ 2018 წლის ანგარიშის წარდგენა თქვენს წინაშე და ვიდრე შევუდგები ამ საპატიო ამოცანის შესრულებას, მსურს კიდევ ერთხელ მივულოცო ეს დღე საქართველოში მოღვაწე თითოეულ მოსამართლეს, სასამართლო სისტემის ყველა ღირსეულ მუშაკს, რომელიც აცნობიერებს ქვეყნისა და საზოგადოების წინაშე ამ მეტად საპასუხისმგებლო და რთულ მოვალეობას და ღირსეულად ასრულებს მას. მინდა გისურვოთ ჯანმრთელობა, გამძლეობა, სულიერი სიმტკიცე და ერთსულოვნება, რადგან უკანასკნელმა მოვლენებმა დაგვანახა, თუ რაოდენ სასიცოხლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნებისთვის მყარი, პროფესიულად გამართული და მიუკერძოებელი სასამართლო სისტემის ჩამოყალიბება. მინდა გისურვოთ წარმატებები და გამძლეობა დასახული მიზნების მიღწქევაში.

2018 წელი საქართველოში მოქმედი მართლმსაჯულების სისტემისთვის, ისევე როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებისთვის, იყო დინამიური, წინააღმდეგობრივი პერიპეტიებით გამორჩეული და რეფორმებით დატვირთული. სასამართლო სისტემა, როგორც მესამე ხელისუფლება, თავისი განსაკუთრებული ბუნებითა და ფუნქციით გამორჩეული ხელისუფლება, რომელსაც საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელსუფლებებს შორის დამბალანსებლისა და გამაწონასწორებლის განსაკუთრებული ფუნქცია გააჩნია, ცდილობდა არ ჩამორჩენოდა მოვლენებს და ღირსეულად გაერთვა თავი ამ მეტად საპასუხისმგებლო და ქართული სახელმწიფოებრიობისათვის მეტად მნიშვნელოვანი ფუნქციის შესრულებისთვის. 2018 წელს საფუძველი ჩაეყარა სასამართლო ხელისუფლებისთვის მეტად მნიშვნელოვან ინიციატივებსა და რეფორმებს, რომლებიც წარმატებით გრძელდება წელსაც. ამ მიმართულებით არ შეიძლება არ აღინიშნოს საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის წვლილი, რომელმაც 2018 წლის 2 აგვისტოს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა თანამდებობა. საქართველოს უზენაესი სასამართლო მართლმსაჯულების სისტემაში დაწყებული ყველა მნიშვნელოვანი სარეფორმო პროცესისა და წამოწყების ავანგარდში იმყოფებოდა, რის დადასტურებასაც წარმოადგენს წინამდებარე ანგარიში, თუმცა კონსტრუქციულ ცვლილებებთან ერთად კვლად დიდ გამოწვევად რჩებოდა ჩვენი საზოგადოების ნდობა მართლმსაჯულების სისტემისადმი და მოსამართლეთა რაოდენობრივი სიმცირე და გადატვირთულობა.

ჩვენ ყველანი ერთად ვთანხმდებით, რომ მოსამართლის პროფესიული კარიერის არსებითი მიზანია საზოგადოების, მოქალაქეების ნდობის მაქსიმალურად მოპოვება. მოსამართლეების და სასამართლოს მიმართ ნდობის ხარისხი კი განსაზღვრავს სასამართლოს დამოუკიდებლობის რეალურ მდგომარეობას. სასამართლოს მიმართ ნდობის არარსებობა ნიშნავს სასამართლოს დამოუკიდებლობის არარსებობას.

იურისტმა, რომელიც სამოსამართლო საქმიანობას ახორციელებს, თავისი ინტელექტი და შინაგანი რესურსი უნდა გამოიყენოს იმისათვის, რომ კანონი შესრულდეს და ასევე კანონით განსაზღვრულ ფარგლებში უნდა დაეხმაროს იმ მხარეს, რომელსაც არა აქვს შესაძლებლობა დამოუკიდებლად განახორციელოს თავისი უფლებები.“, -განაცხადა თავის გამოსვლაში მოსამართლე მზია თოდუამ.

ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს უზენაეს სასამართლოში 27%-ით მოიმატა შემოსული საკასაციო საჩივრების რაოდენობამ, ეს იმ ფონზე, როდესაც უზენაეს სასამართლოში 10 მოსამართლე ახორციელებს უფლებამოსილებას. სასამართლოს გადატვირთულობის მიუხედავად, უზენაესმა სასამართლომ არაერთ საქმეზე მიიღო მნიშვნელოვანი განმარტება და შეცვალა მხარეთა სამართლებრივი მდგომარეობა მათ სასარგებლოდ. ანგარიშში მოცემულია დეტალური ინფორმაცია პრეცედენტული გადაწყვეტილებების და განმარტებების თაობაზე.

2018 წელს უზენაესმა სასამართლომ მმართველობის განახლებული მოდელი დანერგა, რომელიც მოსამართლეების დამხმარე რგოლების საქმიანობის გაძლიერებაზეა ორიენტირებული. ახალი სტრუქტურა ხელს უწყობს საქმეთა ნაკადის ეფექტურად მართვას, ასევე აუმჯობესებს სასამართლო გადაწყვეტილებების დასაბუთებისას ადგილობრივი და საერთაშორისო სასამართლო პრაქტიკის გამოყენებას.

ანგარიშის თანახმად, 2018 წელს განხორციელებული ღონისძიებებიდან მნიშვენლოვანია აღინიშნოს ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოსთან უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის სამინისტროს ერობლივად გაფორმებული მემორანდუმი, რომლის ფარგლებშიც მოსამართლეებისა და იურიდიული წრეების წარმომადგენლებისთვის გაიზარდა ქართულ ენაზე ევროსასამართლოს გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა.

უზენაესი სასამართლოს სხვა ღონისძიებების თაობაზე დეტალური ინფორმაცია მოცემულია ანგარიშში, რომელიც ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის დახმარებით ინგლისურ და ქართულ ენებზე მომზადდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა