სახელმწიფოს კუთვნილი მიწების ყალბი დოკუმენტებით დაუფლების ფაქტებზე 8 პირი პასუხისგებაში მისცეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების დამზადებისა და მათი გამოყენებით, სახელმწიფოს კუთვნილი დიდი ოდენობით ქონების მოტყუებით დაუფლების ორი ფაქტი გამოავლინეს, რაზეც პასუხისგებაში მისცეს რვა პირი, მათგან დანაშაულის ჩადენის ორგანიზატორი ორი პირი დაკავეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების მიზნით, დაამზადეს მიწის ნაკვეთების ვითომდა კანონიერად ფლობის დამადასტურებელი ყალბი დოკუმენტები და ე.წ. ცრუ მოწმეების მიერ დამოწმებული განცხადებები, რომლის საფუძველზეც, ერთ შემთხვევაში, ბრალდებულმა საჯარო რეესტრში წარადგინა განცხადება მცხეთის რაიონის სოფელ მსხალდიდში მდებარე - სახელმწიფოს კუთვნილ 37 877 ლარის ღირებულების 2 265 კვ.მ. ფართობის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რეგისტრაციის შესახებ, ხოლო, მეორე შემთხვევაში, ბრალდებულმა დაირეგისტრირა მცხეთის რაიონის სოფელ საგურამოში მდებარე 133 965 ლარის ღირებულების 6 500 კვ.მ მიწის ნაკვეთი.

უწყების ინფორმაციით, გამოძიების პროცესში მიწის ნაკვეთს დაედო ყადაღა, რომელიც შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების გავლის შემდეგ დაუბრუნდება სახელმწიფოს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მესამე და 362-ე მუხლის პირველი ნაწილებით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 6-დან 9 წლამდე ითვალისწინებს.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს