დავით ბერძენიშვილი - ზუგდიდში ივანიშვილისთვის არჩევნების სანდრა რულოვსთან წაგება ნგრევის ინდიკატორი იქნება

„ზუგდიდში ბიძინა ივანიშვილისთვის არჩევნების სანდრა რულოვსთან წაგება პრინციპულად არის მომავალი ნგრევის ინდიკატორი“, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთმა ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა. მისი შეფასებით, ხელისუფლებას ზუგდიდში არჩევნების მოსაგებად სახელისუფლებო რესურსის გამოყენება არ ეყოფა.

მისივე განცხადებით, ზუგდიდში მანანა არჩვაძის გაგზავნა ივანიშვილის მიერ დაშვებული კიდევ ერთი შეცდომაა.

„ზუგდიდში ბიძინა ივანიშვილისთვის არჩევნების სანდრა რულოვსთან წაგება პრინციპულად არის მომავალი ნგრევის ინდიკატორი. სრულიად მკაფიოა, რომ ხელისუფლებას სახელისუფლებო რესურსის გამოყენება არ ეყოფა. ამიტომაც არის მანანა არჩვაძე ზუგდიდში გაგზავნილი. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილს და მის მრჩევლებს მორიგი შეცდომა მოუვიდათ და კმაყოფილი ვარ ამით. მანანა არჩვაძე არის ნეგატივი და არა პოზიტივი ზვიადისტების დიდი ნაწილისთვისაც კი. ამიტომ მისი გამოჩენა ზუგდიდში არ არის სანდრასთვის საშიში, იქნებ პირიქითაც კი არის,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

მისი შეფასებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე ხელისუფლების დასასრული დაიწყო. როგორც ბერძენიშვილმა განაცხადა, დასრულდა ის პერიოდი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობისადმი“ წინააღმდეგობის გამო, ყველა „ქართულ ოცნებას“ აძლევდა ხმას.

„არსებითია ის, რომ 2018 წლის ოქტომბერ-ნოემბერში დაიწყო ივანიშვილის ხელისუფლების დასასრულის დასაწყისი როგორც პირველ, ისე მეორე ტურში. მეორე ეტაპი არის შუალედური არჩევნები. სრულიად მკაფიოდ ჩანს, რომ ყველა ოლქში ოპოზიციონერები არიან კონკურენტუნარიანები. ზესტაფონში დომინანტია გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი ბაქარ ხიჯაკაძე, ჭიათურაში ბევრი ოპოზიციური პარტია უჭერს მხარს დამოუკიდებელ კანდიდატს დათო ჭუმბურიძეს, ასევე, ორი კონკურენტუნარიანი ოპოზიციონერი კანდიდატია მარნეულში. მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ურთიერთთანამშრომლობის პროცესი. დამთავრდა ის პერიოდი, როდესაც „ნაციონალური მოძრაობისადმი“ წინააღმდეგობის გამო, ყველა „ქართულ ოცნებას“ აძლევდა ხმას. ასე აღარ არის,“ - განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა