სოციალური მუშაკების ნაწილი აცხადებს, რომ ჯანდაცვის სამინისტრო იმ შეთანხმებას არ ასრულებს, რასაც გაფიცვის პერიოდში დაჰპირდა

სოციალური მუშაკების ნაწილის თქმით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო იმ შეთანხმებას არ ასრულებს, რომელსაც უწყება ჯერ კიდევ გაფიცვების პერიოდში დაჰპირდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს აჭარის სერვის-ცენტრში განუცხადეს, აჭარის რეგიონში , სამინისტროსა და სოციალურ მუშაკებს შორის შეთანხმების არც ერთი ნაწილი არ შესრულებულა.

„აჭარაში არაფერი შესრულებულა, ავტომობილების გამოყოფის, ტექნიკური საკითხების ჩამოშორების შეთანხმება გვქონდა, ასევე იყო მოთხოვნა,რომ ექსპერტიზის ბიუროში არ მივსულიყავით და ელექტრონული ხელმოწერა ეღიარებინათ, არც ეს შესრულებულა. აჭარაში არც ერთი შეთანხმება და ვალდებულება არ შესრულებულა“,-აცხადებს სოციალური მუშაკი ინგა დავითაძე.

მისივე თქმით, აღნიშნული პრობლემა სამინისტროს და მინისტრის დონეზე არის გადასაწყვეტი და მათი სამუშაო პირობები და მოთხოვნები საპროტესტო ტალღის შემდეგაც იგივე დარჩა. მისივე თქმით, ამ დროისთვის სამოქმედო გეგმა არ აქვთ და „ერთადერთი რაზეც შეიძლება იფიქრონ სამსახურიდან წასვლაა“, რადგან მსგავს პირობებში მუშაობა შეუძლებელია.

„ელემენტარული , რაც შეიძლებოდა ჩამოგვშორებოდა და მოგვარებულიყო ადგილობრივ დონეზე ესეც არ ჩამოგვშორებია. მაგალითად: კოლეგებზე გადანაწილებულიყო ფუნქციები, ამის მოგვარება ადგილობრივად შეიძლებოდა და ესეც კი არ მოხდა. გვესმის, რომ „მოთხოვნები შესრულდება“, მაგრამ არაფერი არ არის. აღმოსავლეთ საქართველოში ჩვენი კოლეგები გვეუბნებიან, რომ რამდენიმე სერვის-ცენტრს მანქანა გამოეყოთ და სარგებლობენ, მაგრამ იქაც აქვთ პრობლემები. ყოფილა ორი დღე რომ მანქანა საერთოდ არ მისულა, მაგრამ როგორც კი გაახმაურეს მაშინვე დააყენეს მანქანები“,-აცხადებს სოციალური მუშაკი ინგა დავითაძე.

„ინტერპესნიუსი“ სოციალური მომსახურეობის სააგენტოს ქუთაისის სერვის-ცენტრსაც დაუკავშირდა. ქუთაისის სერვის-ცენტრის სოციალური მუშაკი ნათია წივწივაძე აცხადებს, რომ შეთანხმების ნაწილს სახელმწიფო ქუთაისის შემთხვევაში ასრულებს. მისვე ინფორმაციით, გამოიყო ავტომობილებიც და გადაადგილების პროცესში პრობლემები არ ექმნებათ, გარდა ამისა, სრულდება ტექნიკურ პროცედურებთან დაკავშირებული მოთხოვნებიც. რაც შეეხება სახელფასო ანაზღაურებას სოციალური მუშაკის თქმით, შრომით ანაზღაურების ნაწილში არაფერი შეცვლილა.

შეგახსენებთ, რომ სოციალური მუშაკების გაფიცვა 25 მარტს დაიწყო. ისინი სამუშაოს შესრულების დროს საჭირო რესურსების გამოყოფას ითხოვდნენ და დაბალ ანაზღაურებას, არასათანადო სამუშაო პირობებსა და ტრანსპორტის პრობლემას აპროტესტებდნენ. ჯანდაცვის სამინისტროსა და სხვა სახელმწიფო ინსტიტუტებთან შეხვედრებისა და მოლაპარაკების შემდეგ სოცმუშაკებმა გაფიცვა შეწყვიტეს, რადგან მოთხოვნების გარკვეული ნაწილის შესრულებასთან დაკავშირებით შეთანხმება მოხდა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო