ზაზა ხატიაშვილი ერთ-ერთი არასრულწლოვნის საქმეს ბიძინა ივანიშვილის სახლთან გააპროტესტებს

პოლიციის დაწესებულებებში დაიწყეს ადამიანების გაუპატიურება, გაუპატიურების მცდელობა არასრულწლოვანებთან დაკავშირებით, - ამის შესახებ უფლებადამცველმა ზაზა ხატიაშვილმა არასრულწლოვან თ.ა- ს საქმეზე საუბრისას განაცხადა.

დაზარალებულის ადვოკატის ზაზა ხატიაშვილის განცხადებით, საქმის მასალების თანახმად, ბოლნისში ოქროულობის მაღაზიის გაქურდვის ბრალდებით არასრულწლოვანი დააკავეს, პოლიციამ მას სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

უფლებადამცველის განმარტებით, 7 პოლიციელი არასრულწლოვნისგან ძალადობისა და გაუპატიურების მუქარის გზით მოითხოვდა ქურდობის აღიარებას და თანამზრახველის დასახელებას. ადვოკატების განცხადებით, აღნიშნული ფაქტთან დაკავშირებით არსებობს პროკურატურის დადგენილება თ.ა-ს დაზარალებულად ცნობის შესახებ, რომელიც ადასტურებს, რომ ადგილი ჰქონდა გაუპატიურების მუქარას, ხოლო დაზარალებულმა ის რეალურად აღიქვა და დანაშაულის აღიარება დაიწყო.

„მინდა, დიდ სიბინძურეზე გავამახვილო გავამახვილო ყურადღება, რომელიც "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებშია. პირველი და უტყუარი მტკიცებულება იმისა, რომ პოლიციის დაწესებულებებში დაიწყეს ადამიანების გაუპატიურება, გაუპატიურების მცდელობა არასრულწლოვანებთან მიმართებით. ვფიქრობ, ეს არის ძალიან საგანგაშო ფაქტი და სამოქალაქო საზოგადოებამ თუ ხმა არ ამოვიღეთ, ეს ხელისუფლება მალე ყველა ადამიანის მიმართ დაიწყებს ძალადობას, ვინც მათთვის ასე თუ ისე მიუღებელი იქნება. 16 წლის ახალგაზრდა, ბოლნისის პოლიციაში გახდა არაჰუმანური, არაადამიანური წამებისა და გაუპატიურების მცდელობის მსხვერპლი. გაუპატიურებას მხოლოდ იმის გამო გადარჩა, რომ მან პოლიციას აქტიური წინააღმდეგობა გაუწია", - განაცხადა ადვოკატმა.

მისივე თქმით, იმის გამო, რომ დაზარალებულმა წინააღმდეგობა გაუწია, პოლიციელებმა დაბლა დააგდეს და ხელი მოტეხეს, თუმცა შემდეგ შეეშინდათ და საავადმყოფოში გადაიყვანეს.

"ერთ-ერთი პირი ამ შვიდიდან, ვინც ამოიცნო აკაკი უგრეხელიძეა. ის დაზარალებულს მოტეხილ ხელზე ურტყამს, როცა პოლიციიდან საავადმყოფოში გადაჰყავს. შემდეგ საავადმყოფოში ეუბნება,რომ თუ ხმას ამოიღებდა, იქიდან ცოცხალი ვერ გამოვიდოდა. აკაკი უგრეხელიძე და ძმანი მისნი, მუშაობას აგრძელებენ. რა გააკეთა "ქართული ოცნების" ნაქებმა მინისტრმა, რომელიც ამ უბედურების შემდეგ დააწინაურა ქვეყნის მმართველმა ფეოდალმა და უშიშროების საბჭოს მდივნად გადაიყვანა. შს მინისტრის ბრძანებაა, სადაც მითითებულია, რომ აკაკი უგრეხელიძე მინისტრმა ამ ინცინდენტის შემდეგ გადაიყვანა იმავე თანამდებობაზე ბოლნისიდან გარდაბანში. აი, რით რეაგირებს „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ასეთ საკითხებზე", - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

მისივე თქმით, ფაქტის გამო არავინ დასჯილა, ამიტომ ის საზოგადოებას მიმართავს, დღეს 18.00 საათზე ბიძინა ივანიშვილის სახლთან შეიკრიბნონ და მომხდარი გააპროტესტონ.

„მინდა მივმართო საზოგადოებას. თქვენ ხომ აღშფოთდით, როცა ციხის კადრები ნახეთ და იქ რეაგირება არ იყო. არავინ იცოდა ავთენტური იყო თუ არა. მინდა მოგიწოდოთ ყველას და გთხოვთ, რომ საღამოს 6 საათზე ყველანი მივიდეთ, ფეოდალის სასახლესთან და ეს ძალადობა გავაპროტესტოთ. ასევე მოვითხოვოთ შს მინისტრისა და გენერალური პროკურორის გადადგომა. იქიდან არ უნდა გამოვიდეთ, ვიდრე ეს ადამიანები არ იქნებიან გაყრილი“, - აღნიშნა ადვოკატმა.

თავის მხრივ, მედიასთან ისაუბრა დაზარალებულმა თ. ა-მ და აღნიშნა, რომ პოლიციელები მას ვიდეოს უღებდნენ და ინტერნეტში მისი გავრცელებით ემუქრებოდნენ.

"პოლიციაში როდესაც შემიყვანეს, იქ დამხვდა თორნიკე ონიანი, რომელიც პოლიციის უფროსია. 10-15 წუთი მცემდა, როცა ვერაფერი მათქმევინა, ბიჭებს უთხრა - მიხედეთ და თქვენ ათქმევინეთო. როცა წავიდა, იქ 7 კაცი დარჩა. მათ შეურაცხყოფა გააგრძელეს, ფურთხება, გინება და მუქარა“, - განაცხადა დაზარალებულმა.

დაზარალებულის დედის განცხადებით, მათ მომხდარის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ გაიგეს, რაც არასრულწლოვანი საავადმყოფოდან დააბრუნეს. მისივე თქმით, პოლიციამ მათ ფულადი თანხაც შესთავაზა, 200 ლარის ოდენობით, იმ მიზნით, რომ ოჯახს ფაქტის გამო არ ეჩივლა.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს