ოთარ დანელია - საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ისეთი ფორმატის შეხვედრები, სადაც საუბარია შავი ზღვის რეგიონის და საპარლამენტო დიპლომატიის განვითარებაზე

ბათუმში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) საკომიტეტო სხდომები დასრულდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, საერთაშორისო ღონისძიების ბოლო შეხვედრაზე - ეკონომიკურ სავაჭრო ტექნოლოგიურ და გარემოს დაცვის საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, დელეგატებმა თემაზე - „მწვანე ეკონომიკა და ლურჯი განვითარება“ მოხსენების პროექტი მოისმინეს და შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშავეს.

მათი ინფორმაციით, კომიტეტის სხდომაზე განსახილველ საკითხზე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა ჯაბა ფუტკარაძემ რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მწვანე ეკონომიკის განვითარება ქვეყნის გაცხადებული პრიორიტეტია. მისი თქმით, ამ მნიშვნელოვანი პოლიტიკის განხორციელებაში, აჭარაც აქტიურად მონაწილეობს.

„აჭარაში ეკონომიკური და საინვესტიციო პროცესები აქტიურად მიმდინარებს. ბოლო პერიოდში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა, რომელიც სწორედ „მწვანე ეკონომიკის” გაძლიერებას ითვალისწინებს. ამ მხრივ აღსანიშნავია, ნარჩენების მართვის პროექტი - პირველად აჭარაში თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების მართვის სისტემა დაინერგება და ტურისტულ ქალაქში არსებული არასტანდარტული, თვითნებური ნაგავსაყრელის პრობლემა საბოლოოდ გადაიჭრება. მნიშვნელოვანი ინსვესტიციები იდება მთის განვითარების კუთხით, რადგან „მწვანე ეკონომიკის“ გაძლიერების მთავარ საფუძველს მაღალმთიანი აჭარის განვითარება წარმოადგენს. ამ კუთხით, 19 მასშტაბური საინვესტიციო პროექტი უკვე მიმდინარეობს, სადაც 133 მლნ. ლარია ინვესტირებული“, - განაცხადა ჯაბა ფუტკარაძემ.

მისივე ინფორმაციით, მთის განვითარების მიმართულებით, სპორტული და ეკო ტურიზმის, ასევე მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტების განხორციელება იგეგმება, რაც გარემოს დაცვას და ეკონომიკის განვითარებას უზრუნველყოფს. მინისტრი ქობულეთში, ცოტა ხნის წინ, ნახევარმილიარდიანი საინვესტიციო პროექტის დაწყების მნიშვნელობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ პროექტის მიხედვით, 70% რეკრიაციული ზონის მოწყობა იგეგმება.

კომიტეტის სხდომის დასასრულს, შეხვედრის მონაწილეებმა სამომავლო აქტივობები დაგეგმეს და საორგანიზაციო საკითხები განიხილეს.

ბათუმში გამართული ორდღიანი სამუშაო შეხვედრა საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, ოთარ დანელიამ შეაჯამა.

„ბათუმში მნიშვნელოვანი საერთაშორისო ღონისძიებები - შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის კომიტეტების სხდომები გაიმართა. ჩვენთვის ასეთი ფორმატის შეხვედრებს, სადაც საუბარია შავი ზღვის რეგიონზე, საპარლამენტო დიპლომატიაზე და იმ პოტენციალზე, რომელიც მაქსიმალურად უნდა ავითვისოთ, დიდი მნიშვნელობა აქვს. საკომიტეტო სხდომების ფარგლებში, სახალხო დამცველის ინსტიტუტზე, მისი აპარატის საქმიანობაზე მოხსენებები მოვისმინეთ და ასევე ვიმსჯელეთ ქვეყნის განვითარებაში მწვანე ეკონომიკის როლზე. კომიტეტების სხდომებზე განხილულ საკითხებთან დაკავშირებით გენერალურ ასამბლეას შესაბამისი დოკუმენტაცია წარედგინება“, - განაცხადა საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტმა, ოთარ დანელიამ.

შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო სხდომებს რეგიონის 9 ქვეყნის 40-მდე დეპუტატი დაესწრო. საქართველოს პარლამენტიდან აღნიშნულ ღონისძიებას ოთარ დანელია, ზაზა გაბუნია და რამაზ ნიკოლაიშვილი ესწრებოდნენ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს