თამარ ჩუგოშვილი - მოვუწოდებთ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, საელჩოებს, განსაკუთრებული ყურადღება ზუგდიდის საარჩევნო ოლქს მიაპყრონ

მოვუწოდებთ დამკვირვებელ ორგანიზაციებს, საელჩოებს, რომ განსაკუთრებული ყურადღება მიაპყრონ სწორედ ზუგდიდის საარჩევნო ოლქს, რადგან უკვე ძალიან მკაფიოდ და ნათლად ჩანს, რომ სწორედ იქ გადაინაცვლებს დაძაბულობის ცენტრი, - ამის შესახებ საგანგებო ბრიფინგზე პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, დღეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით იგეგმება შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

„დღის განმავლობაში ჩვენ გვექნება შეხვედრა საერთაშორისო ორგანიზაციებთან და იმ საელჩოებთან, რომლებიც აკვირდებიან ზუგდიდში არსებულ ვითარებას. მათ მონაწილეობას ამ პროცესში დიდი მნიშვნელობა აქვს. მათ შეუძლიათ ხელი შეგვიწყონ ამ პროცესში ესკალაციის თავიდან აცილებაში და მე ვფიქრობ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი იქნება ამ კუთხით“, - განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

დეპუტატმა იქვე დასძინა, რომ ნებისმიერი პროვოკაცია, რომელიც იქნება ზუგდიდში, სამართალდამცველების მხრიდან აუცილებლად იქნება სათანადოდ გამოძიებული და ნებისმიერი პირი, ვინც შეეცდება დესტაბილიზაციას, სათანადოდ დაისჯება კანონის ფარგლებში.

„საარჩევნო დღის მოახლოებასთან ერთად, “ნაციონალური მოძრაობა” დესტრუქციული ქმედებებით უფრო და უფრო მეტად ცდილობს საარჩევნო პროცესისთვის ხელის შეშლას და მის დისკრედიტაციას. ბოლო დღეების განმავლობაში, საზოგადოებამ ოპონენტების მხრიდან საარჩევნო კომისიასთან აჟიოტაჟი და ზუგდიდის საკრებულოს შენობაში არეულობის მოწყობის მცდელობა იხილა, დღეს კი „ნაციონალური მოძრაობის” წევრები უკვე ზუგდიდის საოლქო კომისიის შენობაში შეიჭრნენ ძალადობრივად და ცდილობდნენ კომისიის მუშაობის ჩაშლას. ყოვლად მიუღებელია თავდასხმა საარჩევნო კომისიაზე, რომელიც უკვე წლებია ყველანაირი საერთაშორისო შეფასებით გამართულად და კანონის შესაბამისად წარმართავს საარჩევნო პროცესს. ჩვენი ოპონენტების მიზანია სახელმწიფო ინსტიტუტების, ამ შემთხვევაში კონკრეტულად ცენტრალური საარჩევნო კომისიის დისკრედიტაცია და საარჩევნო პროცესის ჩაშლა სწორედ ზუგდიდში, სადაც მათთვის პოზიციების დაკავებას სიმბოლური დატვირთვა აქვს კანდიდატიდან გამომდინარე. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ როგორც ჩანს კარგად იცის, რომ ზუგდიდში არჩევნებს პირველივე ტურში აგებს, შესაბამისად, ისინი სტაბილური საარჩევნო პროცესის დაძაბვას და არეულობის ხელოვნურად შექმნას ცდილობენ. ჩვენი ამოცანაა არჩევნების მშვიდ, დემოკრატიულ გარემოში ჩატარება. არც ერთი პროვოკაცია, არც ერთი ინციდენტი, რომელიც ჩრდილს აყენებს საარჩევნო პროცესს, არ უნდა დარჩეს რეაგირების გარეშე. შესაბამის უწყებებს სამართალდარღვევის ნებისმიერ ფაქტზე უმკაცრესი რეაგირება ექნებათ. თითოეული დამნაშავე, თითოეული პირი, რომელიც ძალადობას და საარჩევნო პროცესის ჩაშლას შეეცდება, აუცილებლად აგებს პასუხს კანონის წინაშე“,- განაცხადა ჩუგოშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2019
გავლენის ოპერაციები ანუ „მკვლელობათა ჯაჭვი“
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს