მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ საქმეზე, სდსს-ს ყოფილი უფროსი ოთარ ქველიძე დაიკითხა

ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებულ საქმეზე, რომელიც საბიუჯეტო თანხების გაფლანგვას ეხება, თბილისის საქალაქო სასამართლოში სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი,

ოთარ ქველიძე დაიკითხა.

როგორც საქმის პროკურორმა, ქეთევან ჩაჩავამ ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, მოწმის სახით დაკითხულ ქველიძესაც ბრალი წარედგინა. მას სახელმწიფო ბრალდებამ ბრალი 2019 წლის პირველ მარტს წარუდგინა. ისევე როგორც თეიმურაზ ჯანაშიასა და ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ქველიძესაც ბრალი ედება სახელმწიფო საბიუჯეტო თანხების გაფლანგვაში.

"საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონით, აკრძალული იყო სდსს-სთვის ზედმეტი ფუნქციის დაკისრება. საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დავალებით, მან მიიღო მითითება სდსს საბიუჯეტო სახსრებიდან ეხარჯა თანხა საქართველოს პრეზიდენტის პირადი ხარჯებისათვის. მოწმემ დაადასტურა, რომ აღნიშნული ხარჯები არ შედიოდა უსაფრთხოების ღონისძიების ამაღლებაში და არანაირად არ გამომდინარეობდა კანონიდან", - განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.

აღნიშნულს არ ეთანხმება ადვოკატი ბექა ბასილაია.

"მოწმემ მკაფიოდ თქვა, სდსს-სთვის პრეზიდენტის მითითებები, მათ შორის წერილობითი განკარგულებები შესასრულებლად სავალდებულოა და ერთი შემთხვევა არ ყოფილა სდსს მის წინააღმდეგ წასულიყო. რაც შეეხება ხარჯების ნაწილს, მან თქვა, რომ ამ ხარჯების გაწევა სდსს-სთვის კომფორტული არ იქნებოდაო და მანამდე ამ ხარჯებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია გაწევდაო, ანუ აქ გაფლანგვაზე საუბარი არც შეიძლება იყოს", -განაცხადა ბასილაიამ.

ცნობისთვის, სახელმწიფო ბრალდება საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თემურ ჯანაშიას საბიუჯეტო თანხების დიდი ოდენობით ჯგუფურად გაფლანგვას ედავება. საუბარია, 8 მილიონ ლარზე მეტის არამიზნობრივ ხარჯვაზე.