თემაზე „შრომითი დავების გადაწყვეტის დიზაინი ქართული ბიზნესისთვის“ შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მედიატორთა ასოციაციის, „საქართველოს ფოსტისა“ და ევროპის ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა თემაზე „შრომითი დავების გადაწყვეტის დიზაინი ქართული ბიზნესისთვის“. შეხვედრას მედიაციის ქართველ ექსპერტებთან ერთად უძღვებოდა ამერიკელი ექსპერტი, მედიატორი და პრაქტიკოსი იურისტი ვიქტორ შახტერი. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „საქართველოს ფოსტიდან“ აცნობეს.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს დავის გადაწყვეტის ის დიზაინ(ებ)ი, რომელიც განსაკუთრებულად შეესაბამება ქართულ რეალობას და შესაძლებლობას მისცემს ქართულ ბიზნესს მოკლე დროში და მინიმალური დანახარჯებით მიიღოს ეფექტიანი მართლმსაჯულება.

„საქართველოს ფოსტის“ ცნობით, სწორედ ვიქტორ შახტერის ინიციატივამ და ჩართულობამ შეუწყო ხელი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის რეფორმასა და ჩამოყალიბებას ხორვატიაში, ინდოეთში, ბრაზილიაში, თურქეთში, ბულგარეთსა და მალაიზიაში. 2008 წელს ვიქტორ შახტერი აღიარეს კალიფორნიის შტატის წლის იურისტად, მის მიერ სამართლის სფეროში გატარებულ რეფორმებში მონაწილეობისა და მედიაციის ჩამოყალიბებაში შეტანილი წვლილისათვის. იგი არის FSRI-ის დამფუძნებელი და პრეზიდენტი, ორგანიზაციის, რომელიც აქტიურად ცდილობს ხელი შეუწყოს მედიაციის ცენტრების დაფუძნებას და მსოფლიოს მასშტაბით ეფექტიანი და ხელმისაწვდომი მართლმსაჯულების განვითარებას.

„საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორის ლევან ჩიკვაიძის განცხადებით, შეხვედრის მიზანი ქართული ბიზნესისთვის დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების გაცნობაა.

„შეხვედრა “საქართველოს ფოსტის“ თანაინიციატივით გაიმართა, მისი მიზანია ქართულ ბიზნესს გააცნოს დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებები. ბიზნეს დავების სასამართლო გზით განხილვას საკმაოდ დიდ მატერიალურ დანახარჯებამდე მივყავართ, მნიშვნელოვანია დროის ფაქტორიც, სასამართლო პროცესები შესაძლოა წლობით გაიწელოს, სასურველი შედეგი კი მაინც არ დადგეს. ხშირ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტას შედეგად არ მოსდევს კონფლიქტის ეფექტიანად გადაწყვეტა, ვინაიდან სასამართლო პროცედურა შემდგომში მოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით აღსრულებას. მხარეთა მიმართ ნეიტრალური და დამოუკიდებელი მედიატორის მონაწილეობით დავის მოგვარება მეტად ეფექტურია, რადგან საშუალებას იძლევა კონფლიქტი გადაწყდეს კომპრომისის საფუძველზე, იძულებისა და სასამართლოში საქმის საწარმოებლად საჭირო თანხისა და დროის დაზოგვით. მედიაციის პროცესი განიხილება, როგორც უფრო მეტად სწრაფი, ეფექტური და პროცედურულად მარტივი მექანიზმი პრობლემის გადაწყვეტისთვის, სწორედ ამიტომ მიგვაჩნია, რომ აღნიშნული მოდელი მეტად ეფექტური იქნება ნებისმიერი საწარმოსთვის და რაც უფრო მეტი მხარდამჭერი გვეყოლება, უფრო სწრაფად შევძლებთ მის ამუშავებას“ , - განაცხადა „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ.

„საქართველოს ფოსტის“ ინფორმაციით, მედიაცია დავის გადაწყვეტის ერთ-ერთი მეთოდია, რომელსაც უწოდებენ როგორც “დავის ალტერნატიული გადაწყვეტა” ADR (Alternative Dispute Resolution). მედიაცია მოლაპარაკების პროცესია, სადაც ნეიტრალური პირი - მედიატორი - დაპირისპირებულ მხარეებს ან/და მათ წარმომადგენლებს ეხმარება მათ შორის წარმოშობილი კონფლიქტის ურთიერთსასარგებლო შეთანხმებით დასრულებაში. მედიატორი შეთანხმების პირობებზე გავლენას არ ახდენს. ის მედიაციის პროცესს უძღვება და მოლაპარაკების მონაწილე მხარეებს ეხმარება შეთანხმებას მიაღწიონ უფრო სწრაფად და ნაკლებ დროში ვიდრე ისინი შეძლებდნენ დამოუკიდებლად. მედიაციის პროცესი მთლიანად თავისუფალი და არაფორმალურია. მხარეებს შეუძლიათ პირველი შეხვედრის შემდეგ ან ნებისმიერ დროს შეწყვიტონ აღნიშნული პროცესი.

„დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებებმა სამოქალაქო და კომერციული დავების დროს ადგილი დაიმკვიდრა მთელი მსოფლიოს მასშტაბით. განვითარებულ ქვეყნებში მედიაცია გახდა სამართლებრივი სისტემისა და კულტურის ნაწილი. შესაბამისი ნორმატიული აქტები იქნა მიღებული აშშ-ში, კანადაში, არგენტინაში, ავსტრალიასა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში. ასევე ფართო განვითარება ჰპოვა მედიაციამ აზიის ქვეყნებში ექსპერტთა დასკვნით, ჩინეთში დავათა 30 % წყდება მედიაციის საშუალებით“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა