პროკურატურა - საერთაშორისო ოპერაციის ფარგლებში კიბერდანაშაულებრივი ქსელი დაიშალა, რომელიც დაახლოებით 100 მილიონი დოლარის მოპარვას ცდილობდა

უპრეცედენტო, საერთაშორისო სამართალდამცავი ოპერაციის შედეგად, კომპლექსური, გლობალური მასშტაბით მოქმედი და ორგანიზებული კიბერდანაშაულის ქსელი დაიშალა. დანაშაულებრივი ქსელი მავნე პროგრამა „GozNym-ის“ გამოყენებით ცდილობდა დაახლოებით 100 მილიონი ამერიკული დოლარის მოპარვას 41 000-ზე მეტი დაზარალებულისგან, რომელთა უმრავლესობას ბიზნესები და მათი ფინანსური დაწესებულებები შეადგენდნენ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, აშშ-ის ქალაქ პიტსბურგის ფედერალურ ნაფიც მსაჯულთა კოლეგიის მიერ გამოქვეყნებული ბრალდების შესახებ დადგენილებით, „GozNym-ის“ დანაშაულებრივი ქსელის ათ წევრს ბრალი წარედგინა შემდეგი დანაშაულების ჩადენის მიზნით წინასწარ შეთანხმებაში: დაზარალებულთა კომპიუტერების ინფიცირება მავნე პროგრამა „GozNym-ით“, რომელიც სპეციალურად იყო შექმნილი დაზარალებულთა ინტერნეტ-ბანკის საავტორიზაციო მონაცემების ხელში ჩასაგდებად; მოპოვებული საავტორიზაციო მონაცემების გამოყენებით, დაზარალებულთა ინტერნეტ-საბანკო ანგარიშებზე თაღლითური და უნებართვო წვდომის მიღება; დაზარალებულთა საბანკო ანგარიშებიდან თანხების მოპარვა და ბრალდებულთა მიერ კონტროლირებადი ამერიკული და უცხოური ბენეფიციარი ბანკების ანგარიშების მეშვეობით, მათი ლეგალიზება.

ოპერაციის მიმდინარეობისას, ჩხრეკები ჩატარდა ბულგარეთში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში. ბრალდების შესახებ დადგენილების საფუძველზე, რამდენიმე სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო მოლდოვაში, საქართველოში, უკრაინასა და ამერიკის შეერთებულ შტატებში.

„ოპერაციის წარმატება მიღწეული იქნა მასში მონაწილე ევროკავშირის წევრ-სახელმწიფოებს (ბულგარეთი და გერმანია), ასევე, ამერიკის შეერთებულ შტატებს, მოლდოვას, საქართველოსა და უკრაინას შორის სამართალდამცავი კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად. საქმეს მხარს უჭერდნენ ევროპოლი, ევროპის კავშირის სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის სააგენტო, ასევე, ევროჯასტი, ევროპის კავშირის იუსტიციის ერთიანი ორგანო. ეს ოპერაცია წარმოაჩენს, თუ როგორ შეიძლება წარმატებით განხორციელდეს ოპერაციები მრავალ ქვეყანაში, მტკიცებულებების გაზიარებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების საერთაშორისო ძალისხმევის შედეგად,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

პროკურატურის ცნობით, „GozNym-ის“ ქსელი წარმოადგენდა მაგალითს ცნებისა „კიბერდანაშაული, როგორც მომსახურება,“ რაც მოიცავდა სხვადასხვა დანაშაულებრივ მომსახურებას, როგორიცაა შეუღწევადი ჰოსტინგური დომენები, უკანონოდ მოპოვებული თანხების გადამცემთა ქსელი, მავნე პროგრამების დაშიფვრა ანტივირუსების მიერ მათი დაფიქსირების გართულების მიზნით, ე.წ. „სპამერები“, პროგრამისტები, ორგანიზატორები და ტექნიკური მხარდაჭერა.

ბრალდებულები თავიანთ სპეციალიზებულ ტექნიკურ უნარებს და მომსახურებას რეკლამირებას უწევდნენ იატაქვეშა, რუსულენოვან კრიმინალურ ინტერნეტ-ფორუმებზე. „GozNym-ის“ ქსელი ჩამოყალიბდა, როდესაც „GozNym-ის“ ლიდერმა, რომელიც „GozNym-ის“ მავნე პროგრამით დაინფიცირებული 41 000-ზე მეტ კომპიუტერს აკონტროლებდა, ეს პირები ამ ინტერნეტ-ფორუმებიდან აიყვანა. „GozNym-ის“ დანაშაულებრივი ქსელის ლიდერის, ისევე, როგორც მისი თანაშემწის სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს საქართველოში, საქართველოს პროკურატურის და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ.

უწყების ინფორმაციით, მოლდოვის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურა და მოლდოვის რესპუბლიკის გენერალური პოლიციის ინსპექტორატი აწარმოებენ ქსელის იმ წევრის სისხლისსამართლებრივ დევნას, რომელმაც მავნე პროგრამა „GozNym-ი“ ისე დაშიფრა, რომ დაზარალებულთა კომპიუტერების ანტივირუსულ საშუალებებს და დამცავ პროგრამებს მისი დაფიქსირება ვერ მოეხერხებინათ.

კიდევ ერთი ბულგარელი წევრი უკვე დააკავებული ჰყავდათ ბულგარელ სამართალდამცავებს და შემდგომი სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნით, 2016 წლის დეკემბერში მოახდინეს მისი ექსტრადირება ამერიკის შეერთებულ შტატებში. დანაშაულებრივ სქემაში მას დაკისრებული ჰქონდა „ფულის მომპოვებლის“ („casher“), ან „ანგარიშის ხელში ჩაგდების სპეციალისტის“ (“account takeover specialist”) როლი - დაზარალებულთა ინტერნეტ საბანკო ანგარიშებზე წვდომის მოპოვებისა და დაზარალებულთა ფულადი თანხების მოპარვის მცდელობის მიზნით, იგი იყენებდა „GozNym-ის“ მავნე პროგრამის მიერ მოპოვებულ დაზარალებულთა ინტერნეტ-ბანკის საავტორიზაციო მონაცემებს.

პროკურატურის ინფორმაციით, ქსელის რამდენიმე წევრი ეწეოდა ფულის გათეთრების მომსახურებას და ცნობილი იყო, როგორც „გამნაღდებლები“ („cash-out“) ან „გზავნილების სპეციალისტები“ („drop masters“). ეს პირები, მათ შორის, ორი რუსეთიდან და ერთი უკრაინიდან, დანაშაულებრივ სქემაში თანამონაწილეებისთვის უზრუნველყოფდნენ მათ მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე წვდომას, რომლებიც განკუთვნილი იყო „GozNym-ის“ მსხვერპლთა ინტერნეტ-საბანკო ანგარიშებიდან მოპარული თანხების მისაღებად.

უწყების ინფორმაციითვე, რუსეთის ხუთი მოქალაქე, რომლებსაც ბრალი ხსენებული ბრალის შესახებ დადგენილებით წარედგინათ, კვლავ ემალებიან მართლმსაჯულებას. ზემოთხსენებული ორი „გზავნილების სპეციალისტის“ (“drop masters”) გარდა, ამ ბრალდებულებს შორის არის მავნე პროგრამა „GozNym-ის“ დეველოპერი, რომელიც ზედამხედველობდა მის შექმნას, პროგრამირებას, მართვას და სხვა კიბერდამნაშავეებისთვის მიქირავებას.

GozNym-ის მეოთხე რუსი წევრი ატარებდა ე.წ. „სპამინგის“ (spamming) ოპერაციებს დანაშაულებრივი სქემის სასარგებლოდ. „სპამინგის“ ოპერაციები მოიცავდა „GozNym-ის“ მავნე პროგრამის მასობრივ გავრცელებას ე.წ. „ფიშინგ“ იმეილების მეშვეობით. „ფიშინგ“ იმეილები ისე იყო შედგენილი, რომ სამიზნე ადრესატები შეცდომაში შესულიყვნენ, ნამდვილად მოჩვენებოდათ და გაეხსნათ ისინი და გადასულიყვნენ მავნე ბმულზე, ან მიმაგრებულ დოკუმენტზე, რაც უზრუნველყოფდა დაზარალებულის კომპიუტერში „GozNym-ის“ მავნე პროგრამის ჩამოტვირთვას.

პროკურატურის ცნობით, ქსელის მეხუთე, წარმოშობით რუსი წევრი იყო „ფულის მომპოვებელი“ ანუ „ანგარიშის ხელში ჩაგდების სპეციალისტი“, რომელიც [კიბერ]თავდასხმების დროს უკრაინაში ცხოვრობდა. ბულგარელი ბრალდებულის მსგავსად, ისიც იყენებდა GozNym-ის მავნე პროგრამის მიერ მოპარულ დაზარალებულთა ინტერნეტ-ბანკის საავტორიზაციო მონაცემებს, რათა მოეპოვებინა წვდომა დაზარალებულთა ინტერნეტ საბანკო ანგარიშებზე და მისი თანამზრახველების მიერ კონტროლირებად საბანკო ანგარიშებზე თანხების ელექტრონულად გადარიცხვის გზით, მოეპარა დაზარალებულთა ფულადი თანხები.

პროკურატურის ინფორმაციით, GozNym-ის დანაშაულებრივი ქსელს საიმედო ჰოსტინგურ მომსახურებას უწევდა „ავალანჩის“ (Avalanche - ზვავი) ქსელის სახელით ცნობილი შეუღწევადი ჰოსტინგური მომსახურების ადმინისტრატორი. „ავალანჩის“ ქსელი კი ჰოსტინგურ მომსახურებას უწევდა 200-ზე კიბერდამნაშავეს და ოცზე მეტ სხვადასხვა მავნე პროგრამულ კამპანიას, მათ შორის, „GozNym-საც“. შეერთებული შტატების და გერმანიის მოთხოვნით, 2016 წლის ნოემბერში, გაჩხრიკეს ადმინისტრატორის ბინა უკრაინის ქალაქ პოლტავაში, პარალელურად კი, გერმანიის ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა ოპერაცია, „ავალანჩის“ სერვერების და სხვა ინფრასტრუქტურის დაშლის მიზნით. დღეს საჯაროდ გამოცხადებული კოორდინირებული ღონისძიებების მეშვეობით, ცნობილ კიბერდამნაშავეს სასამართლოს წინაშე პასუხისგება მოუწევს GozNym-ის დანაშაულებრივი ქსელისთვის შეუღწევადი ჰოსტინგური (hosting) სერვისების გაწევაში მისი როლის გამო. სისხლისსამართლებრივ დევნას გაუძღვებიან უკრაინის გენერალური პროკურატურა და უკრაინის ეროვნული პოლიცია.

უწყების ცნობით, მთელი ოპერაცია ჩატარდა ამერიკის შეერთებული შტატების პენსილვანიის შტატის დასავლეთ რაიონის პროკურატურის და გამოძიების ფედერალური ბიუროს პიტსბურგის საველე ოფისის, ქალაქ ფერდენის (ალერი; გერმანია) პროკურატურის, საქართველოს პროკურატურის, უკრაინის გენერალური პროკურატურის, მოლდოვის რესპუბლიკის გენერალური პროკურატურის, ბულგარეთის გენერალური პროკურატურის, გერმანიის ქალაქ ლუნბურგის პოლიციის, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, უკრაინის ეროვნული პოლიციის, მოლდოვის რესპუბლიკის გენერალური პოლიციის ინსპექტორატის, ბულგარეთის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის გენერალური დირექტორატის მიერ. ევროპოლმა და ევროჯასტმა კოორდინირებული სამართალდამცავი ოპერაციის მხარდაჭერის მხრივ გადამწყვეტი როლი შეასრულეს.

იხილეთ ვიდეო: დაკავებულია ტრანსნაციონალური ჯგუფი, რომელიც 100 მილიონი დოლარის მოსაპარად GozNym-ის პროგრამას იყენებდა

ვალერი სოლოვეი - კრემლის ქმედებების მოაზროვნე გამმართლებლები, ვინც საქართველოს საქმეებში ჩახედულია, თვლიან, რომ რუსეთს აღარ შეუძლია საქართველოს  პოლიტიკაზე გავლენის მოხდენა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2019
ვახტანგ ძაბირაძე -  შემოდგომა იქნება ოპოზიციურ ფლანგზე ძალების ჩამოყალიბების პროცესი, ამიტომ არ მაქვს მოლოდინი, რომ ცხელი შემოდგომა გვექნება
პროექტ „ბათუმი რივიერასთან“ დაკავშირებით „სილქროუდ ჯგუფი“ განცხადებას ავრცელებს