თბილისის ხელოვნების ბაზრობა გაიხსნა

საგამოფენო ცენტრ "ექსპო ჯორჯიაში" თბილისის ხელოვნების ბაზრობა გაიხსნა, რომელსაც დედაქალაქის მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია დაესწრო.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს, სოფიო ხუნწარიამ ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა და თბილისის ხელოვნების ბაზრობას დედაქალაქის ერთ-ერთ მთავარი კულტურული მოვლენა უწოდა.

„უკვე მეორე წელია, თბილისის მერიის მხარდაჭერით, ტარდება თბილისის საერთაშორისო თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა. ეს ქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კულტურული ღონისძიებაა. წელს ხელოვნების ბაზრობაზე წარმოდგენილია 16 ქვეყნის გალერეა, ასევე, თანამედროვე მხატვრებსა და არტისტებს ინდივიდუალურად აქვთ წარმოდგენილი თავიანთი ნამუშევრები. ჩამოსულია, დაახლოებით, 1000-მდე სტუმარი, კურატორები და გალერეები. ეს მნიშვნელოვანი პროცესია იმისთვის, რომ ქართველ მხატვრებს საერთაშორისო ასპარეზზე გასვლის შესაძლებლობა მიეცეთ“, - განაცხადა ხუნწარიამ.

თბილისის ხელოვნების ბაზრობა, "ექსპო ჯორჯიას" ორგანიზებით, უკვე მეორედ იმართება და ის 19 მაისამდე გასტანს.

ბაზრობაში წელს 16 ქვეყნის 30-მდე გალერეა და 35-მდე ხელოვანი მონაწილეობს. მონაწილე ქვეყნებია: საქართველო, საფრანგეთი, იტალია, ბულგარეთი, სერბეთი, აზერბაიჯანი, შვეიცარია, ავსტრია, ჩინეთი, აშშ, კუბა, ბელგია, გერმანია, ესპანეთი, პორტუგალია, ლიეტუვა.

მერიის ინფორმაციით, TAF არის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა, რომელიც მეტწილად ფოკუსირებულია შავ, კასპიისა და ბალტიის ზღვების ქვეყნებზე, მათ მდიდარ სახელოვნებო სცენებზე, რომლებიც ხელოვნების ბაზრობებზე ჯერ არ წარდგენილან.

ბაზრობის გახსნის ცერემონიის პარალელურად, დღეს, სხვა ღონისძიებებიც გაიმართება.

თბილისის ხელოვნების ბაზრობის მხარდამჭერები არიან: თბილისის მერია, Check in Georgia, „თიბისი სტატუსი“ და სხვა.

ღონისძიებაზე მერის მოადგილესთან ერთად იმყოფებოდა თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი ირაკლი გვილავა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა