ნინო ბურჯანაძის სტატიას - „ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობა“-  ამერიკული და  ევროპული 4 გამოცემა აქვეყნებს

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის ნინო ბურჯანაძის სტატიას, სათაურით „ქართული სახელმწიფოებრიობის მშენებლობა“-ს ამერიკული და სხვადასხვა ევროპული გამოცემები „EUtoday.net“, „Eupoliticalreport.eu, „Euractive.com“ Intopolicydigest.org აქვეყნებენ. ინფორმაციას „დემოკრატიული მოძრაობა“ ავრცელებს.

„2020 წლის ნოემბერში, საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ეს არჩევნები ყველაზე მნიშვნელოვანი და გადამწყვეტი იქნება ჩვენი ქვეყნის სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარებისათვის. დემოკრატიული პრინციპები, ისევე როგორც ეროვნული ღირებულებები, დღეს საფრთხეშია. ჩვენი ხალხის სამართლიანმა უკმაყოფილებამ და იმედგაცრუებამ ხელისუფლებისა და მმართველობის არსებული სისტემის მიმართ ისეთ საგანგაშო ზღვარს მიაღწია, რომ მხოლოდ საარჩევნო კანონმდებლობის საფუძვლიანად შეცვლას, ძირეულ რეფორმებს და სამართლიან არჩევნებს შეუძლია ქვეყანა იხსნას მორიგი მძიმე პოლიტიკური კრიზისისგან“, - აღნიშნავს ბურჯანაძე სტატიაში.

ნინო ბურჯანაძე აღნიშნავს, რომ ბუნებრივია, ხელისუფლებისადმი მზარდი და სახიფათო ზღვრამდე მისული უნდობლობა მხოლოდ მძიმე წინაასარჩევნო გარემოს და კანონმდებლობას არ უკავშირდება.

„ჩვენი ხალხისთვის კატეგორიულად მიუღებელია ქვეყანაში ჩამოყალიბებული მანკიერი მმართველობის სისტემა, ადმინისტრაციული რესურსების უკანონო და უხეში გამოყენება, პოლიტიზირებული სასამართლო, არაეფექტური და კორუმპირებული სამთავრობო სტრუქტურები. ამ მიზეზებმა, არსებულ სტაგნაციამდე მიიყვანა ჩვენი ქვეყანა. საქართველოში არავისთვის საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ყოველივე ამის უკან მილიარდელი ბიძინა ივანიშვილი დგას, რომელიც მის მიერ დაფუძნებული პარტიის - ‘’ქართული ოცნების’’, ზოგიერთი სატელიტი პოლიტიკური ორგანიზაციის და მედიასაშუალების მეშვეობით მართავს ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. დეპოლიტიზირებული სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები კი, სამწუხაროდ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირებად დარჩა და მათი არ არსებობა ჩვენი სახელმწიფოსათვის, კვლავ უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს.

ჩვენი სამშობლო, რომელიც დღეს იმავე წრეშია მოქცეული, რომელშიც 30 წლის წინ იყო, ყველაზე აქტიურად იბრძოდა საბჭოთა კავშირისგან დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად. ზუსტად 30 წლის წინ 9 აპრილს ქვეყნის დამოუკიდებლობას უამრავი თავდადებული ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. სამწუხაროდ, კომუნისტური რეჟიმის დასრულების შემდეგ საქართველომ სამოქალაქო ომის მძიმე წლები გამოიარა. პრაქტიკულად, ცუდ ტრადიციად იქცა, რომ წლების მანძილზე, ხელისუფლებები იცვლება საპროტესტო ტალღის ფონზე და არა დემოკრატიული და მშვიდი არჩევნებით. მიუხედავად იმისა, რომ უკანასკნელი ათი წლის მანძილზე, უდაოდ შეინიშნება გარკვეული წინსვლა დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრებისკენ, არსებული ფასადის უკან იკვეთება უმძიმესი და ღრმა კრიზისი, რომელმაც შეიძლება ისევ საპროტესტო ტალღების მორევში დაგვაბრუნოს. პრობლემები გამოჩნდა 2018 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებისას, ვინაიდან აღნიშნული არჩევნები ყველამ შეაფასა, როგორც დემოკრატიის თვალსაზრისით უკან გადადგმული ნაბიჯი, რაც საგანგაშოა ჩვენი ქვეყნისთვის. თუ ამ საკითხს კარგად ჩავუღრმავდებით, ნათლად დავინახავთ თუ რამდენად მძიმე პოლიტიკური კრიზისი იკვეთება ქვეყანაში“, - წერს ნინო ბურჯანაძე.

„დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის აღნიშნავს, რომ არსებული პრობლემების გადაჭრის ერთადერთი და უმტკივნეულო გზა საარჩევნო კანონმდებლობის ძირეული ცვლილებაა.

„სწორედ საარჩევნო სისტემის ძირეულ რეფორმირებაში არის ერთადერთი გამოსავალი უკვე გამოკვეთილი უმძიმესი პოლიტიკური კრიზისიდან. ეს არის ერთადერთი გამოსავალი მთელი პოლიტიკური სპექტრისთვის - ხელისუფლებისათვის და ოპოზიციისათვის, რადგან მხოლოდ თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევნებს შეუძლია ქვეყანაში არსებული პოლიტიკური დაპირისპირებისა და პოლარიზაციის განმუხტვა. 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შეფასების ეუთოს სადამკვირვებლო მისიის დასკვნაში, საუბარია ძალადობრივ ჩარევაზე, სიძულვილის ენის მუდმივ გამოყენებაზე და აგრესიაზე დაფუძნებულ კამპანიაზე. ბუნებრივია, არავის გამორჩენია ადმინისტრაციული რესურსების უხეში და აგრესიული გამოყენება, მეორე ტურის წინ გაცხადებული ინიციატივა 600 000 ადამიანისთვის ვალის რესტრუქტრურიზაციაზე და მრავალი სხვა დარღვევა. დასკვნაში ხაზგასმულია, რომ არანაირი ზღვარი „ქართული ოცნების“ პარტიულ და სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ფაქტიურად არ არსებობდა. თუ ყოველივე ამას დავუმატებთ უხეშ და მტრულ რიტორიკას, ორივე მხრიდან აგრესიაზე და შეურაცხყოფაზე დაფუძნებულ კამპანიას, ნათელია, რომ ეს არ არის ის გარემო, რომელსაც ჩვენი ამომრჩეველი იმსახურებს!“, - აღნიშნავს ბურჯანაძე.

ნინო ბურჯანაძე წერს, რომ ზემოხსენებულ დასკვნას მოჰყვა ევროპარლამენტის 10 წევრის მიმართვა ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საკითხებში, ფედერიკა მოგერინის მიმართ, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში, ქვეყანაში, რომელსაც ევროკავშირთან ძალიან ახლო და პოზიტიური ურთიერთობა აქვს, 2018 წელს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთო/ოდირის საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში 1991 წლის შემდეგ ყველაზე კრიტიკული შეფასებაა.

„მთავარი შეშფოთების საგანი ფართოდ გავრცელებული ხმების მოსყიდვა იყო. ასევე, სავარაუდო ანგარიშსწორების შიშის გამო ამომრჩევლებმა, დიდი ალბათობით ვერ შეძლეს არჩევანის თავისუფლად გაკეთება. ამასთან, ანგარიშში საუბარი იყო საჯარო მოხელეებზე ზეწოლასა და დაშინებაზე. დღეს არსებული ოპოზიციური პარტიები, მათ შორის „დემოკრატიული მოძრაობა“ - პარტია, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, სამოქალაქო საზოგადოება და ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი ერთსულოვანია იმაში, რომ ხელისუფლების მიერ 2024 წლისთვის ‘’გადადებული’’ პროპორციული სისტემა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთის უნდა დაინერგოს. დღეს საქართველოს პარლამენტში, 77 მანდატი პროპორციული წესით ნაწილდება, ხოლო 73 ერთმანდატიანი მაჟორიტარულ ოლქებში გამარჯვებული დეპუტატების მიერ კომპლექტდება. სწორედ, მაჟორიტარული სისტემა გახლავთ უკვე წლების მანძილზე, ხელისუფლების მთავარი იარაღი, ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების და ამომრჩეველთა მოსყიდვისა და პრაქტიკულად ერთპარტიული მმართველობის განხორციელების.

აუცილებელი საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა მოგვცემს არა მხოლოდ სრულიად ახალ წინასაარჩევნო გარემოს, არამედ უზრუნველყოფს ქვეყნის მშვიდობიან პოლიტიკურ ცხოვრებას, საყოველთაო იმედგაცრუებით აღსავსე გარემოს კი მომავლის იმედით და პოზიტიური განწყობებით შეცვლის. ეს ცვლილებები არის უნიკალური შანსი, გააერთიანოს ყველა პოლიტიკური შეხედულების ადამიანები ერთ პოლიტიკურ პროცესში და გააძლიეროს ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტები. ეს ცვლილებებია იმის გარანტი, რომ მომავალში პარლამენტი პროპორციულად ასახავს ქართველი ამომრჩევლის რეალურ ნებას და ერთპარტიულ მმართველობიდან რეალურ მრავალპარტიულობაზე გადავალთ.

ვიმედოვნებ, რომ ჩვენი ევროპელი მეგობრები დაეხმარებიან ჩვენს ქვეყანას ევროპული სტანდარტის საარჩევნო კანონმდებლობის მიღწევაში. სწორედ ეს დაუბრუნებს ჩვენს ხალხს რწმენას დემოკრატიულ პრინციპებსა და ღირებულებებში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მძიმე პოლიტიკური კრიზისი გარდაუვალია და მისი შედეგები აბსოლუტურად არაპროგნოზირებადია“, - აღნიშნულია სტატიაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა