ია კერზაიას შვილი - 19 მაისს არ არის უბრალოდ არჩევნები, 19 მაისს არის პლებისციტი, რომლის დროსაც მოძალადეებს, კრიმინალებსა და ადამიანის მკვლელებს ზუგდიდმა უნდა უთხრას - არა

19 მაისს არ არის უბრალოდ არჩევნები, 19 მაისს არის პლებისციტი, რომლის დროსაც მოძალადეებს, კრიმინალებსა და ადამიანის მკვლელებს ჩვენმა ღირსეულმა ქალაქმა და რაიონმა უნდა უთხრას - არა,- ასე მიმართა ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის ყოფილი დირექტორის, ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ განმუხურში შეკრებილ მოსახლეობას, რომლებიც ამ წუთებში ზუგდიდის მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს ხვდებიან.

ბაჩანა შენგელიას განცხადებით, 6 თვეა სამართალს ეძებს მისი დედის გარდაცვალების საქმეზე, თუმცა უშედეგოდ. მისი თქმით, "ქართული ოცნების“ ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს.

"6 თვის წინ ამ ხელისუფლებამ და მისმა მაღალჩინოსნებმა გამოგვისალმეს სიცოცხლეს ჩვენთვის უსაყვარლესი ადამიანი, ყველაზე ძვირფასი, რაც შეიძლება ადამიანს ჰყავდეს, ეს არის დედა. მე ვარ შვილი, რომელიც 6 თვეა ყოველდღიურად ვიბრძვი იმისთვის, რომ დაისაჯონ ის ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს უდიდესი დანაშაული. პასუხად ვიღებ რას?! აბსოლუტურ სიმუნჯეს. ადმინისტრაციული ორგანოების, პროკურატურის, ყველა ორგანოს შეთანხმებულ მოქმედებას იმისთვის, რომ არ აღსრულდეს სამართალი. ამ ხელისუფლებამ თავისი ძალადობრივი კამპანიით, ძალმომრეობით, დაშინებით სიცოცხლეს გამოასალმა ადამიანი, რომელიც 37 წელი ემსახურებოდა ამ ქვეყანას, მან აღზრდა უამრავი თაობა. აქ, ალბათ, სხედხართ ადამიანები, რომელთა შვილები არიან იას აღზრდილები. ადამიანი, რომელიც იყო ღირსეული ზუგდიდელი. ეს არის ადამიანი, რომელიც მათ სიკვდილამდე მიიყვანეს და არაფერს არ აკეთებენ ეს კრიმინალები იმისთვის, რომ დამნაშავეები დასაჯონ. პირიქით, აკეთებენ ყველაფერს, რომ ხელი შეგვიშალონ. დაგვიხურონ სამართლის ყველა კარი ", - განაცხადა ბაჩანა შენგელიამ.

ამასთან, ბაჩანა შენგელიას თქმით, მას არ ააქვს იმედი, რომ დღევანდელი ხელისუფლება მისი დედის გარდაცვალების საქმეს გამოიძიებს.

"არასდროს, არც ერთ რაიონში და არც ერთ ქალაქში არ უნდა მოხდეს ის, რაც მოხდა. ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი ეს არის. მე ვარ ადამიანი, რომლის უდიდესი სიცოცხლის ნაწილი წაიღეს ამ ნაძირლებმა და ესენი ამ საქმეს არ გამოიძიებენ. 5 თვე ველოდებოდი ამათ და ვიცოდი, რომ არაფერს გააკეთებდნენ, მაგრამ მე, დღეს უკვე ამათგან არაფერს ველოდები. მე დღეს ვიცი, რომ ია კერზაიას საქმეს გამოიძიებს სხვა ხელისუფლება. ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ეს ყველაფერი აუცილებლად მოხდება. ის გზა, რაც იამ გაიარა, ადამიანი, რომელიც შეეწირა იდეას, თავისუფლებას და რომელიც არ შეუშინდა ამ მთავრობას, აუცილებლად იქნება სხვა, უამრავი სიცოცხლის გადამრჩენი. მე ამისთვის თქვენთან ერთად ყველაფერს გავაკეთებ. ღირსეული ხალხი, სამეგრელო ამ ხელისუფლებას აუცილებლად გავისტუმრებთ, რომლებიც არიან მოძალადეები და მკვლელები", განაცხადა შენგელიამ.