ანგელა მერკელი ევროკავშირში რაიმე თანამდებობის დაკავებას არ აპირებს

გერმანიის ფედერალურმა კანცლერმა ანგელა მერკელმა უარყო გავრცელებული ინფორმაცია, რომ მან შესაძლოა, ბრიუსელში ერთ-ერთი პოლიტიკური თანამდებობა დაიკავოს. ამის შესახებ „დოიჩე ველე“ იუწყება.

ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრთან მარკ რიუტესთან ერთად, ბერლინში გამართულ პრესკონფერენციაზე მერკელმა განაცხადა, რომ კანცლერის თანამდებობაზე ყოფნის ვადის ამოწურვის შემდეგ, არ აპირებს რაიმე პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას, მით უფრო ევროკავშირში.

გამოცემა Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში, რომელიც ევროპარლამენტის არჩევნებს ეხებოდა, მერკელმა მოსალოდნელი კენჭისყრის უდიდესი მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა.

„ბევრი წუხს ევროპის შესახებ და მათ შორის მეც... და ეს ბადებს გაძლიერებულ სწრაფვას ევროპის ბედზე ზრუნვასთან დაკავშირებით სხვებთან ერთად“, - განაცხადა მერკელმა.

რიგი მედიასაშუალებების მიერ ამ გამოთქმის ინტერპრეტირება მოხდა როგორც მინიშნება იმაზე, რომ მერკელი შესაძლოა, უახლოეს პერიოდში, ბრიუსელში სამუშაოდ გადავიდეს.

ანგელა მერკელი ფედერალური კანცლერის თანამდებობაზე 2021 წლამდე იმუშავებს.

ევროპარლამენტის არჩევნების შემდეგ, რომელიც 26 მაისს გაიმართება, რამდენიმე პოსტი ვაკანტური ხდება, მათ შორის ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს თავმჯდომარეების თანამდებობები.