კახა კალაძე - მოხარული ვარ გადაწყვეტილებით, რომ ჩვენი წარმატებული მსახიობების სახელები დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩას დაერქვას

მოხარული ვარ, რომ დედაქალაქის საკრებულოს სახელდების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენი წარმატებული მსახიობების სახელები დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩას დაერქვას, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ, კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრისას, სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ეს ინიციატივა, მომავალში აუცილებლად გაგრძელდება.

„მადლობა მინდა გითხრათ იმ საქმიანობისთვის, რასაც ეწევით ჩვენი ქვეყნის, ჩვენი კულტურის განვითარებისა და შენარჩუნებისთვის. ასევე, იმისთვის, რომ ჩვენს დიდ კულტურას გადასცემთ მომავალ თაობებს. სხვათა შორის, გუშინ ქართული კინოს 111 წლის იუბილე აღინიშნა. მოხარული ვარ, რომ დედაქალაქის საკრებულოს სახელდების კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, ჩვენი წარმატებული მსახიობების სახელები დედაქალაქის სხვადასხვა ქუჩას დაერქვას. ეს არის ძალიან კარგი ინიციატივა, რომელიც აუცილებლად გაგრძელდება. მინდა, თითოეულ თქვენგანს კიდევ ერთხელ გადავუხადო მადლობა, რომ ჩართული ხართ იმ პროექტებში, რომელსაც დედაქალაქის მერია კულტურის მიმართულებით ახორციელებს. ბატონ ლადო კახაძეს 19 მაისს ვუსურვებ გამარჯვებას. ეს არ იქნება მხოლოდ ერთი ადამიანის გამარჯვება, ეს იქნება მთლიანად მთაწმინდის რაიონის გამარჯვება. ჩვენ ყველა ერთად, ადგილობრივ თუ ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად, დედაქალაქის მერიასა და საკრებულოსთან, საქართველოს პარლამენტთან ერთად ჩვენ ვიქნებით ის ერთი ოჯახი, დიდი გუნდი, რომელიც შეძლებს ყველა იმ პრობლემის მოგვარებას, რომელიც დღეს მთაწმინდას და ზოგადად თბილისს აწუხებს. ჩვენ აუცილებლად შევძლებთ იმას, რომ ხვალინდელი თბილისი იყოს ყველაზე ლამაზი და მოწესრიგებული ქალაქი, გამართული ინფრასტრუქტურითა და მწვანე სივრცეებით. ამ პროცესში კი თითოეული თქვენგანის მონაწილეობა და როლი ძალიან მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა და გისურვებთ წარმატებას“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს