საქართველოს პრეზიდენტი ტალინში ქართველ სტუდენტებსა და დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი ტალინში ქართველ სტუდენტებსა და დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტის პრესამსახურის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტმა დიასპორასა და უცხოეთში სასწავლებლად წასულ ქართველ სტუდენტებს საქართველოს განვითარებისა და წინსვლისათვის მნიშვნელოვანი ძალა უწოდა და აღნიშნა, რომ სწორედ დიასპორაა ქვეყნის განვითარებისათვის მებრძოლი ძალა.

,,მე ყოველთვის ძალიან ბედნიერი ვარ, როცა მეძლევა საშუალება საზღვარგარეთ ვიზიტებისას გავიცნო ქართველები, როგორ ცხოვრობენ, ვინ არიან და რას საქმიანობენ. საინტერესოა, როგორ ხედავთ საქართველოსა და ესტონეთის ერთობლივ მომავალს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ გვაქვს ეს მომავალი. ესტონეთმა ჩვენამდე შეაღწია ევროკავშირში და ჩვენ ცოტა დაგვიანებით მივყვებით მას. მიმაჩნია, რომ თქვენ ამ ქვეყანაში დიდი როლი გაქვთ, რადგან ესტონეთი ჩვენი დიდი მეგობარი ქვეყანაა. თუ გვინდა, რომ მივაღწიოთ ჩვენს მიზანს, აუცილებელია, ერთობლივად გამოვიდეთ ჩვენი ქვეყნის სახედ, ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტების დასაცავად. ესტონელები, ბალტიისპირეთის სხვა ქვეყნები და პოლონელები არიან ჩვენი მეგობრები და ადვოკატები ყველგან, სადაც შეუძლიათ, მაგრამ ვერავინ გაგიწევს ისეთ მხარდაჭერას, როგორიც შეიძლება გქონდეს შენივე დიასპორიდან და შენივე სტუდენტებისგან, რადგან ეს ძალიან ბუნებრივი და აუცილებელია. ამისათვის წინასწარ მინდა მადლობა მოგახსენოთ", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრესსამსახურის ცნობითვე, ქართველმა სტუდენტებმა პრეზიდენტთან სწავლის პროცესის შემდეგ სამშობლოში საკუთარი ცოდნისა და გამოცდილების გამოყენების შესაძლებლობებსა და პრობლემებზე ისაუბრეს. სტუდენტების დაინტერესდნენ, გააჩნია თუ არა საქართველოს სახელმწიფოს განვითარების ხედვა, რა მიმართულებით იგეგმება ქვეყნის განვითარება და რა ნიშა უნდა დაიკავოს მან, როგორია საქართველოს სამომავლო, კონკრეტული ნაბიჯები ევროპული ინტეგრაციის მიმართულებით.

​როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, მომავალი წლები უნდა გამოვიყენოთ იმისათვის, რომ შევაღწიოთ ევროკავშირში.

„ჩვენი ამოცანაა დღეს მოვახდინოთ ევროკავშირის სხვადასხვა სექტორებსა და პროგრამებში პრაქტიკული გაწევრიანება. ყოველდღიურად უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ კონკრეტული შედეგი ვნახოთ. აღმოსავლეთ პარტნიორობის ბოლო 10 წლის განმავლობაში, მუდმივ პროგრესს განვიცდით და იმისათვის, რომ ეს პროგრესი შევინარჩუნოთ საჭიროა, შევინარჩუნოთ ის განცდა, რომ წინ მივდივართ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილმა სტუდენტებთან იმ საერთაშორისო კონფერენციის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც ბათუმში, ზაფხულშია დაგეგმილი და რომელიც აღმოსავლეთ პარტნიორობის 10 წლისთავს ეძღვნება.

ქართული დიასპორასა და სტუდენტებისათვის, საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, პრეზიდენტის სახელით მიღება გაიმართა.