სალომე ზურაბიშვილი - რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და დემოკრატია კვლავ ვითარდება

საქართველოსა და ესტონეთის პრეზიდენტებმა ტალინში ქართული და უცხოური მედიისათვის პრესკონფერენცია გამართეს. სალომე ზურაბიშვილმა კერსტი კალიულაიდის თბილი მიღებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ საქართველო-ესტონეთის ურთიერთობების დონე, სითბო და სიახლოვე ჩვენი ქვეყნების საერთო წარსულს ეფუძნება.

,,ამ საერთო წარსულს საერთო მომავლით მივყვებით. არამხოლოდ ვიმედოვნებ, არამედ დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივალთ იქ, სადაც თქვენ უკვე იმყოფებით და კვლავ ვიქნებით საერთო ოჯახში. როგორც თქვენ აღნიშნეთ, ჩვენ მივყვებით ამ გზას დამატებითი სირთულეებით, რასაც ჩვენი ქვეყნის ოკუპაცია და საოკუპაციო ხაზი ქმნის, იმ ზეწოლითა და აგრესიით, რასაც განვიცდით, იმ პროვოკაციით, რასაც ადგილი აქვს, თითქმის ყოველდღე",- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ამ სირთულეების მიუხედავად, დღეს სახეზეა 15 წელში მოპოვებული გამარჯვება, რათა ნაბიჯ-ნაბიჯ განაგრძოს სვლა ქვეყანამ ამბიციური მისწრაფებებისკენ - ნატოში და ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ.

„ეს ორივე ჩვენი ამბიცია საქართველოს კონსტიტუციაშია ასახული. რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის მიუხედავად, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და დემოკრატია კვლავ ვითარდება.თუ რუსეთის მიზანი იყო ბლოკირება მოეხდინა ამ გზის, ეს მიზანი არ არის მიღწეული.

ეს ჩვენი გამარჯვება და მათი დამარცხებაა. ეს ჩვენი საერთო გამარჯვებაა, ყველა იმ ქვეყანასთან ერთად, რომლებმაც მხარი დაგვიჭირეს და დღესაც გვიჭერენ.მადლობელი ვართ თქვენი, რომ არ ივიწყებთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს და ახსენებთ რუსეთს მათ მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, რაც საერთაშორისო სამართლის პრინციპებს არ შეესაბამება", - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, საქართველო მიისწრაფვის ევროკავშირისა და ნატოსკენ. აღნიშნულ ორგანიზაციებში ღია კარის პოლიტიკა გრძელდება, რაც დაადასტურა თბილისში, ნატოს გენერალურმა მდივანმა და ახლახან, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ჟან კლოდ იუნკერმა.

,,ჩვენ ვხედავთ პერსპექტივას და ვისწრაფვით ამ პერსპექტივისკენ. ჩვენ ვიცით რა შეგვიძლია და და ვაღებთ ყველა შესაძლო კარს. ჩვენ ამ გზაზე მხარს გვიჭერენ ევროპელი მეგობრები და თქვენი ქვეყანა, რომელიც საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საიმედო მეგობარია. ეს მეგობრობა გულისხმობს ყოველდღიურ თანამშრომლობას ყველა მიმართულებით.უნდა გავაგრძელოთ თანამშრომლობა ეკონომიკის, განვითარების, ასევე განათლების, ელექტრონული მმართველობისა და ტურიზმის მიმართულებით", - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

ასევე, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ევროკავშირთან საქართველოს კიდევ უფრო რეალური, ფიზიკური დაახლოება უნდა მოხდეს, შავი ზღვა კვლავ უნდა გახდეს ხალხთაშორისი კავშირის, ტრანსპორტის, სიახლოვის გზა, სადაც უსაფრთხოება გაიზრდება და თანამშრომლობა გაღრმავდება.

ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო