გიორგი ვაშაძე ირაკლი ჩიქოვანს - ტყუილი, ტყუილი და კიდევ ერთხელ ტყუილია, რომ რაიმე კვლევა არსებობს და „ოცნების“ კანდიდატი იგებს ზუგდიდში

ტყუილია, რომ რაიმე კვლევა არსებობს და მათი კანდიდატი იგებს ზუგდიდში, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ზუგდიდში "ქართული ოცნების" შტაბის ხელმძღვანელის ირაკლი ჩიქოვანის საპასუხოდ განაცხადა. ვაშაძის თქმით, სიმართლე მხოლოდ ერთია და ეს სანდრა რულოვსის გამარჯვებაა.

"ქართული ოცნების“ მიერ გაკეთებული განცხადება შეგვიძლია მარტივად შევაფასოთ - ეს არის ტყუილი, ტყუილი და კიდევ ერთხელ ტყუილი! ეს ადამიანები ისევე იტყუებიან, როგორც ხელისუფლებაში ყოფნის დროს ატყუებენ ქართულ საზოგადოებას, სწორედ ამ ტყუილების დასტურია, რომ ქვეყანა უკიდურესად მძიმე მდგომარეობაშია, ხალხი გაჭირვებულია. რაც შეეხება კონკრეტულ ფაქტებს, ტყუილია, რომ რაიმე კვლევა არსებობს და მათი კანდიდატი იგებს ზუგდიდში. ეს ისეთივე ტყუილია, როგორც მაგალითად, საპრეზიდენტო არჩევნების პირველ ტურში 53% რომ აცხადებდნენ სალომე ზურაბიშვილის გამარჯვებას და ვნახეთ, რომ მან მხოლოდ 38% აიღო, დიდი გაყალბების და მოსყიდვების შედეგად. სიმართლე არის ერთი, რომ დამაჯერებლად იგებს სანდრა რულოვსი და როგორც ჩანს, აგონიაში მყოფ ხელისუფლებას ამის მეტი არაფერი დარჩენია", -განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შგახსენებთ, რომ ზუგდიდში „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ მათ ხელთ არსებული ყველა კვლევით, „ქართული ოცნების“ კანდიდატი ზუგდიდში იმარჯვებს.

"ჩვენს ხელთ არსებული ყველა კვლევით ამომრჩეველთა მაღალი აქტივობის პირობებში ჩვენი კანდიდატი ზუგდიდში დამაჯერებლად იმარჯვებს,ზუსტად ანალოგოური ინფორმაცია აქვთ „ნაციონალურ მოძრაობას“ და „რუსთავი 2“-ს.ზუგდიდში ისეთი ვითარება გვაქვს სააკაშვილმა მეგრულადაც რომ დაიწყოს საუბარი, მაინც არაფერი არ უშველის. ამის დასტურია ისიც, რომ „რუსთავი 2“-მა არჩევნებამდე ორი დღით ადრე გამოაქვეყნა კვლევა, სადაც საუბარია 2020 წლის არჩევნების განწყობებზე და ერთი სიტყვაც არ აქვთ ნათქვამი ზუგდიდში არჩევნებთან დაკავშირებით. სწორედ ამიტომ „ნაციონალური მოძრაობა“ ემზადება არა არჩევნებისთვის, არამედ საარჩევნო პროცესის დესტრუქციისთვის. ამის ნათელი მაგალითია ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენები საოლქო კომისიაში", -განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

იხილეთ ვიდეო