“ღია საზოგადოების ფონდის“ კვლევის თანახმად,  გამოწვევად რჩება ეთნიკურ უმცირესობათა ორგანიზაციების და სათემო გაერთიანებების არასაკმარისი მზაობა, დამოუკიდებლად აწარმოონ სამოქალაქო აქტივიზმი

„ღია საზოგადოების ფონდი“ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის შესახებ კვლევის შედეგებს აქვეყნებს.

მათი კვლევის შედეგებით, უმცირესობების ჯგუფების უმრავლესობა პოლიტიკური ინკლუზიის მომხრეა. თუმცა, დაახლოებით მათი მესამედი ეთანხმება იმას, რომ პოლიტიკა ელიტების და არა „ჩვეულებრივი“ მოქალაქეების საქმეა. დეკლარირებულობის მიღმა, გამოკითხულთა მხოლოდ დაახლოებით მეოთხედი მიიჩნევს თავს პოლიტიკურად აქტიურ მოქალაქედ. დაბალი აქტივიზმის მიზეზებად სახელდება: პოლიტიკის მიმართ ინტერესის არქონა, ოჯახური დატვირთვა და ქართული ენის არასრულყოფილი ცოდნა.

„ინსტიტუციურ დონეზე მდგრადობისკენ და ეფექტურობისკენ მიმართული დადებითი ტენდენციები ვლინდება, თუმცა ეთნიკურ უმცირესობათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის გაცხადებული პრიორიტეტიზაცია საბიუჯეტო დონეზე ფინანსურ უზრუნველყოფაში არ აისახება. სამთავრობო ვალდებულების შესრულება ძირითადად საერთაშორისო მხარდაჭერაზეა დამოკიდებული. ცენტრალური ხელისუფლების დონეზე ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ყველაზე ადეკვატური და პროპორციული წარმომადგენლობა 2016 წლის მოწვევის პარლამენტში გვხვდება. ისინი 11 წევრით არიან წარმოდგენილები, რაც დეპუტატთა საერთო რაოდენობის 7.3 პროცენტს შეადგენს. მთავარ გამოწვევად რჩება ეთნიკურ უმცირესობათა ორგანიზაციების და სათემო გაერთიანებების არამდგრადობა და არასაკმარისი მზაობა, დამოუკიდებლად აწარმოონ სამოქალაქო აქტივიზმი“, - აღნიშნულია „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ორგანიზაციის კვლევის შედეგები ეხება არჩევნებს, პოლიტიკურ პარტიებს და არასამთავრობო ორგანიზაციებს.

„არჩევნების კუთხით აღსანიშნავია ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ განხორციელებული პროგრამული აქტივობები, რომლებიც მიმართულია არჩევნების შესახებ ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირებასა და არჩევნებში მათი ჩართულობის გაზრდისკენ. კვლევის მონაწილეთა 74.5%-ის თქმით, მათ მონაწილეობა მიიღეს 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში და მათმა 65.5%-მა გამოხატა მზაობა, რომ აპირებდა ხმის მიცემას 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. თუმცა, აღსანიშნავია ისიც, რომ რესპონდენტთა 91.2%-ს არასდროს მიუღია მონაწილეობა საარჩევნო კამპანიის დაგეგმვაში.

კვლევა აჩვენებს, რომ ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არ არსებობს ეთნიკურ უმცირესობათა ინტერესების გამომხატველი პოლიტიკური პარტიები და არც კვოტირების პრაქტიკა, რომელიც წაახალისებს პარტიებში ამ ჯგუფების წარმომადგენლების ყოფნას. რესპონდენტთა დაახლოებით 70%–ს ან არ გაუგია, ან უარყოფს პარტიების ეთნიკურ უმცირესობებთან თანამშრომლობას რაიმე მიმართულებით. ზოგადად, კვლევის მიხედვით ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებში პოლიტიკური პარტიებისადმი ნდობა დაბალია, რესპონდენტთა მხოლოდ 12.6% აცხადებს, რომ ენდობა პოლიტიკურ პარტიებს.

ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობის უზრუნველყოფაში მნიშვნელოვანია არასამთავრობო ორგანიზაციების როლიც, თუმცა, კვლევამ აჩვენა, რომ მხოლოდ 24.3% ენდობა მათ. რესპონდენტთა, სულ მცირე, ნახევარმა (54.8%) არ იცის ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების სამუშაო თემატიკა ან, თვით მათი არსებობაც კი თავიანთ რეგიონში/დასახლებაში“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„ღია საზოგადოების ფონდის“ ცნობით, რაც უფრო მაღალია ქართული ენის ცოდნის დონე, მით უფრო მატულობს რესპონდენტთა ინფორმირებულობაც და პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობაც.

„გენდერული ნიშნით ძირითადად მსგავსი ტენდენციები ვლინდება რესპონდენტების დამოკიდებულებებში, თუმცა მაინც არის გარკვეული სხვაობა ქმედების დონეზე. მაგალითად, უფრო მაღალია კაცების სოციალური კაპიტალი და შესაძლებლობები, რომ ჩართულები იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში.

რაც შეეხება რესპონდენტთა ასაკობრივ ჯგუფებს, სპეციფიკურობით ხასიათდებიან 18-24 და 25-34 ასაკობრივი კატეგორიების წარმომადგენლები. რიგი საკითხების მიმართ უფრო მეტად კრიტიკულები, ინფორმირებულები და დაინტერესებულები არიან, ვიდრე სხვა ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლები. ეთნიკური ჯგუფების შიგნითაც განსხვავებული ტენდენციები ჩანს. მაგალითად, აზერბაიჯანულ თემში განსაკუთრებით ვლინდება ქართული ენის არცოდნის პრობლემა, რაც შემდეგ ამ ჯგუფისთვის სხვა სირთულეებს განაპირობებს.

მნიშვნელოვანია მედიის როლი ეთნიკური უმცირესობების ინფორმირებულობის და მათი პოლიტიკურ პროცესებში ჩართვის წახალისების კუთხით. გამოკითხვის მიხედვით ვლინდება, რომ ეთნიკური უმცირესობები საქართველოში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ პრაქტიკულად ყოველი მეორე რესპონდენტი (49.7%) თითქმის ყოველდღე იღებს, 17.1% – კვირაში რამდენჯერმე, ხოლო 17.8% საერთოდ არ იღებს/არ ეცნობა სოციალურ-პოლიტიკურ სიახლეებს. საქართველოში მიმდინარე სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების შესახებ ინფორმაციას ყოველდღიურად იღებენ ის რესპონდენტები, რომელთა ქართული ენის ცოდნის დონე ყველაზე მაღალია.

მიმდინარე მოვლენების შესახებ ინფორმაციას ქართულად იღებს რესპონდენტთა 54.9%, რუსულად – 26.6%, სომხურად – 7.1%, აზერბაიჯანულად – 6.8%, თურქულად 1.8% და ოსურად 1.5% (იხ. დიაგრამა N21 ელექტრონულ ანგარიშში). ინფორმაციის მიღების სატელევიზიო არხებია რუსთავი 2 (41%), იმედი (31%), პირველი არხი (4.5%). ზოგადად, საქართველოს ჟურნალ-გაზეთები რესპონდენტებში პოპულარობით არ სარგებლობს. რესპონდენტთა 6.5% „კვირის პალიტრას“, ხოლო 1.8% „ასავალ-დასავალს“ კითხულობს“, - აღნიშნულია „ღია საზოგადოების ფონდის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო