ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით სანქციები მკაცრდება

ცივი იარაღის ტარებასთან დაკავშირებით სანქციები მკაცრდება. მთავრობამ პარლამენტს “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებები წარუდგინა, რომლის მიხედვით, ქუჩაში, ეზოში, სტადიონზე, სკვერში, პარკში, საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასამართლოში, აეროპორტში, კინოთეატრში, თეატრში, საკონცერტო დარბაზში, კაფეში, რესტორანში, ყველა სახის საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ავტოსადგურში, რკინიგზის სადგურში და სხვა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ცივი იარაღის ტარება გამოიწვევს დაჯარიმებას არა 200 ლარის, არამედ 500 ლარის ოდენობით.

ცალკე შემადგენლობად გამოიყო და უფრო მკაცრი პასუხისმგებლობა დგინდება სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცივი იარაღის ტარებისთვის - კერძოდ, სანქციად განისაზღვრა 1000 ლარის ოდენობის ჯარიმა.

ცივი იარაღის ტარებისთვის პასუხისმგებლობის გამკაცრება ხდება არა მხოლოდ ფულადი სანქციების გაზრდის კონტექსტში, არამედ პროექტის თანახმად, მისი განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ნაცვლად. მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა აღნიშნული სამართალდარღვევის მესამედ ჩადენის შემთხვევაში დგება.

გარდა ამისა, “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევეთა კოდექსს“ ახალი სამართალდარღვევები ემატება, რომლის თანახმადაც, დასჯადი ხდება სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცივი იარაღის იმპორტი ან ცივი იარაღის იმპორტი სათანადო ლიცენზიის გარეშე, აგრეთვე წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისთვის ან ნასამართლობის მქონე პირისთვის ცივი იარაღის გადაცემა.

კონკრეტულად კი, სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ცივი იარაღით ვაჭრობა ან შესაბამისი ლიცენზიის გარეშე ცივი იარაღით ვაჭრობა - გამოიწვევს ფიზიკური პირის/ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, ცივი იარაღის კონფისკაციით, ხოლო იურიდიული პირის დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით, ცივი იარაღის კონფისკაციით.

წინასწარი შეცნობით ნასამართლობის მქონე პირისთვის ცივი იარაღის გადაცემა - გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარიდან 1000 ლარამდე ოდენობით, ხოლო წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისთვის ცივი იარაღის გადაცემა - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 1500 ლარამდე ოდენობით.

“ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებებით, სათანადო ლიცენზიის გარეშე ცივი იარაღის იმპორტი - გამოიწვევს დაჯარიმებას 1000 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით, ცივი იარაღის კონფისკაციით.

საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტის ბიუროს 20 მაისის სხდომაზე წარედგინება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა