ნათია თურნავა -   დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მხარდაჭერის ფონზე,   ანაკლიის კონსორციუმი თავის ვალდებულებებს წარმატებით შეასრულებს

ანაკლიის პორტი ჩვენთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტია. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მხარდაჭერის ფონზე, კონსორციუმი თავის ვალდებულებებს წარმატებით შეასრულებს და ეს პროექტი დადგენილ ვადებში შედგება,- ამის შესახებ ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ის, რომ საქართველოს მთავრობა ამ პროექტს მიიჩნევს სტრატეგიულ პროექტად, აისახა მთელ რიგ მნიშვნელოვან დადებით გადაწყვეტილებებში და იმ მხარდაჭერაში, რაც მთავრობამ დღემდე პროექტს აღმოუჩინა. მინისტრმა აღნიშნულის შესახებ კონკრეტული მაგალითებიც მოიყვანა. „ანაკლიის პორტი არის ის პროექტი, რომელსაც მხოლოდ კომერციული მიზანშეწონილობიდან ვერ შევხედავთ. ეს არის ჩვენთვის ძალიან სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტი, რომელსაც აქვს მრავლობითი მნიშვნელობა. ეს არის ჩვენი დამოუკიდებლობის განმამტკიცებელი პროექტი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ჩვენი სატრანზიტო როლის განმტკიცებისთვის გვქონდეს შავ ზღვაზე ღრმაწყლოვანი პორტი. ის, რომ საქართველოს მთავრობა ამ პროექტს მიიჩნევს სტრატეგიულ პროექტად, აისახა მთელ რიგ მნიშვნელოვან დადებით გადაწყვეტილებებში და იმ მხარდაჭერაში, რაც ჩვენ დღემდე აღმოვუჩინეთ ამ პროექტს.

300 მილიონის ინფრასტრუქტურის აშენება იგეგმება, რაზეც სახელმწიფო სახსრები იხარჯება. 70 მილიონ ლარამდე უკვე დახარჯულია იმისთვის, რომ ვალდებულება სახელმწიფოზე რაც იყო, მათ შორის, მიწის გამოსყიდვა, შემდგარიყო და შესაბამისი მიწები გადასცემოდა კონსორციუმს. 100 მილიონი დოლარის ვალდებულება აქვს მთავრობას და საპარტნორო ფონდს აღებული, რომ ეს იქნება ე.წ. სუბორდინირებული სესხი და ეს იქნება ჩვენი თანადაფინანსება, როცა კერძო ინვესტორი და კონსორციუმი თავის წილ ვალდებულებას შეასრულებს და თავის წილ დაფინანსებას მოიზიდავს. ისიც კი, რომ ამ პროექტში საერთაშორისო ბანკებია ჩართული და ჩვენ მათთან მოლაპარაკება გვაქვს, ესეც საქართველოს მთავრობის ჩართულობით მოხდა. ჩვენი მხრიდან მაქსიმალური ძალისხმევა იქნა გაწეული იმისთვის, რომ ეს პროექტი შედგეს. რასაკვირველია, ეს პროექტი ხორციელდება არა როგორც კერძო პროექტი, ეს არ არის სახელმწიფო პორტი, ეს არის კერძო, საჯარო პარტნიორობით შექმნილი პორტი. ახლა ჩვენ ველოდებით, რომ კერძო კომპონენტი დაგვეწევა. დიდი იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მხარდაჭრის ფონზე კონსორციუმი თავის ვალდებულებებს წარმატებით შეასრულებს და ეს პროექტი დადგენილ ვადებში შედგება“,- განაცხადა თურნავამ.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა