დავით ზალკალიანი - ევროპის საბჭო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხების აქტუალურობის შენარჩუნებაში

2019 წელს ევროპის საბჭო 70 წლის იუბილეს აღნიშნავს. ეს უნიკალური სისტემა პატარა ქვეყნებს დიდ ქვეყნებთან ათანაბრებს და ევროპის მოქალაქეებს თავიანთი ფუნდამენტური უფლებების დაცვის თანაბარ შესაძლებლობებს სთავაზობს, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1129-ე სხდომაზე განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, მინისტრმა დავით ზალკალიანმა სიტყვით გამოსვლისას საქართველოში განხორციელებულ რეფორმებზე ისაუბრა. მისი თქმით, ორი ათწლეულის განმავლობაში, საქართველომ ძირეული ტრანსფორმაცია განიცადა და აღმავალი გზით მიმავალ ქვეყნად ჩამოყალიბდა, თუმცა ის ჯერ კიდევ საფრთხეების წინაშე დგას.

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, 20 წლის წინ საქართველომ ევროპის საბჭოში გაწევრიანებით, პროგრესის გზა აირჩია და დაამტკიცა, რომ დემოკრატიული განვითარების სურვილს წინ ვერაფერი აღუდგება.

საგარეო უწყების ხელძღვანელი, სიტყვით გამოსვლისას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობასაც შეეხო.

„რუსეთი, საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების უხეში დარღვევით, კვლავ განაგრძობს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფასა და ოკუპირებული ტერიტორიების მილიტარიზაციას. ოკუპირებულ რეგიონებში ყოველდღიურად ირღვევა მშვიდობიანი მოქალაქეების, მათ შორის ქალების, ბავშვებისა და ხანდაზმულების ფუნდამენტური უფლებები. სიცოცხლისა და თავისუფლების უფლებამ ყოველგვარი ღირებულება დაკარგა და დაუსჯელობის სინდრომმა ფესვი მყარად გაიდგა.

გასული წლის მინისტერიალზე საქართველომ ქართველი იძულებით გადაადგილებული პირების, არჩილ ტატუნაშვილის, დავით ბაშარულისა და გიგა ოთხოზორიას სასტიკ მკვლელობათა საკითხი დააყენა, მაგრამ ამ ტრაგიკულ სიას ბოლო არ უჩანს! მას ახლახან საქართველოს მოქალაქე - ირაკლი კვარაცხელია დაემატა, რომელიც აფხაზეთის რეგიონში უკანონოდ მოქმედ რუსულ ბაზაზე გაურკვეველ ვითარებაში დაიღუპა.

ერთიან საერთაშორისო ძალისხმევას, ამ ურთულესი გამოწვევების ფონზე, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. აღნიშნულ კონტექსტში, ევროპის საბჭო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხების აქტუალურობის შენარჩუნების თვალსაზრისით,” - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მხარდაჭერისა და „საქართველოში კონფლიქტის შესახებ“ გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების მიღებისთვის. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა საქართველოში კონფლიქტის შესახებ ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ რამდენიმე დღის წინ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობა.

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
კავკასიის ავტომარკეტი - ავტომობილის ყიდვის ახლებური გამოცდილება
ქართული ღვინის წარმატება იაპონიაში - TSV Estate Winery-მ განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა
ახალი „ბაკურიანი“ ხილის გემოთი - ნატურალური მინერალური წყალი, ბაკურიანის მთებიდან, ნაკლები შაქრით