საქართველოში „ეროვნული სამოსის დღე“ აღინიშნება

დღეს თბილისსა და 30-ზე მეტ ქალაქში კოსტიუმირებული დღესასწაული „ეროვნული სამოსის დღე“ აღინიშნება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ ღონისძიების ორგანიზატორებმა აცნობეს, „ეროვნული სამოსის დღე“ ოთხი წელია მთელი საქართველოს მასშტაბით იმართება.

ორგანიზატორთა ცნობით, დღის განმავლობში მთელს საქართველოში დაგეგმილია კარნავალის ტიპის კოსტიუმირებული აღლუმები, საინტერესო გამოფენები, პერფორმანსები, კონცერტები და სხვადასხვა ტიპის ღონისძიება, რომელიც დაკავშირებულია საქართველოს ისტორიულ-კულტურულ მემკვიდრეობასთან.

„ამ დღეს საქართველოს მოქალაქეები და ტურისტები დედაქალაქსა და რეგიონებში ქვეყნის ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის უკეთ გაცნობას შეძლებენ.

15:00 საათზე თბილისის ყველა მეტროსთან სხვადასხვა კუთხის ქართულ სამოსში გამოწყობილი ქორეოგრაფიული ანსამბლები შეიკრიბებიან და ფლეშმობებს მოაწყობენ. პერფორმანსების დასრულებისთანავე, დედაქალაქის ყველა რაიონიდან, ნაციონალურ კოსტიუმში გამოწყობილი 600-მდე მოცეკვავე მუნიციპალური ტრანსპორტით, რიყის პარკისკენ გაემართება.

17:00 საათზე ღონისძიების მონაწილეები ავალაბრის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბებიან და კარნავალის ტიპის კოსტიუმირებული მსვლელობით რიყისკენ, ევროპის მოედნისკენ გაემართებიან, სადაც მასშტაბური ფლეშმობი მოეწყობა.

19:00 საათზე ფლეშმობის დასრულების შემდეგ, სცენის წინ გაშლილ წითელ ხალიჩაზე სხვადასხვა კუთხის ნაციონალური კოსტიუმების წარდგენა მოეწყობა.

ჩვენებაში მონაწილეობას ნებისმიერი მოქალაქე შეძლებს, რომელიც სამოსის დღეზე ევროპის მოედანზე ნებისმიერი ქვეყნის ეროვნულ სამოში გამოწყობილი მივა. დღის ბოლოს 20:00 საათზე, ღონისძიებები ბენდ „ჩვენებურების“ კონცერტით დასრულდება,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო