რიკოთის საუღელტეხილო გზის ორ მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაო დაიწყო

რეგიონში უპრეცენდენტო ინფრასტრუქტურული პროექტის - რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა დაიწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს. მათივე ცნობით, საინჟინრო თვალსაზრისით, ეს პროექტი ევროპაში ერთ-ერთი ურთულესია, ამიერკავკასიაში კი მსგავსი მასშტაბის პროექტი ჯერ არ განხორციელებულა.

მიმდინარე სამუშაოებს საქართველოს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, მინისტრის პირველი მოადგილე, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე ირაკლი ქარსელაძე და დეპარტამენტის წარმომადგენლები გაეცნენ.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მაია ცქიტიშვილის განცხადებით, პროექტი საგზაო ქსელის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

„ადგილობრივი მოსახლეობის გარკვეული რაოდენობა უკვე დასაქმებულია და დამატებით მუშა-ხელის დასაქმებასთან დაკავშირებით გვაქვს კონკრეტული გეგმები. რაც შეეხება პროექტს, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით,“ - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისთვის სამუშაოები უკვე დაწყებულია რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისასა 12.2 კმ-იან და უბისა-შორაპანის 13 კმ-იან მონაკვეთებზე. კერძოდ, მიმდინარეობს სამშენებლო მოედნის გასუფთავება, ნაყოფიერი ფენის მოხსნა, ბანაკებისა და ქარხნების მოწყობა.

უახლოეს მომავალში გამარჯვებული გამოვლინდება და სამშენებლო სამუშაოები დაიწყება ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე, ხოლო შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე მიმდინარე წელს გამოცხადდება ტენდერი სამუშაოების დასაწყებად.

ხევი-უბისას მონაკვეთის (II სექცია) მშენებლობას აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და პროექტის ღირებულება 732 მლნ ლარზე მეტია, ხოლო უბისა-შორაპანის მონაკვეთზე სამშენებლო სამუშაოებს ევროპის საინვესტიციო ბანკი (EIB) აფინანსებს და პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 902 მლნ ლარამდეა.

უწყების ცნობითვე, რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. საერთო ჯამში რიკოთის საუღელტეხილო გზის შენებლობის დასრულება დაგეგმილია 2022 წლისთვის.

„ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა აუცილებელ სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას, უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც საბოლოო ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს. თუ დღეს წითელი ხიდიდან სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება 8 საათი, სამომავლოდ ამ გზის გავლა 4-4.5 საათში იქნება შესაძლებელი.

აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის ბოლომდე აშენება და გამართული ფუნქციონირება უმნიშვნელოვანესია მიმზიდევლი სატრანსპორტო დერეფნის ჩამოსაყალიბებლად. ასევე, მზარდი ტურისტული ნაკადის პირობებში, განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება უსაფრთხო და კომფორტული საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობას,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

პროექტის გენერალური მენეჯერის განცხადებით, ტექნიკის ნაწილი უკვე მობილიზებული, ნაწილი კი ტრანსპორტირების პროცესშია.

„კონტრაქტს ხელი მოეწერა გასული წლის ბოლოს. უკვე ჩამოვიყვანეთ დაახლოებით 70 თანამშრომელი და მობილიზებულია 100 ერთეული სამშენებლო ტექნიკა. ტექნიკის ნაწილი ტრანსპორტირების პროცესშია. სრულად ვაცნობიერებთ პროექტის მნიშვნელობას საქართველოსთვის და დიდი პატივია, რომ ამ სამუშაოებს ჩვენ ვასრულებთ. ვიმედოვნებთ, რომ პროექტი წარმატებული იქნება და ქვეყნის განვითარებას შეუწყობს ხელს,” - აღნიშნა პროექტის გენერალურმა მენეჯერმა ვინსენტ მამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო