მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისსა და რეგიონებში ღონისძიებები იმართება

მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისსა და რეგიონებში ღონისძიებები იმართება. ამის შესახებ ინფორმაციას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დღეს ხელოვნების სასახლეს ეწვევა და აქციის „მოდი ღამე მუზეუმში“ ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებებს დაესწრება.

ხელოვნების სასახლის წითელ ხალიჩაზე ქართველი დრამერები დასარტყამი და სასულე საკრავების შოუს წარმოადგენენ. პროექტის ფარგლებში „დიდი მხატვრების შედევრები“, პალიტრა მედიასა და ხელოვნების სასახლის ორგანიზებით, მუზეუმის „უკვდავთა ბაღში“ იტალიელი მხატვრის - ამადეო მოდილიანისადმი მიძღვნილი მხატვრული ფილმის დიდ ეკრანზე ჩვენება მოეწყობა. საღამო საზეიმო ფოიერვერკით დასრულდება.

21:30 საათზე, მიხეილ ბატიაშვილი სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმს (მის. რუსთაველის 3) ესტუმრება, სადაც აქციის „ღამე მუზეუმში“ ფარგლებში მუზეუმის ფოიეში შემეცნებითი თამაშები და აქტივობები, მუსიკალური ნომრები და კოსტიუმირებული პერფორმანსი გაიმართება.

მუზეუმების საერთაშორისო დღე - 18 მაისი მსოფლიო მასშტაბით აღინიშნება. სამინისტროს ინფორმაციით, ამ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს მუზეუმებში ღია კარის დღე გამოცხადდება, სადაც ვიზიტორებისთვის შესვლა უფასო იქნება. მთელი კვირის განმავლობაში მრავალფეროვანი ღონისძიებები - გამოფენები, საგანმანათლებლო პროგრამები და კულტურული აქციები გაიმართება. ამავე დღეს, 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო დღის ფარგლებში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივითა და მხარდაჭერით, საქართველოს თითქმის ყველა მუზეუმში აქცია „ღამე მუზეუმში“ ჩატარდება. წელსაც, დამთვალიერებლებისთვის მუზეუმები ღამის 1 საათამდე ღია იქნება - ვიზიტორები თავად გახდებიან იმ კულტურული ღონისძიებების მონაწილენი, რომლებიც აქციის ფარგლებში ჩატარდება.

წელს, აქციას „ღამე მუზეუმში“ კერძო მუზეუმებიც შეურთდნენ. სულ, ქვეყნის მასშტაბით მონაწილეობს 114 მუზეუმი, დაგეგმილია 500-მდე ღონისძიება.

დაგეგმილი ღონისძიებების კალენდრის ნახვა შესაძლებელია: თბილისი - http://bit.ly/30pOBxO

რეგიონები - http://bit.ly/2WdCm8A

მუზეუმების საერთაშორისო დღე დაფუძნდა 1977 წლის 18 მაისს, მუზეუმების საერთაშორისო საბჭოს მიერ (ICOM) და ამ თარიღს საერთაშორისო სამუზეუმო საზოგადოება უკვე 40 წელზე მეტია აღნიშნავს. მუზეუმების საერთაშორისო საბჭო (ICOM) მუზეუმის პროფესიონალთა უნიკალური ქსელია, სადაც 35,000 -ზე მეტი ინდივიდუალური წევრი, 20 000 მუზეუმი, 172 ადგილობრივი და საერთაშორისო კომიტეტია გაერთიანებული. სწორედ, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, სხვადასხვა ქვეყნის მუზეუმები ყოველწლიურად გეგმავენ კრეატიულ ღონისძიებებს და აქტივობებს, რომლებიც უკავშირდება მუზეუმის საერთაშორისო დღის თემას. ინიციატივა გულისხმობს ფართო პუბლიკის ჩართულობას. 2019 წელს მუზეუმის საერთაშორისო დღის თემაა: „მუზეუმები, როგორც კულტურული ჰაბები: ტრადიციის მომავალი“.

უწყების ცნობით, აქცია „ღამე მუზეუმში“ - 2005 წლიდან ევროსაბჭოს პატრონაჟით, ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში ყოველწლიურად ტარდება. აქციამ, შემდგომ წლებში ფართო მასშტაბი მიიღო და გავრცელდა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 2011 წელს აქციას საქართველოც შეუერთდა, თუმცა, მან ვერ მიიღო ტრადიციული სახე. ტრადიციად „ღამე მუზეუმში“ მხოლოდ 2015 წელს, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით დამკვიდრდა. აქციის მთავარი მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და მუზეუმების, მასში დაცული კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშების ხელმისაწვდომობა.

„2017 წლის 27 მაისს, აქცია „ღამე მუზეუმში“ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 80-მდე (60 000 ვიზიტორი), 2018 წლის 21 მაისს - 101 მუზეუმში. გასულ წელს მხოლოდ ერთ ღამეში მუზეუმებს ვიზიტორთა უპრეცედენტო რაოდენობა - 103 000-მეტი დამთვალიერებელი ესტუმრა. სოციალური მედიისა და ტელევიზიების საშუალებით ღონისძიებები აქტიურად გაშუქდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი მუზეუმის, როგორც აქტიური საგანმანათლებლო-კულტურული ინსტიტუციის პოპულარიზაციას.“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო