ზუგდიდში, N9-ე საარჩევნო უბანზე მომხდარი ინციდენტის შესახებ ზუგდიდის პოლიციის უფროსმა ირაკლი ფაცაციამ კომენტარი გააკეთა.
მისი თქმით, შეისწავლის მომხდარ ფაქტს და თუ რაიმე კანონდარღვევა გამოვლინდება, ამაზე აუცილებლად დაიწყება გამოძიება.
"მე ახლა მოვედი აქ. ვეცნობი სიტუაციას. თუ რაიმე სახის კანონდარღვევა გამოვლინდება, აუცილებლად მოხდება რეაგირება და დაიწყება გამოძიება", - განაცხადა ირაკლი ფაცაციამ.
მეორე მხრივ, ჟურნალისტი, რომელსაც ერთ-ერთმა პირმა ფეხი ჩაარტყა, ამ წუთებში პოლიციის შენობაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს.
გიორგი რურუას ადვოკატის თქმით, ის ჯერ არ იცნობს საქმის მასალებს, მაგრამ აუცილებლად წარადგენს შესაბამის უწყებაში ფიზიკური დაპირისპირების დამადასტურებელ ვიდეომასალას.
ზუგდიდში, N9 საარჩევნო უბანზე ხმაური და დაპირისპირება იყო. სიტუაციის დაძაბვა იმ გარემოებას მოჰყვა, რომ სავარაუდოდ, ერთ-ერთ პირს საარჩევნო სიები ჰქონდა. აღნიშნულის გამო გაერთიანებული ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. ინციდენტისას ერთ-ერთმა პირმა, ერთ-ერთ ჟურნალისტს, გიორგი რურუას ფეხი ჩაარტყა, რის შემდეგაც ის სამართალდამცავებმა ტერიტორიიდან გაიყვანეს.