თამარ ჩუგოშვილი მხარდამჭერებს - არჩევნების პირველივე ტურში დამთავრება იქნება პასუხი ოპონენტების დესტრუქციულ ქმედებებზე

„ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს მოგმართავთ, დააფიქსიროთ არჩევანი - არჩევნების პირველივე ტურში დამთავრება იქნება პასუხი ოპონენტების დესტრუქციულ ქმედებებზე, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

მან ისაუბრა შუალედური არჩევნების შესახებ და აღნიშნა, რომ პროცესი თითოეულ უბანში მშვიდად უნდა წარიმართოს.

„ცალკეულ ადგილებზე შეინიშნება დაძაბულობის ნიშნები, ძირითადად საარჩევნო უბნების გარეთ, თუმცა სამართალდამცავი უწყებები მოწოდების სიმაღლეზე არიან და ნებისმიერ უკანონო ქმედებას მყისიერი და უმკაცრესი რეაგირება მოჰყვება. მინდა, მოგმართოთ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებს, თითოეულ თქვენგანს მაქსიმალური მხარდაჭერისკენ მოვუწოდებთ. უმნიშვნელოვანესია, დღეს ყველა მივიდეთ საარჩევნო უბნებზე და დავაფიქსიროთ ჩვენი არჩევანი, რადგან არის ძალიან დიდი შესაძლებლობა და რესურსი იმისა, რომ ეს არჩევნები პირველივე ტურში დამთავრდეს. ვფიქრობთ, სწორედ ეს უნდა იყოს პასუხი იმ დესტრუქციულ ქმედებებზე, რომელსაც ადგილი აქვს ჩვენი ოპონენტებისგან ბოლო დღეების განმავლობაში. მივმართავთ „ქართული ოცნების“ აქტივსაც, მოგიწოდებთ, იმუშაოთ მშვიდად, გეგმაზომიერად და ოპონენტების შესაძლო აგრესიას კანონისმიერი მეთოდებით უპასუხოთ. ნებისმიერი კანონდარღვევის შემთხვევაში შეადგინეთ შესაბამისი საჩივარი ან დააფიქსირეთ შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში და არავის მისცეთ საშუალება, დისონანსი შეიტანოს საარჩევნო პროცესში“, - აღნიშნა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა.

მანვე მიმართა სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, განსაკუთრებული ყურადღება ზუგდიდის უბანზე გაამახვილონ.

„კიდევ ერთხელ მივმართავ სადამკვირვებელო ორგანიზაციებს, როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს - თქვენი როლი და მონაწილეობა ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია. ბოლო დღეების განმავლობაში ვაკვირდებოდით ვითარების დაძაბვის მცდელობებს, განსაკუთრებით, ზუგდიდის საარჩევნო ოლქში. ამის შესახებ მუდმივად ვაწვდიდით ინფორმაციას სადამკვირვებლო ორგანიზაციებს და ვატყობინებდით მოსალოდნელი პროვოკაციების შესახებ, რომელსაც ჰქონდა ადგილი ან შეიძლებოდა, ადგილი ჰქონოდა კენჭისყრის დღეს. კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ მათ, ზუგდიდის საარჩევნო ოლქზე გაამახვილონ ყურადღება. დარწმუნებულები ვართ, მოქალაქეები სწორ არჩევანს გააკეთებენ და დღის ბოლოს ყველა ერთად ვიზეიმებთ გამარჯვებას“, - განაცხადა ჩუგოშვილმა.