მამუკა მდინარაძე ოპონენტებს - რეალური დარღვევა ვერ იპოვეს და მიმართეს მეთოდს, საზოგადოება მოატყუონ, თითქოს სიებთან დაკავშირებით პრობლემას აქვს ადგილი

რეალური დარღვევა ვერ იპოვეს და მათ მიმართეს მეთოდს, რომ საზოგადოება მოატყუონ, თითქოს საარჩევნო სიებთან დაკავშირებით პრობლემას აქვს ადგილი, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მდინარაძის თქმით, აგიტატორები სიებთან დაკავშირებით უკანონოს არაფერს აკეთებენ.

„მთელი დღის განმავლობაში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლების, ეს მედიასაშუალება იქნება თუ სხვა წარმომადგენლების მხრიდან, მიზანმიმართულ პროვოკაციულ მოქმედებებს აქვს ადგილი. მათ ვერ ნახეს მოსყიდვის რეალური ფაქტი და ჯილდოც კი დააწესეს, რომ ვიღაცას მეორე ადამიანისთვის ან ორგანიზაციისთვის მოსყიდვა დაებრალებინა. თქვენ ნახეთ, რომ რეალური დარღვევა ვერ იპოვეს და მათ მიმართეს მეთოდს, რომ საზოგადოება მოატყუონ, თითქოს საარჩევნო სიებთან დაკავშირებით პრობლემას აქვს ადგილი. არანაირი დარღვევა აქ არ არის, პირიქით, ყველა საარჩევნო სუბიექტს, საარჩევნო კოდექსის 31-ე მუხლის მე-7 და მე-7 პრიმა მუხლების საფუძველზე უფლება აქვს, რომ გამოითხოვოს ელექტრონული ვერსია და ისარგებლოს ამ ვერსიით. ეს არის ჩვეულებრივი სიები“, - განაცხადა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ ილუსტრირებისთვის ჟურნალისტების სიებიც აჩვენა და აღნიშნა, რომ სიებში პირადი ინფორმაცია არ არის დატანილი. მდინარაძემ ჟურნალისტებს მოუწოდა, რომ მაქსიმალურად გაავრცელონ აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია.

მდინარაძემ მოსახლეობას აქტიურობისკენაც მოუწოდა. მდინარაძის თქმით, მაღალი აქტიურობა პირველივე ტურში გამარჯვების საწინდარია. მდინარაძე დარწმუნებულია, რომ დღეს საღამოს „ქართული ოცნება“ გამარჯვებას იზეიმებს.