ნინია ცისკარიშვილი - რატომ აქამდე არ დადო თალაკვაძემ თუ რამე ჰქონდა? - არ გამოვრიცხავ, რომ ჩანაწერი იყოს მონტაჟი

რატომ აქამდე არ დადო თალაკვაძემ თუ რამე ჰქონდა? არჩევნებს ელოდებოდა რომ დაიძაბა სიტუაცია და ცემა-ტყეპა, სუს-ი რომ არის და გაყალბება მიმდინარეობს?!- ასე პასუხობს „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი ნინია ცისკარიშვილი პარლამენტის უმრავლესობის ლიდერის არჩილ თალაკვაძის მიერ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმად, არსებობს ჩანაწერი, სადაც ნინია ცისკარიშვილი კიდევ ერთ პირთან ერთად სამეგრელოსა და აჭარაში სიტუაციის „ადუღებით“ იმუქრებიან.

როგორც ცისკარიშვილმა მედიის წარმომადგენლებს გაერთიანებული ოპოზიციის შტაბთან, ზუგდიდში განუცხადა, მსგავსი საუბარი არ ჰქონია და არც პარტიის თათბირებს დასწრებია. ცისკარიშვილმა ასევე არ გამორიცხა, რომ გავრცელებული აუდიოჩანაწერი მონტაჟი იყოს.

„ეს არის აბსურდი. სალომე ჭალიძეს თუ ჭელიძეს რამდენჯერმე ვარ შეხვედრილი, არც კი ვიცნობ. ამიტომ ასეთი საუბარი მასთან ვერ მექნებოდა. ეს არის აბსურდი. რამდენიმე დღეა, რაც ზუგდიდიში ვიმყოფები, ვაკვირდები უბნებს, რამდენიმე ადგილზე აღმოვაჩინე ძალიან ბევრი დარღვევა, სადაც იყო სამაგიდო სიების გადაცემა წინასაარჩევნოდ უბნებზე. ეს უბნები იყო უპატრონოდ, არც თავმჯდომარე, არც მისი მოადგილე, არც მდივანი არ ყოფილა, უპატრონოდ ეყარა ბეჭდები და აქედან გამომდინარე, ყელში ვყავარ ეტყობა გაჩხერილი დღევანდელ ხელისუფლებას, ისინი აპირებენ როგორც ჩანს არჩევნების გაყალბებას.

ბატონ თალაკვაძეს მინდა მივმართო, იქნებ დაწყნარდეს, დამშვიდდეს და ასეთი ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან თავი შეიკავოს.

არანაირ თათბირზე არ ვყოფილვარ. მე ვარ ჟურნალისტი და ჩემი პროფესიით ვეწევი ჟურნალისტურ მოღვაწეობას. არც იმას გამოვრიცხავ, რომ ეს იყოს მონტაჟი. რატომ აქამდე არ დადო თალაკვაძემ თუ რამე ჰქონდა?“, - განაცხადა ნინია ცისკარიშვილმა.

ცნობისთვის, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ზუგდიდის საარჩევნო შტაბში ბრიფინგზე განაცხდა, რომ არსებობს აუდიოჩანაწერი, სადაც მიხეილ სააკაშვილის და სანდრა რულოვსის უახლოესი გარემოცვის წევრები ნინია ცისკარიშვილი და სალომე ჭელიძე საუბრობენ, როგორც უნდა „აადუღონ“ სამეგრელო და აჭარა. მისივე თქმით, აუდიოჩანაწერი სამართალდამცავ ორგანოებს გამოძიებისთვის გადაეცათ.