ცესკოში ზუგდიდის 86-ე საარჩევნო უბნიდან „რუსთავი2“ - ის ჟურნალისტის გამოძევებასთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ზუგდიდის 86-ე საარჩევნო უბნიდან ტელეკომპანია „რუსთავი2“ - ის ჟურნალისტის გამოძევებასთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა.

როგორც ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, ჟურნალისტი საარჩევნო კანონმდებლობის დარღვევით, ცდილობდა კომენტარები ჩაეწერა საარჩევნო უბანზე, რაც აკრძალულია. ჟვანიას თქმით, შეუძლებელია, ამ პირობებში საარჩევნო ადმინისტრაციამ დათვალოს ხმები, როდესაც მის საქმიანობაში ასეთი ტიპის ჩარევა ხდება.

„მსურს მივმართო ყველას - შეუძლებელია, ამ პირობებში საარჩევნო ადმინისტრაციამ დათვალოს ხმები, როდესაც მის საქმიანობაში ასეთი ტიპის ჩარევა ხდება. ფოტო-ვიდეო გადაღებას საარჩევნო უბანზე კენჭისყრის დღეს აქვს თავისი კანონდებლობით დადგენილი წესი. დაუშვებელია, ინტერვიუსა და კომენტარების აღება/გაკეთება კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბანში და ამას ჟურნალისტი არ უნდა ახორციელებდეს. ნებისმიერ პირს, ცხადია, მიეცემა კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, უბნის გარეთ განახორციელოს ეს ქმედება.

ერთი მხრივ, სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ ჟურნალისტის მცდელობა აეღო ინტერვიუ, მეორე მხრივ - ეს უკვე გადადიოდა ხმის დათვლის პროცესის ხელშეშლის მცდელობაში,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ.

მისი განმარტებით, რომელიმე პირის მიერ უბნის დატოვების შესახებ გადაწყვეტილებას საუბნო საარჩევნო კომისია იღებს. მისივე თქმით, ვინაიდან „რუსთავი2“-ის ჟურნალისტი საკუთარი ქმედებით ხელს უშლიდა ხმის დათვლის პროცესს, კომისიამ მას უბანი დაატოვებინა.

„რაც შეეხება უბნის დატოვების ფაქტს, კომისია თავად იღებს გადაწყვეტილებას იმ პირის მიმართ, ვინც უბანს მუშაობაში ხელს უშლის, რომ დაატოვებინოს კენჭისყრის შენობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ საჯაროდ ვიხილეთ, რომ ჟურნალისტმა ნებსით თუ უნებლიეთ, კენჭისყრის შენობაში საკუთარი ქმედებით კანონით განსაზღვრულ უფლებამოსილებას გადააჭარბა და დაარღვია კანონი. ამავდროულად, ხელი ეშლებოდა ხმის დათვლის პროცესს.

ეს ეხებოდა ზუგდიდის 86-ე საარჩევნო უბანს, თუმცა მე ყველა საუბნო საარჩევნო კომისიას ვთხოვ, ხელი შეუწყონ, რომ პროცესში ჩართულმა ყველა მხარემ, კანონის ფარგლებში, თავისუფლად შეძლოს ხმის დათვლის პროცესის დაკვირვება, თუმცა უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევაში, არსებობს კანონით განსაზღვრული ზომები. ამავდროულად, მედიის წარმომადგენლებს, დამკვირვებლებს, საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს - ყველას ვთხოვ, ნუ გასცდებიან საკუთარ უფლებამოსილებას და აცალონ კომისიას, ზუსტად ასახონ ამომრჩევლის ნება,“ - განაცხადა თამარ ჟვანიამ.