„ლანჩხუთის გურიის“ პრეზიდენტი - სპორტული კუთხით არასახარბიელო მდგომარეობა გვქონდა, თუმცა, არ მგონია, რომ ფეხბურთელები თამაშებს სპეციალურად აგებდნენ

სპორტული კუთხით არასახარბიელო მდგომარეობა გვქონდა და ეს არავის მოსწონდა. თუმცა, არ მგონია, რომ ამას ვინმე სპეციალურად აკეთებდა, - ასე გამოეხმაურა მატჩების ჩაწყობის ფაქტზე ფეხბურთელების დაკავებას „ლანჩხუთის გურიის“ პრეზიდენტი, კახა ებრალიძე.

როგორც ის „ინტერპრესნიუსთან“ საუბარში აცხადებს, „ლანჩხუთის გურიის“ მეკარე რატი იმერლიშვილი სახლში დააკავეს. ფეხბურთელ ირაკლი ბაჯელიძეს კი ეძებდნენ. ებრალიძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში გუნდი არასახარბიელო მდგომარეობაში იმყოფებოდა, რის გამოც, კრიზისიდან გამოსვლის მიზნით, ახალი მწრთვნელი აიყვანეს.

“ბაზაზე ეძებდნენ ირაკლი ბაჯელიძეს და სახლიდან მეკარე რატი იმერლიშვილი აიყვანეს. სხვა ინფორმაციას არ ვფლობ. იმერლიშვილი ერთი წელია, რაც ჩვენთან თამაშობს, ადგილობრივი ფეხბურთელია, ბაჯელიძე ოზურგეთელია და დაახლოებით, წელიწადნახევარია კლუბში ირიცხება.

რა თქმა უნდა, მათი დაკავება მოულოდნელი იყო, არასასიამოვნო ფაქტია, ადამიანის დაკავების შესახებ ინფორმაცია საიდან უნდა მქონოდა. არასახარბიელო შედეგები გვქონდა და ეს არავის მოსწონდა. ახლა მწრთვნელი შევცვალეთ, ახალი მოვიყვანეთ და ამ საქმეზე ვიმყოფებოდი თბილისში, ახლა მივდივარ გურიაში.

სატურნირო მდგომარეობა ცუდი გვქონდა, მივმარეთეთ ცვლილებებს, ახალი მწრთვნელი, გელა სანაია მოვიყვანეთ, რომელიც კვალიფიციურია და გუნდის კრიზისული სიტუაციებიდან გამოყვანის გამოცდილება აქვს. სპორტული კუთხით არასახარბიელო მდგომარეობა იყო. არ მგონია, რომ ამას ვინმე სპეციალურად აკეთებდა. დაველოდოთ გამოძიებას“, - განაცხადა ებრალიძემ.

სუს-ის ინფორმაციით, ორგანიზებული ჯგუფის წევრები დანაშაულებრივად უკავშირდებოდნენ საფეხბურთო კლუბების ფეხბურთელებს და გარკვეული თანხის სანაცვლოდ ურიგდებოდნენ მოწინააღმდეგე გუნდთან წინასწარ შეთანხმებული ანგარიშით ე.წ. „ჰანდიკაპით“ – ორი ან მეტი ბურთით წაგებაზე.

დაკავებულები არიან ორგანიზატორები - ყოფილი ფეხბურთელები: ვახტანგ ჯ, ლაშა ჩ. და ნიკა დ., საფეხბურთო კლუბ „ჭიათურას“ ფეხბურთელი ირაკლი ხ, ასევე, საფეხბურთო კლუბ „ლანჩხუთის გურიას“ ფეხბურთელები რობერტ ი. და ირაკლი ბ., საფეხბურთო კლუბ „ვიტ ჯორჯიას“ ფეხბურთელები ჯონი შ, გიორგი გ, ნიკოლოზ მ, პაატა ღ. და ნოდარ კ.

გამოძიება პროფესიული სპორტული შეჯიბრების მოსყიდვის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 203-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, რაც სასჯელის სახით 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).

სპორტული შეჯიბრების მონაწილეთა მოსყიდვისა და ფეხბურთელების მიერ მატჩების ჩაწყობის ფაქტზე დაკავებულმა რვა მოქმედმა და სამმა ყოფილმა ფეხბურთელმა ჯამში, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხა - 93 500 ლარი მიიღეს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა