შალვა შავგულიძე - ამომრჩევლის მხარდაჭერის ზრდის პოტენციალი აქვს ოპოზიციურ კანდიდატს და არა სახელისუფლებოს

„ამომრჩევლის მხარდაჭერის ზრდის პოტენციალი აქვს ოპოზიციურ კანდიდატს და არა სახელისუფლებოს“, - ამის შესახებ ბლოკი „თავისუფალი დემოკრატები- ევროპული საქართველოს“ მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ განაცხადა.

მისი თქმით, არჩევნების შედეგები იმაზე მეტყველებს, რომ „ქართულ ოცნებას“ აღარ აქვს დასაყრდენი საზოგადოებაში, რადგან საზოგადოებას აღარ აქვს ამ ხელისუფლების ნდობა.

„გუშინ მთაწმინდაზე რეგისტრირებული ამომრჩევლის დაახლოებით 36% მოვიდა არჩევნებზე და მათგან ნახევარზე მეტმა ხმა არ მისცა ხელისუფლების კანდიდატს. ხელისუფლების კანდიდატმა მიიღო არჩევნებზე მოსული ამომრჩევლის ხმების 41% და ეს იმ პირობებში, როდესაც ხელისუფლება არ თაკილობდა, გამოეყენებინა ყველა დაუშვებელი და მიუღებელი მეთოდი არჩევნებში წარმატების მისაღწევად, ეს იყო ცილისმწამებლური, უღირსი, „შავი“ პიარ-კამპანია, ეს იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება, ანგარებით დაპირებების გაცემა ამომრჩეველზე თუ სხვა. ეს იმას ნიშნავს, რომ „ქართულ ოცნებას“ აღარ აქვს დასაყრდენი საზოგადოებაში, საზოგადოებას აღარ აქვს ამ ხელისუფლების ნდობა. შესაბამისად, ეს ხელისუფლება უნდა შეიცვალოს“, - განაცხადა შავგულიძემ.

მისი თქმით, ამ ხელისუფლების შესაცვლელად მეორე ტურში თავისი არჩევანი უფრო მეტმა ადამიანმა უნდა დააფიქსიროს.

„მე, როგორც ერთ-ერთმა ოპოზიციურმა კანდიდატმა, მივიღე არჩევნებზე მოსული ამომრჩევლების ხმების დაახლოებით 37%, დაახლოებით 4%-ით ნაკლები ხელისუფლების კანდიდატზე, მაგრამ საერთო ჯამში ოპოზიციურმა კანდიდატებმა მივიღეთ გაცილებით მეტი რაოდენობის ხმები, ვიდრე სახელისუფლებო კანდიდატმა. ე.ი. ამომრჩევლის მხარდაჭერის ზრდის პოტენციალი აქვს ოპოზიციურ კანდიდატს და არა სახელისუფლებოს, რადგან ხელისუფლებამ, რა თქმა უნდა, თავისი ყველა რესურსისა და ბერკეტის გამოყენებით უკვე მოახდინა თავისი ამომრჩევლის მობილიზება, არ დაკარგა ხმა, ვისიც ეიმედებოდა, ის ამომრჩეველი მოიყვანა არჩევნებზე და ის 41% მოსული ამომრჩევლისგან მიიღო. აქედან გამომდინარე, მეორე ტურში ოპოზიციური კანდიდატის გამარჯვებისთვის საჭიროა მთაწმინდელი ამომრჩევლის ცოტა მეტი აქტივობა, რადგან 36% არ არის მაღალი აქტივობა. მაღალი აქტივობა განაპირობებს ოპოზიციური ხმების მატებას, რადგან ხელისუფლებამ ამოწურა თავისი მხარდამჭერების მოყვანის რესურსი.მოსალოდნელია ოპოზიციური ამომრჩევლის ხმების კონსოლიდირება ერთი ოპოზიციური კანდიდატის სასარგებლოდ“, - აღნიშნა მთაწმინდის მაჟორიტარობის კანდიდატმა.

მანვე დასძინა, რომ შეიძლება სწორედ მთაწმინდის ოლქიდან დაიწყოს არსებული ხელისუფლების შეცვლის პროცესი.

„ძალიან რეალურია შესაძლებლობა, რომ მთაწმინდის ამომრჩეველი გახდეს პირველი მაჟორიტარული ოლქის ამომრჩეველი, რომელიც უარს ეტყვის „ქართლი ოცნების“ ხელისუფლებას; რეალურია, მთაწმინდის ოლქი გახდეს პირველი მაჟორიტარული ოლქი , სადაც საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი წააგებს და მთაწმინდიდან დაიწყოს ხელისუფლების ცვლილება. ვფიქრობ, მთაწმინდელი ამომრჩეველი ამ შესაძლებლობას ხელიდან არ გაუშვებს და ამას გაკეეთებს“, - განაცხადა შავგულიძემ.

იხილეთ ვიდეო

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა