ვალერი ჩეჩელაშვილი - ნიშნებს, რომ ზელენსკი სააკაშვილს უკრაინულ პოლიტიკაში დააბრუნებს, ვერ ვხედავ

„ნიშნებს, რომ ზელენსკი სააკაშვილს უკრაინულ პოლიტიკაში დააბრუნებს, ვერ ვხედავ, მაგრამ ვფიქრობ, სააკაშვილის მთავარი როლი, შეიძლება, უკრაინულ პოლიტიკაში ახალი ტალღის პოლიტიკოსების, პატრიოტების, მცოდნე ხალხისა და ახალგაზრდების შეყვანა იყოს“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა ელჩმა უკრაინაში და „რონდელის ფონდის“ მკვლევარმა, ვალერი ჩეჩელაშვილმა „პალიტრანიუსის“გადაცემაში „მსოფლიო დღის თემა“ განაცხადა.

მან ვლადიმერ ზელენსკის ინაუგურაციის შემდეგ უკრაინაში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა და გამოჰყო საპარლამენტო არჩევნებისთვის სავარაუდო ლიდერი პოლიტიკური ძალები.

„რეალურად, ზელენსკის პარტიის, ანუ „ხალხის მსახურის“ პარტიის პოპულარობა მისი, როგორც პრეზიდენტის პოპულარობის იდენტურია. ეს, რა თქმა უნდა, არ არის 75%, რადგან ჯერ უნდა იყოს ჩამოყალიბებული სია, მაგრამ პარტიას უკვე საკმაოდ დიდი რეიტინგი აქვს, როგორც ამბობენ, 35-40%, ეს მაშინ, როდესაც ჯერ რეალური არაფერი გაუკეთებია. უკრაინის საპარლამენტო არჩევნები ძალიან საინტერესო იქნება, რადგან ერთმანეთს ძველი და ახალი დაუპირისპირდება, მაგრამ ასეთი მარტივი არ არის, რადგან როგორც ძველი, ისე ახალი ელიტის შიგნით ძალიან სერიოზული კონკურენცია იქნება. ძველ ელიტაში იქნება „ბაწკივშინა“, პეტრო პოროშენკოს ბლოკი, ოპოზიციური ბლოკი და კიდევ უფრო წვრილ-წვრილი პარტიები, რომლებიც ალბათ, პარლამენტში ვერ შევლენ. ახალი პოლიტიკური ელიტაც არა მხოლოდ ძველს დაუპირისპირდება, არამედ, მის შიგნითაც იქნება კონკურენცია. ეს არის სამი: „ხალხის მსახური“ - ზელენსკის პოლიტიკური ძალა; ხმა ანუ „გოლოს“, რომელიც ვაკარჩუკმა, ცნობილმა მომღერალმა და პოპულარულმა ადამიანმა ჩამოაყალიბა, რომელსაც დეპუტატობის გამოცდილებაც აქვს; და ეს არის მიხეილ სააკაშვილი-დავით საყვარელიძის ახალ ძალთა მოძრაობა“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

მან ასევე ისაუბრა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შანსების შესახებ უკრაინულ პოლიტიკაში.

„ვფიქრობ, რომ სააკაშვილს პარლამენტში შესვლის შანსი აქვს. ბევრი რამეა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი წინასაარჩევნო კამპანია ექნება და როგორ იქნება დაკომპლექტებული სიები, მაგრამ დღესდღეობით, მაგალითად, დავით საყვარელიძის, რომელიც უკრაინაში მუშაობს, ჩვენი ყოფილი გენერალური პროკურორის მოადგილისა და ყოფილი დეპუტატის პიროვნული რეიტინგი საკმაოდ მაღალია და ვფიქრობ, ბარიერის გადალახვას არაფერი უდგას წინ. ყოველ წელს საქართველოში 200-250 ათასი უკრაინელი ტურისტი ჩამოდის, ისინი ხედავენ საქართველოს ინსტიტუციონალურ მოწყობას, უსაფრთხოების პირობებს და ეს ყველაფერი იმ რეფორმებთანაა დაკავშირებული, რომელიც სააკაშვილის მთავრობამ 2003-2007 წლებში გაატარა. მათ ისიც იციან, რომ ოდესაში მას არაფერი გამოუვიდა, მაგრამ არ მოერიდა გადადგომას, შემდეგ კი პოროშენკოს კრიტიკას. სააკაშვილს რომ ნდომოდა, საერთო ენა გამოეძებნა მასთან და არსებულ სისტემაში ჩამჯდარიყო, არ გაუჭირდებოდა, მაგრამ ხალხი აფასებს იმას, რომ მან ეს არ მოინდომა, წავიდა ოპოზიციაში და ყველაფერი გააკეთა, მათ შორის იმისთვისაც, რომ პოროშენკო დამარცხებულიყო“, - აღნიშნა საქართველოს ყოფილმა ელჩმა უკრაინაში.

ჩეჩელაშვილმა დასძინა, რომ ჯერჯერობით ნიშნებს, რომ ზელენსკი სააკაშვილს დააბრუნებს უკრაინულ პოლიტიკაში, ის ვერ ხედავს და ეს საჭირო არც არის.

„ვფიქრობ,სააკაშვილი დაბრუნდება და მთავარი როლი, რაც მან შეიძლება შეასრულოს, არის ის, რომ უკრაინულ პოლიტიკაში ახალი ტალღის პოლიტიკოსები, პატრიოტები, მცოდნე ხალხი და ახალგაზრდები შეიყვანოს. არ ვამბობ, რომ ეს იქნება გადამწყვეტი პოლიტიკური ძალა, მაგრამ ამის რესურსს ვხედავ“, - განაცხადა ჩეჩელაშვილმა.

იხილეთ ვიდეო

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა