ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი - 180-ვე ბაღი, სადაც კომპანია „ნილს“ საკვები პროდუქტები შეჰქონდა, მომარაგებულია

თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის ინფორმაციით, 180-ვე ბაღი, სადაც კომპანია „ნილს“ საკვები პროდუქტები შეჰქონდა, მომარაგებულია.

როგორც გვანცელაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, პროვოკაცია და მორიგი ტყუილია თუ ვინმე ამბობს, რომ ბაღებში საკვები პროდუქტი არ აქვთ.

„როგორც იცით, კომპანია „ნილს“ შევუწყვიტეთ ხელშეკრულება და ბაღების ადმინისტრაციები თავად უზრუნველყოფენ კვებით მომსახურებას და უწყვეტ რეჟიმში მიეწოდებათ პროდუქტი ბაღებს. 180-ვე ბაღი ყველა საჭირო პროდუქტით მომარაგებულია. პროვოკაცია და მორიგი ტყუილია თუ ვინმე ამბობს, რომ საკვები პროდუქტი არ აქვთ და თანამშრომლებს თავად უწევთ პროდუქტის შეძენა საკუთარი სახსრებით, ყველა ბაღი მომარაგებულია საჭირო პროდუქტებით“, - განაცხადა გვანცელაძემ.

რაც შეეხება იმას, როგორ უნდა შეიძინონ ბაღების ადმინისტრაციებმა თავად საკვები პროდუქტები, გვანცელაძე განმარტავს, რომ ბაღებს აქამდეც თავად ევალებოდათ გაეფორმებინათ ხელშეკრულებები დისტრიბუტორ კომპანიებთან და მათთვის ეს პროცესი უცხო არ არის.

„ხელშეკრულებებს თავად აფორმებენ სადისტრიბუციო კომპანიებთან და აქამდეც ისინი აფორმებდნენ. ასე, რომ არაჩვეულებრივი ან განსხვავებული სიტუაცია არ არის. სადისტრიბუციო კომპენიები თავად უზრუნველყოფენ მიწოდებას და ბაღის თანამშრომლებს არსად გასვლა პროდუქტის შესაძენად არ უწევთ. რაც შეეხება თანხებს, რითაც ბაღებმა საკვები პროდუქტები უნდა შეიძინონ, მათ ანგარიშებზე უკვე არის. თანხას აქვს მიზნობრიობა კვების მიწოდების, აქედან გამომდინარე, არა აქვს არსებითი მნიშვნელობა რომელი კომპანიის პროდუქტს შეიძენენ“, - განაცხადა გვანცელაძემ.

ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ამბობს, რომ მონიტორინგი გააქტიურებულ რეჟიმში გაგრძელდება.

„მინდა ყველა დავაიმედო და ვუთხრა, რომ არანაირი კონტროლის შემსუბუქება არასდროს მოხდება, პირიქით, გავააქტიურეთ მონიტორინგი და თავადაც შევუერთდი მონიტორინგის ჯგუფს. მონიტორინგს ერთობლივად ყველა უწყება აწარმოებს, ვინც აქამდე კონტროლს ატარებდა ბაგა-ბაღებში“, - განაცხადა გვანცელაძემ.

როგორც გვანცელაძე ამბობს, გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბაღები თანხას არ ურიცხავდნენ კომპანიას და ისინი საკვებ პროდუქტებს ამიტომ ვერ ყიდულობდნენ, ტყუილია.

„ნილის“ ჯარიმების რაოდენობა დაითვლება და რამდენიმე დღეში მოგაწვდით ინფორმაციას. თავად „ნილს“ ჰქონდა უამრავი პრობლემა. ძირითადად, საკვები პროდუქტების ვერ მიწოდება. მაგრამ ჩვენ სხვადასხვა პროდუქტებით ვანაცვლებდით და კალორაჟს არ ვარღვევდით. ეს იყო ხელშეკრულების უხეში დარღვევა, რის გამოც, ხელშეკრულების შეწყვეტის გადაწყვეტილება მივიღეთ. რის გამო იყო „ნილის“ ანგარიში დაყადაღებული, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ. გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ბაღები თანხას არ ურიცხავდნენ კომპანიას და ისინი ამიტომ ვერ ყიდულობდნენ საკვებ პროდუქტებს, არის ტყუილი. კომპანიის ხელმძღვანელობას თავად არ სურდა დაყადაღებულ ანგარიშზე თანხა ჩაგვერიცხა. მიღება-ჩაბარების აქტები სპეციალურად არ მიჰქონდათ ბაღებში, რათა ანგარიშსწორება მომხდარიყო“, - განაცხადა გვანცელაძემ.

როდის გამოცხადდება ბაგა-ბაღების კვების პროდუქტებით უზრუნველყოფისთვის ტენდერი, ან რომელ კომპანიებთან აწარმოებს მოლაპარაკებას მერია, ბაღების-მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის თქმით, ამის შესახებ უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

შეგახსენებთ, რომ თბილისის მერიამ კომპანია „ნილს“, რომელიც ბაგა-ბაღებს კვების პროდუქტებით უზრუნველყოფდა, ხელშეკრულება შეუწყვიტა. თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის განცხადებით, კომპანია ბაღებს უხარისხო საკვებს და დაგვიანებით აწვდიდა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა