კახა კალაძე ჟურნალისტებს - მაქვს საფუძველი NDI-ს კვლევას არ ვენდო და თუ გინდათ მათქმევინოთ, რომ ვენდობი ჩემს ნაწილში, "რა კაია" და ტაში დავუკრა, ეგრე არ არის

მაქვს საფუძველი NDI-ს კვლევას პოლიტიკურ ნაწილში არ ვენდო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს „ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ კვლევის შედეგების შეფასებისას განუცხადა.

როგორც კალაძემ აღნიშნა, წლების განმავლობაში NDI-ს კვლევაში ყოველთვის ხდებოდა მანიპულირება.

კითხვაზე: რას უკავშირებს თბილისის მერი პირადად მის მაღალ რეიტინგს, რომელიც კვლევამ აჩვენა, კალაძემ უპასუხა: „ჩემთვის ყველაზე მარტივი საზომი და მთავარი მოსახლეობასთან კომუნიკაცია და ურთიერთობაა, რასაც ყოველდღიურ რეჟიმში ვაკეთებ“.

„ჩემი საქმიანობიდან გამომდინარე ყოველდღიურ რეჟიმში მაქვს ურთიერთობა მოსახლეობასთან. ზუსტად ეს განწყობა, დამოკიდებულება, რასაც მე ვგრძნობ დედაქალაქის მოსახლეობისგან არის ძალიან მნიშვნელოვანი და დასაფასებელი, რასაც ვუფრთხილდები. ჩემს თანამშრომლებთან და თანაგუნდელებთან ერთად ყველაფერს ვაკეთებ იმისთვის, რომ ეს ურთიერთობა არ შენელდეს. პირიქით, უფრო გავაძლიეროთ, უფრო გავაღრმაოთ, უფრო მეტი პროექტი გავაკეთოთ ქალაქში და გავაძლიეროთ ჩვენი დედაქალაქი. მოვაგვაროთ ყველა ის პრობლემა, რაც თბილისს და თბილისელებს აწუხებთ. სამწუხაროდ, ასეთი პრობლემა ბევრია. ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, რადგან ჩვენ შეგვწევს ძალა ღირსეულად შევეჭიდოთ და ვუპასუხოთ იმ გამოწვევებს, რაც აწუხებს დედაქალაქს“, - განაცხადა კალაძემ.

რაც შეეხება კვლევის პოლიტიკურ ნაწილს, კალაძის თქმით, კვლევას არ ეთანხმება.

„რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, თუ გადავხედავთ 2012 წლიდან მოყოლებული, ყოველთვის ხდებოდა მანიპულირება. ხშირი იყო, როცა კვლევა აცდენილი იყო რეალურ შედეგებს, ამიტომ მაქვს საფუძველი პოლიტიკურ ნაწილში კვლევას არ ვენდო. რაც შეეხება სოციალური მიმართულებით მოცემულ შედეგებს, აქ ბევრი რამ არის გასათვალისწინებელი. ყველაზე მთავარი გამოწვევა, რაც დღეს ჩვენ გვაქვს, არის არსებული ეკონომიკურ-სოციალური მდგომარეობის და იმ ყოფის გაუმჯობესება, რაც დღეს არსებობს. ეკონომიკური განვითარება, წინსვლა, სამუშაო ადგილების შექმნა - ეს არის ის მთავარი მიმართულებები და გამოწვევები, რომელსაც ჩვენ ყველამ ერთად ღირსეულად უნდა ვუპასუხოთ. არ ვეთანხმები კვლევის პოლიტიკურ ნაწილს. შეგიძლიათ ნახოთ, რა შედეგები იდებოდა წინასაარჩევნოდ და რა შედეგებით სრულდებოდა არჩევნები. როცა კვლევას ატარებ, ცდომილება შეიძლება იყოს 2-3 პროცენტი, მაგრამ 15, 20, 30-პროცენტიანი ცდომილებებია, ეს სერიოზულ კითხვის ნიშნებს იწვევს“, - განაცხადა კალაძემ და ჟურნალისტების მისამართით დასძინა: "თქვენ თუ გინდათ მათქმევინოთ, რომ ვენდობი კვლევას ჩემს ნაწილში, "რა კაია" და ტაში დავუკრა, ეგრე არ არის“.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო