პრეზიდენტის პრესსპიკერი - სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი ლატვიაში, ესტონეთსა და პოლონეთში მნიშვნელოვანი შედეგით დასრულდა

საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი ლატვიაში, ესტონეთსა და პოლონეთში უაღრესად მნიშვნელოვანი შედეგით დასრულდა, - ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პრეზიდენტის შეფასებით, ლატვია, ესტონეთი და პოლონეთი საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთა შორის არიან, ხოლო მათი მხარდაჭერა ქვეყნისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია

„საქართველოს პრეზიდენტის შეფასებით, სამივე ქვეყანა - პოლონეთი, ლატვია, ესტონეთი მოიაზრება საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორთა შორის, ეს ის წრეა, რომელსაც ჩვენ ვეყრდნობით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი მხარდაჭერა იმ ახალ ეტაპზე, რომელზეც საქართველო ამჟამად იმყოფება და რასაც ევროკავშირისკენ და ნატო-სკენ სვლა ჰქვია. პრეზიდენტის განცხადებით, თითოეულ ამ ქვეყანასთან, ისევე როგორც ზოგადად ჩვენი პარტნიორი ქვეყნების მიმართ, საქართველოს მთავარი გზავნილია: ყველა მოლაპარაკებაზე, მათ შორის ორმხრივ, თუ მრავალმხრივ ფორმატებში, ჩვენმა პარტნიორებმა უნდა მოუწოდონ რუსეთს, შეასრულოს საქართველოს მიმართ ნაკისრი ვალდებულები. ასევე, უნდა ისარგებლონ ყველა დონის შეხვედრებით, იმისათვის, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მსჯელობა გაიმართოს მაღალ პოლიტიკურ დონეზე.

სალომე ზურაბიშვილის აზრით, მხოლოდ ამ დონის განხილვა მოიტანს რეალურ შედეგებს. გარდა ამისა, ჩვენმა პარტნიორებმა, მუდმივად უნდა შეახსენონ რუსეთს, რომ საქართველოს ევროანტლანტიკური ინტეგრაცია არის შეუქცევადი პროცესი“, - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

მისივე თქმით, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტების შედეგები პოლონეთში, ლატვიასა და ესტონეთში, აღნიშნულმა სტრატეგიულმა პარტნიორებმაც დადებითად შეაფასეს.

„საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები, ამ შემთხვევაში პოლონეთი, ლატვია, ესტონეთი- დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოს როლს შავი ზღვის გეოპოლიტიკური მნიშვნელობის კონტექსტში და ამ მხრივ ჩვენს ქვეყანას განსაკუთრებულ აქტორად განიხილავენ, რეგიონში სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით.

საქართველო ბრუნდება თავის ისტორიულ ოჯახში - ევროპაში, ასე შეაფასეს ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა ქვეყნებმა საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ვიზიტების შედეგები,“ - განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა