„დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ სადამკვირვებლო მისია 19 მაისის არჩევნებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს

„დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ სადამკვირვებლო მისია 19 მაისის შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით ანგარიშს აქვეყნებს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ პრესსამსახურიდან აცნობეს, სადამკვირვებლო მისიის ანგარიში მოიცავს 19 აპრილიდან 20 მაისის პერიოდს და 4 აკრედიტირებული გრძელვადიანი დამკვირვებლის მიერ, N56 ჭიათურის ოლქის მასშტაბით ყველა დონის საარჩევნო კომისიაში გაწეულ სამუშაო შედეგს ეფუძნება.

ანგარიშის თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისიის საქმიანობა წინასაარჩევნო პერიოდში მიმდინარეობა მშვიდ, გამჭირვალე, სამუშაო გარემოში არსებული კანონმდებლობის დაცვით.

„საარჩევნო უბნებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის მონიტორინგისას, უბნებზე კომისიის წევრთა დასწრება იყო მაქსიმალური, მათ შორის, იყვნენ ხელმძღვანელი პირებიც (თავმჯდომარე/მოადგილე/მდივანი), სამუშაო პროცესი იყო მშვიდი, კანონმდებლობის დაცვით ჰქონდათ გამოკრული ამომრჩეველთა ერთიანი კედლის სიები და მათთან დაკავშირებით საჩივრის შეტანის წესი (ასევე, გადასატანი ყუთის სეიბი რიგ უბნებზე), სამართლებრივი აქტები (შესაბამისი კომისიის განკარგულებები და დადგენილებები), საოლქო და საუბნო კომისიების შემადგენლობა, საარჩევნო უბნების საზღვრები, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის საკონტაქტო ინფორმაცია, ასარჩევ კანდიდატთა სია, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ეთიკის კოდექსი, ხოლო რაც შეეხება სარეგისტრაციო ჟურნალს, მისი წარმოება მიმდინარეობდა დადგენილი წესის შესაბამისად (დახურვა და გახსნა, დოკუმენტაციის/განაცხადის მიღება და გაცემა).

მონიტორინგისას გამოვლენილი ხარვეზის მიხედვით, ერთი საარჩევნო უბანი არ იძებნებოდა, რადგან ოთახი, რომელიც უბანს ჰქონდა გადაცემული სკოლის მიერ გამოყენებული იყო სკოლის რესურსისათვის, ასევე, კონკრეტულ დღეს გამოკრული არ იყო ამომრჩეველთა ერთიანი კედლის სია, საოლქო და საუბნო კომისიის შემადგენლობა, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა ეთიკის კოდექსი, თუმცა აღნიშნული ხარვეზები დამკვირვებელთა აქტიურობისა და რეაგირების საფუძველზე აღმოიფხვრა. ნიშანდობლივია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობასთან დაკავშირებული აღნიშნული რისკ ფაქტორი არსებობს ნებისმიერ საარჩევნო უბანთან მიმართებით, რადგან საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მიხედვით საუბნო საარჩევნო კომისიები იქმნება არჩევნებამდე არაუგვიანეს 30-ე დღისა, ხოლო სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოები, მუნიციპალიტეტის ორგანოები, საჯარო სამართლის იურიდიული პირები (გარდა წევრობაზე დაფუძნებული და რელიგიური გაერთიანებებისა) და სახელმწიფოსა და მუნიციპალიტეტის ორგანოების

50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი ორგანიზაციები არჩევნების მომზადებისა და ჩატარებისათვის საჭირო შენობა-ნაგებობას და ინვენტარს საარჩევნო კომისიებს დროებით, უსასყიდლოდ გადასცემენ“, - ნათქვამია ანგარიშში.

ამასთან „დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ ანგარიშის თანახმად საარჩევნო უბნის გახსნის მომენტიდან პროცედურები წარიმართა თანმიმდევრულად კანონმდებლობის შესაბამისად.

„დაფიქსირდა ერთი მცირე ხასიათის ხარვეზი პროცედურების თანმიმდევრულობასთან დაკავშირებით, რომელსაც გავლენა არ მოუხდენია საარჩევნო პროცესების წარმართვაზე. წილისყრის პროცედურები წარიმართა კანონმდებლობის დაცვით, რამდენიმე უბანზე დაფიქსირდა კომისიის წევრის (პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ და პ/გ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისათვის“ მიერ წარდგენილი პირები) მიერ წილისყრაში მონაწილეობაზე უარი ანდა წილისყრით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებაზე უარი. რამოდენიმე უბანზე დაფიქსირდა მცირე ხასიათის ხარვეზი, რომელიც კომისიების მხრიდან დაუყოვნებლივ აღმოიფხვრა, კერძოდ, ფოტოვიდეოგადაღების წესის დარღვევა.

არჩევნების დღეს დამკვირვებლები კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას შეუზღუდავად ახორციელებდნენ და დამკვირვებლის საქმიანობაში ჩარევა ანდა ხელის შეშლის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. N56 ოლქსა და ამავე ოლქში შემავალ 58 უბანზე არ დაწერილა არცერთი საჩივარი. საარჩევნო უბნების დახურვა და ხმების დათვლის პროცესი წარიმართა კანონმდებლობის დაცვით, ყოველგვარი ხარვეზის გარეშე. შემაჯამებელი ოქმები შედგენილი იყო დადგენილი წესის დაცვით, რამოდენიმე შემაჯამებელ ოქმზე დაიწერა ახსნა-განმარტება და შესწორების აქტი. კენჭისყრის დღეს პროცედურები წარიმართა მშვიდად, გამჭირვალედ და არსებული კანონმდებლობის შესაბამისად“, - აღნიშნავენ ორგანიზაციის დამკვირვებლები.

„დემოკრატიულ ინიციატივათა საერთაშორისო ცენტრის“ ანგარიშის მიხედვით ორგანიზაციის რეკომენდაციაა, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების საქმიანობის ხელის შეშლის გარეშე წარმართვისათვის განისაზღვროს ისეთი ფართები, რომლებიც კომისიებისათვის გადაცემის მომენტისათვის სხვა დანიშნულებით არ იქნება გამოყენებული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო