სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის  ფორუმის მონაწილეებს სიტყვით  პრეზიდენტმა და პრემიერმა მიმართეს

წყალტუბოში სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმი გაიხსნა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პარლამენტის პრესსამსახურიდან აცნობეს, ღონისძიების ფარგლებში ფორუმის მონაწილეები, საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წევრები, სახელმწიფო რწმუნებულები, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ხელმძღვანელი პირები, მერიების და საკრებულოების წარმომადგენლები დეცენტრალიზაციის რეფორმის მიმდინარეობაზე, არსებულ გამოწვევებსა და რეგიონებში ეკონომიკური აქტივობების გაზრდის საკითხებზე მოხსენებს გაეცნენ და დისკუსიები გამართეს.

სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ინსტიტუციური დიალოგის IV ფორუმი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას და მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონული მართვის სამსახურის ხელმძღვანელის, სოზარ სუბარის მისასალმებელი სიტყვებით გაიხსნა.

„ინსტიტუციური დიალოგის ფორუმი არის პლატფორმა, სადაც ცენტრალური ხელისუფლება და მუნიციპალიტეტები აწარმოებენ დიალოგს ჩვენი ქვეყნის რეგიონების განვითარების უმნიშვნელოვანეს საკითხებზე და ამ მიზნით, შესაბამისი პოლიტიკის ფორმირებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ მეოთხე ფორუმის მონაწილეებს საქართველოს პრეზიდენტი და პრემიერ-მინისტრი მიმართავენ. აქვე აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრას ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები ესწრებიან ანუ დიალოგი გაიმართება სახელმწიფო და ადგილობრივ ხელისუფლებასა და კერძო სექტორს შორის რეგიონების ეკონომიკური განვითარების და მუნიციპალიტეტების ფინანსური გაძლიერების საკითხებზე“, - განაცხადა ფორუმის გამართვის ინიციატორმა, კომიტეტის თავმჯდომარემ, ზაზა გაბუნიამ.

„საქართველოს რეგიონებში დევს ჩვენი მომავალი, რეგიონებში დევს ასევე ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის გადაწყვეტა. ჩვენი მშვიდობიანი გზა გადის სწორედ რეგიონების განვითარებაზე. სწორედ ეს არის ასეთი ფორმატის კონფერენციების მიზანი, რომ ჩვენ ჩამოვაყალიბოთ ის პოლიტიკა, რომელიც საშუალო და გრძელ ვადაზე მიგვიყვანს რეგიონების სრულ განვითარებამდე“, - აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ფორუმის გახსნისას.

მისივე განცხადებით, რეგიონების ეკონომიკური გაძლიერება პირდაპირ კავშირშია ემიგრაციის საკითხებთან, რადგან რეგიონების დონეზე სამუშაო ადგილების არქონა ახალგაზრდებს საზღვარგარეთ სამუშაოდ გამგზავრებისკენ უბიძგებს. პრეზიდენტის მოსაზრებით, რეგიონების ეკონომიკური კეთილდღეობა ხელს შეუწყობს მათი ტურისტული პოტენციალის გაზრდას და გარემოს დაცვითი საკითხების გადაწყვეტას.

„ძლიერი რეგიონები ნიშნავს ძლიერ საქართველოს - ეს არის ის პრინციპი, რომლითაც ყოველთვის ვხელმძღვანელობ. აქედან გამომდინარე, თვითმმართველობის პრინციპებზე დაფუძნებული პოლიტიკური სისტემის გარეშე ვერ წარმომიდგენია ჩვენი სამშობლოს მდგრადი განვითარება. ვერ წარმომიდგენია, რომ ჩვენ შევძლებთ იმ გამოწვევების დამარცხებას, რომელიც საქართველოს წინაშე არსებობს. ჩვენი მთავრობის ერთ-ერთი პრიორიტეტი გახლავთ სწორედ თვითმმართველობების გაძლიერება, ძლიერი რეგიონები, ინკლუზიური ზრდა, რომელიც საბოლოო ჯამში საშუალებას მოგვცემს, რომ ავაშენოთ წარმატებული ქვეყანა“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

ფორუმის გახსნითი ნაწილის შემდეგ რეგიონების ეკონომიკური განვითარების საკითხებზე დისკუსია გაიმართა. პარლამენტის წევრმა, ცოტნე ზურაბიანმა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ, იმერეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელმა, ზვიად შალამბერიძემ, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ხოჯევანიშვილმა, ყვარელის, მარტვილის და ამბროლაურის მერებმა მოსაზრებები წარმოადგინეს და აღნიშნულ საკითხებზე ისაუბრეს.

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო