პარლამენტის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიზანი, ოჯახში ძალადობრივი ქცევის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და პრევენციაა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო პაკეტს, რომლის მიზანი ოჯახში ძალადობრივი ქცევის ადრეულ ეტაპზე გამოვლენა და პრევენციაა.

პროექტი დეპუტატებს კომიტეტის თავმჯდომარემ სოფიო კილაძემ გააცნო.

ახალი საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, მოძალადეს ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სპეციალური კურსის გავლა მოუწევს. კანონპროექტით, მოსამართლის გადაწყვეტილებით, დამცავი ორდერის გამოცემისას, მოძალადისათვის სავალდებულო გახდება ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსის გავლა, რათა მაქსიმალურად იქნას არიდებული თავიდან განმეორებითი ძალადობა.

ფსიქიატრიული ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ მოძალადეს, მსხვერპლის განცხადების საფუძველზე, მასთან კომუნიკაცია აეკრძალება - თუ მოძალადე პენიტენციური დაწესებულებიდან მსხვერპლის მიმართ მუქარის შემცველ სატელეფონო ზარებს ახორციელებს, მსხვერპლს საშუალება ექნება პენიტენციური ან ფსიქიატრიული დაწესებულების ადმინისტრაციისგან ამ ზარების შეზღუდვა მოითხოვოს.

ასევე, მსხვერპლის მიერ მოძალადის წინააღმდეგ შეტანილ სარჩელებზე სახელმწიფო ბაჟი უქმდება. ძალადობის წინააღმდეგ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, ოჯახური ძალადობის მსხვერპლი, სამოქალაქო სამართლებრივ დავებზე, სასამართლოში სახელმწიფო ბაჟისგან გათავისუფლდება. საკანონმდებლო ცვლილება მსხვერპლს საშუალებას აძლევს მაგალითად, მოძალადესთან ქონებრივი დავა, ფინანსური დანახარჯების გარეშე მაქსიმალურად სწრაფად გადაწყვიტოს.

ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულისათვის სასამართლოს მხრიდან ძირითად სასჯელად ფულადი ჯარიმის დაკისრება იკრძალება. ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულისათვის პასუხისმგებლობის გამკაცრების მიზნით, ამ კატეგორიის საქმეებზე, ძირითად სასჯელად ფულადი ჯარიმის დაკისრება აიკრძალება.

“პრაქტიკაში, როგორც წესი, ჯარიმის თანხა, განსაკუთრებით, სოციალურად დაუცველი ოჯახების შემთხვევაში, მსხვერპლს და მის შვილებს აწვებათ ტვირთად. ამდენად, მსხვერპლისა და მისი შვილებისთვის ზედმეტი ფინანსური ხარჯების თავიდან აცილების მიზნით, მოსამართლის გადაწყვეტილებით, მოძალადეს შესაძლოა დაეკისროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, თავისუფლების აღკვეთა ან კანონით გათვალისწინებული სხვა სასჯელი“, - განმარტავს სოფიო კილაძე.

საკანონმდებლო პაკეტის გათვალისწინებით, მოძალადეს პენიტენციური სისტემიდან განთავისუფლების შემდეგ, პოლიციელები პერიოდულად გადაამოწმებენ. ცვლილების მიხედვით, პოლიცია პენიტენციური თუ ფსიქიატრიული სისტემიდან განთავისუფლებულ მოძალადეს პერიოდულად შეამოწმებს რათა, განმეორებითი ძალადობის რისკი დროულად შეაფასოს და პრევენცია მოახდინოს.

დღეს არსებული რეგულაციით, პენიტენციური დაწესებულებიდან განთავისუფლებამდე, მოძალადე მსჯავრდებულის ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე, მისი ქცევებისა და ფსიქოლოგიური მდგომარეობის შეფასება ხდება. ახალი ცვლილებათა პაკეტის მიხედვით, პოლიცია ამ შეფასების დოკუმენტზეც შეძლებს წვდომას.

პოლიცია ასევე ვალდებული ხდება, მოსამართლის მიერ უკვე გამოცემული დამცავი და შემაკავებელი ორდერის აღსრულების მონიტორინგი აწარმოოს და საჭიროების შემთხვევაში თავადაც გამოსცეს შემაკავებელი ორდერი.

საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში საკომიტეტო მოსმენებს გადის. მისი მიღება პარლამენტში საგაზაფხულო სესიის ფარგლებში იგეგმება.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს