პროფკავშირები - ირაკლი პეტრიაშვილმა ჟან კლოდ იუნკერს ბოდიში მოუხადა, რომ მასთან იმ საკითხების დაყენება უწევს, რაც წესით საქართველოს პრემიერთან უნდა იხილებოდეს

ავსტრია ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის ყრილობას მასპინძლობს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროფესიული კავშირების გაერთიანებიდან აცნობეს, ვენაში ევროპის პროფკავშირების 100-ზე მეტი პროფკავშირული ლიდერი და მაღალი რანგის სტუმარი შრომის საკითხებსა და პერსპექტივებზე სამსჯელოდ არის შეკრებილი.

მათივე ინფორმაციით, საარჩევნო ყრილობა ოთხ დღეს გასტანს. განიხილავენ ისეთი მნიშვნელობის საკითხებს, როგორიცაა: სოციალური სამართლიანობა ევროპაში, ევროპული ღირებულებები, ხარისხიანი სამუშაო ადგილების შექმნის და ევროპაში ხელფასების მატების საჭიროება. ყრილობას უძღვებიან და მასში აქტიურად მონაწილეობენ: პროფკავშირების საერთაშორისო კონფედერაციის გენერალური მდივანი შარან ბაროუ, ევროპის პროფკავშირების კონფედერაციის გენერალური მდივანი ლუკა ვინსენტინი, ავსტრიის პროფკავშირების პრეზიდენტი ვოლფგანგ კაციანი და პროფკავშირების პან-ევროპული რეგიონული საბჭოს (PERC) პრეზიდენტი ირაკლი პეტრიაშვილი.

პროფკავშირების ინფორმაციით, შეხვედრის ავსტრიაში ჩატარებას დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ქვეყნის ხელისუფლებაც. ყრილობის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს ვენის მერმა მიქაელ ლუდვიგმა, ევროკომისიის პრეზიდენტმა ჟან კლოდ იუნკერმა, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის დირექტორმა გაი რაიდერმა და საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარემ და ამავდროულად პროფკავშირების პან ევროპული რეგიონული საბჭოს პრეზიდენტმა ირაკლი პეტრიაშვილმა, რომელთა გამოსვლების დიდი ნაწილიც სწორედ სოციალურ სამართლიანობაზე მსჯელობასა და პროფკავშირების როლსა და მნიშვნელობას შეეხო.

აღსანიშნავია, რომ ყრილობაში მონაწილეობენ პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ანტონიო კოსტა, ევროპარლამენტის წევრები და ავსტრიის ერთ-ერთი უმსხვილესი პარტიის ხელმძღვანელები.

ნიშანდობლივია ისიც, რომ ევროპის პროფკავშირები აქტიურად განიხილავენ "სოციალური კონტრაქტის" ფორმატს, რომელიც მთავრობებს სოციალურ საკითხებზე შეთანხმების ახალ ფორმას სთავაზობს. განხილვის საგანია - შრომის მომავალი სავარაუდო პერსპექტივით.

საქართველოს პროფკავშირების გაერთიანების ინფორმაციით, ყრილობის პარალელურად ირაკლი პეტრიაშვილს არაერთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ჰქონდა, მათ შორის ევროკომისიის პრეზიდენტ ჟან კლოდ იუნკერთან და კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორ, პრემიის გამარჯვებულ ეკონომისტ იოზეფ სტიგლიცთან.

„ირაკლი პეტრიაშვილმა ჟან კლოდ იუნკერს ბოდიში მოუხადა, რომ მასთან იმ საკითხების დაყენება და განხილვა უწევს, რომელიც წესით საქართველოს პრემიერ- მინისტრ მამუკა ბახტაძესთან უნდა იხილებოდეს, თუმცა სოციალური დიალოგის არარსებობის გამო - სწორედ ევროკომისიის პრეზიდენტს სთხოვა მეტი სიმკაცრით მიუდგეს და გავლენა მოახდინოს საქართველოს მთავრობაზე, რათა დაიცვას მთავარი ღირებულებები, რაც პროფკავშირთან და ხალხთან დიალოგს გულისხმობს და რაც ასე ძველი ჩინურივით გაუგებარია საქართველოს მთავრობისთვის, რომელიც არწმუნებს ევროკავშირს თითქოს მნიშვნელობას ანიჭებს აღნიშნულ საკითხებს“, - ნათქვამია პროფესიული კავშირების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა