ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობისთვის სატენდერო წინადადებები გაიხსნა

ქვეშეთი-კობის გზაზე, 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობისთვის გამოცხადებულ საერთაშორისო ტენდერზე, დაინტერესებული კომპანიების წინადადებები გაიხსნა. სატენდერო წინადადება, სულ 7-მა კომპანიამ წარმოადგინა.

საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, შემდეგ ეტაპზე, სატენდერო დოკუმენტაციის შესაბამისად, შეფასდება წარმოდგენილი წინადადებები და ყველაზე დაბალი ფასის მქონე კვალიფიციური კომპანია გამოვლინდება გამარჯვებულად.

მათივე ცნობით, ქვეშეთი-კობის 9 კმ-იანი გვირაბი 15 მეტრის სიგანის იქნება, რაც საკმაოდ იშვიათია, არამარტო ამიერკავკასიაში არამედ მსოფლიო მასშტაბით და უდიდესი დიამეტრის მქონე გვირაბების ჩამონათვალში შევა.

„ქვეშეთი-კობი საერთაშორისო გზა, სატრანზიტო მნიშვნელობის ჩრდილო-სამხრეთის დერეფანის შემადგენელი ნაწილია. საერთო ჯამში დაგეგმილია 22.7 კმიანი გზის, 6 ხიდისა და 5 გვირაბის, მათ შორის ერთი 9 კმ-იანი გვირაბის მშენებლობა. 9 კმ-იანი გვირაბი ჯვრის უღელტეხილის ქვეშ გაივლის, სოფელ წკერესთან დაიწყება და სოფელ კობთან დასრულდება. ქვეშეთი- კობის გზის მშენებლობა დაყოფილია 2 ლოტად. არსებული გზა გადის რთულ გეოგრაფიულ მარშრუტზე და ზამთრის პერიოდში ხასიათდება დიდთოვლობით. ზამთარში ზვავსაშიშროებისა და რთული მეტეოროლოგიური პიროებების გამო, საავტომობილო მოძრაობა ხშირად იკეტება, ფერხდება სატრანზიტო მიმოსვლა.

ახალი გზა და 9 კმ-იანი გვირაბი მოაგვარებს არსებულ პრობლემებს. სატრანზიტო მიმოსვლა, წელიწადის ნებისმიერ დროს შეუფერხებლად იქნება შესაძლებელი. ახალი გზის მშენებლობის დასრულების შემდეგ, არსებული 35 კმ-იანი გზის ნაცვლად ქვეშეთიდან კობამდე გადაადგილების მანძილი 12 კმ-ით შემცირდება. ქვეშეთი-კობის მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოებს აზიის განვითარების ბანკი და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი აფინანსებს. ქვეშეთი-კობის გვირაბის მშენებლობისთვის გამოცხადებული პირველი ტენდერი ჩაიშალა და აღნიშნული ტენდერი ხელმეორედ გამოცხადდა. რაც შეეხება ქვეშეთი-კობის მე-2 ლოტს, 12.7 კმ-იანი გზის სამშენებლო სამუშაოებისთვის, ხელშეკრულება ახლო მომავალში გაფორმდება“, - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.