პროკურატურა სასამართლოს მიერ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ცრუ ჩვენებისთვის ბრალდებული დ.ღ-ს დამნაშავედ ცნობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და დ.ღ დამნაშავედ ცნო საქართველოს

სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს.

უწყების ინფორმაციით, გამოძიებით და სასამართლო განხილვის შედეგად დადგინდა, რომ დ.ღ-მ ჩაიდინა ხორავას ქუჩაზე ორი ახალგაზრდის მკვლელობის საქმეში ცრუ ინფორმაციის მიწოდება და ცრუ ჩვენების მიცემა.

„ბრალდების დადგენილების მიხედვით, დ.ღ-მ, რომელიც უშუალოდ შეესწრო და იცოდა რა დანაშაულებრივი ქმედების შესახებ, განზრახ არასწორი ინფორმაცია მიაწოდა გამოძიებასა და სასამართლოს, მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლის მიზნით. კერძოდ, გამოძიების ეტაპზე გამოკითხვისას დ.ღ-მ მიუთითა, რომ დავით სარალიძესთან ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართული იყო მ.კ-ც, ხოლო სასამართლოში დაკითხვისას მან უარყო ფიზიკურ დაპირისპირებაში მ.კ-ს მონაწილეობა. ამასთან დ.ღ-მ, როგორც გამოძიებაში, ასევე სასამართლოში განმარტა, რომ არ შესწრებია დავით სარალიძის მკვლელობის ფაქტს, რადგან მისი მეგობრის შემთხვევით მოქნეული ხელი მოხვდა სახეში, გონება დაკარგა და გონს მხოლოდ მაშინ მოვიდა, როდესაც დავით სარალიძე უკვე დაჭრილი იყო. აღნიშნული მოქმედებით დ.ღ.-მ აირიდა პასუხისმგებლობა და არასწორი ინფორმაციის მიწოდებით გამოძიებასა და სასამართლოს დაუმალა დანაშაულის განხორციელების უმნიშვნელოვანესი დეტალი, ფარდულში არსებული დაპირისპირება, რაც მკვლელობით დასრულდა. გარდა ამისა, მოწმე დ.ღ.-მ სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს უარყო დავით სარალიძის მამასთან, ზაზა სარალიძესთან შეხვედრისას მკვლელობის ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით საუბრის ფაქტი, გამოძიებით კი დადგინდა, რომ მათ შორის შეხვედრასა და საუბარს რეალურად ჰქონდა ადგილი 2018 წლის თებერვალში. სამართალდამცველების მიერ 2018 წლის 19 ივლისს დ.ღ ქ. თბილისში დააკავეს.

პროკურატურის მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ დ.ღ დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში საქართველოს სსკ-ის 370-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად შეუმცირდა ¼-ით და საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 2 წლით 3 თვით თავისუფლების აღკვეთა“, - აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა