თსუ-ში ქართულ-აფხაზური ფილმის „ანიხა“ პრეზენტაცია  გაიმართა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ქართულ-აფხაზური ფილმის „ანიხა“ პრეზენტაცია გაიმართა, - ამის შსახებ „ინტერპრესნიუსს“ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, პრეზენტაციას თსუ-ს რექტორი გიორგი შარვაშიძე, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, აფხაზური თემატიკით დაინტერესებული სამეცნიერო საზოგადოება, პროფესორები, სტუდენტები დაესწრნენ.

ფილმი გადაღებულია ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ–აფხაზურ ურთიერთობათა სამეცნიერო–კვლევითი ცენტრის, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აფხაზური ენისა და კულტურის კომისიისა და ქართულ–აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის ერთობლივი პროგრამის „გავიცნოთ აფხაზეთი“ ფარგლებში. აფხაზურ მხარესთან ერთობლივად განხორციელებული პროექტების საფუძველზე თსუ-ში დაარსდა აფხაზური ბიბლიოთეკა, აფხაზური ზეპირსიტყვიერების კურსები, აფხაზურენოვანი ინტერნეტრადიო, რომელიც თსუ მერვე კორპუსიდან მაუწყებლობს.

„დოკუმენტური ფილმი „ანიხა“ აფხაზეთში ძველით ახალი წლის აღნიშვნას ეხება. აღსანიშნავია, რომ სახალხო დიპლომატიის დონეზე ბევრი რამის გაკეთება ხერხდება. ეს არის მნიშვნელოვანი, როგორც ეთნოგრაფიული, ასევე სამეცნიერო თვალსაზრისით და კარგია, რომ აფხაზებთან კონტაქტები არსებობს. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ამ კუთხით საქმიანობა,“- განაცხადა თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ.

დოკუმენტალურის ფილმის მნიშვნელობაზე ისაუბრა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა.

„სახელმწიფო პოლიტიკა გულისხმობს ნდობის აღდგენას, ნდობის მშენებლობას მავთულხლართებით გაყოფილ ერებს შორის. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ისეთი ფილმების შექმნას, რომელიც კიდევ ერთხელ დაგავნახებს და თავიდან გაგვაცნობს ერთმანეთს. ამ ფილმს აქვს ძალიან დიდი დატვირთვა - კიდევ ერთხელ გაგვაცნოს ჩვენი ძმები, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე. ერთმანეთთან მშვიდობიანად დავამყაროთ ურთიერთობა რათა ერთად ავაშენოთ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიანი მომავალი.“- განაცხადა გიგაურმა.

„ფილმის ერთ-ერთი მიზანია პოპულარიზაცია გავუწიოთ აფხაზურ ეთნო-კულტურულ სივრცეს, შევისწავლოთ ის და მივეხმაროთ განვითარებაში. ეს ფილმი ჩვენი შეკვეთით გადაიღო აფხაზეთში შემოქმედებითმა ჯგუფმა. ფილმი ეხება აფხაზეთის სალოცავებს და საახალწლო რიტუალებს. ჩვენთვისაც ბევრი რამ უცნობი იყო და ერთ-ერთი საფუძველი ჩვენი ურთიერთობების დაძაბვისა ისიც არის, რომ კარგად არ ვიცნობთ იმ ეთნოკულტურულ სივრცეს. ალბათ მოგვეცემა საშუალება შევქმნათ აფხაზური ენციკლოპედია. ეს ჩვენი სახელმწიფო ვალია, ჩვენ ერთადერთი ქვეყანა ვართ, რომელსაც სახელმწიფო ვალდებულება გააჩნია აფხაზური ეთნოსის და კულტურის მიმართ,“- აღნიშნა თსუ ქართულ–აფხაზურ ურთიერთობათა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ზურაბ შენგელიამ.

„ანიხა“ 2019 წლის იანვარში აფხაზეთშია გადაღებული. მასში ასახულია ახალი წლის აღნიშვნის აფხაზური ადათ–წესები და აღწერილია აფხაზეთის წმინდა სალოცავი ადგილები. ფილმი მიზნად ისახავს აფხაზური ეთნოკულტურული სივრცის შესწავლასა და მის პოპულარიზაციას.