ლევან დავითაშვილი - გვაქვს მომზადებული კომპლექსური პროგრამა, რომელიც ბიოწარმოებაში ჩართული ფერმერების სუბსიდირებასა და დახმარებას გულისხმობს

გვაქვს მომზადებული კომპლექსური პროგრამა, რომელიც ბიოწარმოებაში ჩართული ფერმერების სუბსიდირებასა და დახმარებას გულისხმობს, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის წარმოების გადასახადებისგან გათავისუფლების საკითხზე კომენტირებისას განუცხადა.

"ინტერპრესნიუსის" კითხვაზე, უკვე აქვს თუ არა სამინისტროს კონკრეტული ხედვა, როგორ მოხდება პრემიერ-მინისტრის მიერ დაანონსებული ეკოლოგიურად სუფთა სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადასახადებისგან გათავისუფლება, დავითაშვილი აცხადებს, რომ პირველადი წარმოება ისედაც გათავისუფლებულია გადასახადებისგან და ახლა საუბარია წარმოებული პროდუქციის გათავისუფლებაზე, რაზეც მუშაობა მიმდინარეობს.

"იცით, რომ სოფლის მეურნეობაში პირველადი მიწოდება ისედაც ფაქტობრივად, გათავისუფლებულია ყველა გადასახადისგან. საუბარია უკვე წარმოებული პროდუქციის გარკვეული სახეობების გადასახადებისგან გათავისუფლებაზე, რომელზეც მიდის მუშაობა და მსჯელობა. რა თქმა უნდა, ამას სჭირდება დეტალური შეფასება," - განაცხადა მინისტრმა.

ლევან დავითაშვილის თქმით, მოხდება ბიომეურნეობის სხვადასხვა საშუალებებით წახალისება, მათ შორის სუბსიდირებაც მოიაზრება.

"ესაა წახალისების ერთი ინსტრუმენტი, მათ შორის ეკოლოგიურად სუფთა ბიოწარმოებების, მაგრამ ამასთან ერთად ჩვენ გვაქვს მომზადებული კომპლექსური პროგრამა, რომელიც ბიოწარმოებაში ჩართული ფერმერების სუბსიდირებასა და დახმარებას გულისხმობს," - აცხადებს ლევან დავითაშვილი.

შეგახსენებთ, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის განცხადებით, გადასახადებისგან გათავისუფლდება ყველა ის მეწარმე, რომელიც ორგანულ, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციას აწარმოებს.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა