ზაზა ფირალიშვილი - „ნაციონალებისა“ და „ოცნების“ დაპირისპირების ის უნაყოფო რეჟიმი, რომელშიც ვიმყოფებით, არა მხოლოდ ჩიხია, არამედ  საუკეთესო  ასპარეზიცაა  რუსული  „რბილი ძალისათვის“

შუალედური არჩევნების შედეგებსა და იმაზე, სავარაუდოდ, რა გავლენას იქონიებს არჩევნები შემდეგ შიდა პოლიტიკაზე, ასევე საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილს ესაუბრა.

- ბატონო ზაზა, თუ მთაწმინდაზე მეორე ტურის ჩატარებას არ მივიღებთ მხედველობაში, 19 მაისის შუალედური არჩევნები პრაქტიკულად დასრულებულია. ამ არჩევნების შედეგები რომ ყველაზე განხილვად თემად რჩება გასაკვირი არ უნდა იყოს, რადგან მას ყველა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის მზადების ეტაპად განიხილავდა.

19 მაისის არჩევნებს ბევრ კითხვაზე უნდა გაეცა პასუხი. არჩევნების მიმდინარეობასა და მის შედეგებზე ბევრი კი ითქვა, მაგრამ ამ თემებზე თქვენ ჯერ არაფერი გითქვამთ. თქვენ როგორ შეაფასებდით 19 მაისის მიმდინარეობას, ამ პროცესში მმართველი ძალისა და ოპოზიციის მოქმედებას და მის სავარაუდო შედეგებს?

- ზოგადი სურათის თვალსაზრისით ახალი არაფერი იყო და მე თუ მკითხავთ, ყველაზე ცუდი სწორედ ეს არის. მთავარი ინტრიგა კვლავ ის გახლდათ შეძლებდნენ თუ არა „ნაციონალები" რევანშს და ნაპოლეონის ელბადან დაბრუნების ისტორიის გათამაშებას.

19 მაისს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ როგორ უნაყოფო ჩიხშია შესული ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება და რომ ჩვენ თავადვე ვუქმნით საუკეთესო ნიადაგს გააქტიურებულ პრორუსულ პროპაგანდას

ეს გრძელდება უკვე შვიდი წელია და მთელი ამ ხნის განმავლობაში მისმა დაძაბულობამ გადაფარა ყველაფერი - სასიცოცხლოდ აუცილებელი სახელმწიფოებრივი პროექტები, რუსეთის სავალალო გააქტიურება ჩვენს სივრცეზე და ასე შემდეგ.

19 მაისს კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, თუ როგორ უნაყოფო ჩიხშია შესული ჩვენი პოლიტიკური ცხოვრება და რომ ჩვენ თავადვე ვუქმნით საუკეთესო ნიადაგს გააქტიურებულ პრორუსულ პროპაგანდას.

NDI-ს ბოლო გამოკვლევებში საკმაოდ მძიმე მონაცემებია. გამოკითხულთა სავალალოდ დიდი ოდენობა - 39% - უარყოფითად აფასებს საბჭოთა კავშირის დაშლას, ხოლო 11%-მა პასუხი არ იცის. ჯამში ეს გამოკითხულთა ნახევარია. გავითვალისწინოთ, რომ ამ ნახევრის დიდი ნაწილს წარმოადგენენ ახალგაზრდები, რომლებსაც საბჭოთა გამოცდილება არა აქვთ და არ იციან, რა ბოროტება იყო საბჭოთა სამყარო.

„ოცნებას“ ვურჩევდი, ზედმეტად კმაყოფილები ნუ იქნებიან არჩევნების შედეგებით. ამომრჩეველმა უარი თქვა სააკაშვილის ხელმძღვანელობით რევოლუციური სცენარის განვითარებაზე ისე, რომ ნდობა არ გამოუცხადებია „ოცნებისათვის“

ამიტომაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს ვურჩევდი, ზედმეტად კმაყოფილები ნუ იქნებიან არჩევნების შედეგებით. გავიმეორებ იმას, რაც უკვე ბევრჯერ ითქვა ჩვენს მას მედიაში - ამომრჩეველმა უარი თქვა სააკაშვილის ხელმძღვანელობით რევოლუციური სცენარის განვითარებაზე ისე, რომ ნდობა არ გამოუცხადებია „ოცნებისათვის.“ ზუსტად ასეთი სიტუაცია გვქონდა საპრეზიდენტო არჩევნების დროსაც.

- მართლაც საინტერესო იყო კითხვის პირველ ნაწილზე თქვენი მოსაზრებები. რაც შეეხება კითხვის მეორე ნაწილს, ანუ არჩევნების სავარაუდო შედეგებს, მათზე რას იტყოდით?

- ამ არჩევნებით, არსებითად, არაფერი შეცვლილა. ამომრჩეველი რომ პროცესების რევოლუციურ განვითარებას არ აჰყვებოდა, იმთავითვე ცხადი იყო. მან ისევ კონცეპტუალურად ღატაკი და სახელმწიფოებრივი იდეების არმქონე პოლიტიკური ძალა არჩია, რომელსაც სხვა აღარაფერი დარჩენია თუ არა ის, რომ ყოველი არჩევნების დროს კვლავ და კვლავ ნაციონალების მმართველობის წლები გაგვახსენოს და ეკლესია მოიშველიოს მოკავშირედ.

ქვეყანა ორი მორალურად გაცვეთილი ძალისა და სხვა წვრილ-წვრილი პოლიტიკური საფეოდალოების ხელშია დარჩენილი. დამეთანხმებით, მანკიერი სტაბილურობაა

მეორეს მხრივ კი გვყავს ოპოზიციური ველის ლამის მონოპოლიურად მფლობელი პოლიტიკური ჯგუფი, რომელსაც, პირობითად რომ ვთქვათ, უკვე 2007 წელს მიტინგის დარბევის შემდეგ მორალური რესურსი აღარ გააჩნია.

მოკლედ, მკვეთრად თუ ვიტყვი, ქვეყანა ორი მორალურად გაცვეთილი ძალისა და სხვა წვრილ-წვრილი პოლიტიკური საფეოდალოების ხელშია დარჩენილი. დამეთანხმებით, მანკიერი სტაბილურობაა.

ჩვენს პოლიტიკაში არიან გონიერი და გამოცდილი ადამიანები, მაგრამ არ არის პიროვნება, რომელიც გვერდზე გასწევს არსებულ სისტემას და რაღაც განსხვავებულს და საიმედოს შემოგვთავაზებს

ვერც „ოცნებამ“ და ვერც „ნაციონალებმა“ ვერ გათვალეს, რომ სიტუაციის მუდმივი დაძაბვა, მუდმივი ემოციური ექსტრემიზმი მათვე აზარალებს. ამომრჩეველი, უბრალოდ, იღლება ამ უნაყოფო დაძაბულობის ცქერით. ვერც ერთი და ვერც მეორე ამომრჩეველს ვეღარ აწვდის რაიმე პოზიტიურ იდეას.

ჩვენს პოლიტიკაში არიან გონიერი და გამოცდილი ადამიანები, მაგრამ არ არის პიროვნება, რომელიც გვერდზე გასწევს არსებულ სისტემას და რაღაც განსხვავებულს და საიმედოს შემოგვთავაზებს.

დღეს სცენაზე მყოფ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოქალაქე „კარგად იცნობს“ და მათ მიმართ არავითარი განსაკუთრებული მოლოდინი არა აქვს

დღევანდელები უმალ მეორე პლანის მოთამაშეები არიან თავისი დროებითი, სიტუაციური წარმატებებით. დღეს სცენაზე მყოფ ყველა პოლიტიკურ მოთამაშეს მოქალაქე „კარგად იცნობს“ და მათ მიმართ არავითარი განსაკუთრებული მოლოდინი არა აქვს.

უცნაურად მეორდება 2008-20011 წლების ფსიქოლოგიური კლიმატი. თუ გახსოვთ, მაშინაც ასეთი გამოუვალობის განცდა იყო, განსაკუთრებით - 2011 წლის მაისის აქციების შემდგომ.

თანაც, “ნაციონალებისა“ და „ოცნების“ დაპირისპირების ის უნაყოფო რეჟიმი, რომელშიც ვიმყოფებით, არა მხოლოდ ჩიხია, არამედ საუკეთესო ასპარეზიცაა რუსული „რბილი ძალისათვის“.

უცნაურად მეორდება 2008-20011 წლების ფსიქოლოგიური კლიმატი. თუ გახსოვთ, მაშინაც ასეთი გამოუვალობის განცდა იყო, განსაკუთრებით - 2011 წლის მაისის აქციების შემდგომ

შეუძლებელია პოზიტიური პოლიტიკური, ეკონომიკური, კულტურული და რაგინდარა სხვა პროცესი, თუ წამყვან პოლიტიკურ ძალებს შორის არ არსებობს დიალოგისა და კონსენსუსის სივრცე, თუ არ არსებობს სამოქალაქო დიალოგისა და თანამშრომლობის კულტურა და ყველა მხარე მოწინააღმდეგის ერთხელ და სამუდამოდ განდევნის გულუბრყვილო, თუმცა კი ბოროტების მომტან ილუზიაშია.

ცივი სამოქალაქო ომის პირობებში ქვეყანა ან ერთ ადგილზე დგას ან კვლავ და კვლავ ხელახლა იწყებს ყველაფერს. მტერი კი ხელებს იფშვნეტს ამ დროს.

- ახლა როცა ყველაფერი, რაც საშინაო პოლიტიკაში ხდება, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პრიზმაში განიხილება, თქვენი დაკვირვებით, სავარაუდოდ, როგორ აისახება 19 მაისის არჩევნები ოპოზიციასა და მმართველ პარტიას შორის ძალთა ბალანსზე?

- 2020 წლისათვის სიტუაციის შეცვლას ნაკლებად ველოდები. „ქართული ოცნება“ ჯერაც საკმარის რესურსებს ფლობს და მისი ერთ-ერთი მთავარი რესურსი სააკაშვილის აქტიურობაა. ივანიშვილის ადგილზე საგანგებოდაც შევუწყობდი ხელს ყოველი მორიგი არჩევნების დროს მის გააქტიურებას.

საკმარისია პოლიტიკური განვითარების რაღაც ნიშნები გამოჩნდეს, რომ სააკაშვილი იმწამსვე იქაა თავისი ჰიპერტროფირებული პიარით, ზღვრული საინფორმაციო შფოთით და ა.შ. მით უფრო იოლია „ოცნებისათვის“ ამომრჩეველთა საკმარისი მინიმუმის თავმოყრა და ერთპარტიული მმართველობისაკენ სვლა.

„ქართული ოცნება“ ჯერაც საკმარის რესურსებს ფლობს და მისი ერთ-ერთი მთავარი რესურსი სააკაშვილის აქტიურობაა. ივანიშვილის ადგილზე საგანგებოდაც შევუწყობდი ხელს ყოველი მორიგი არჩევნების დროს მის გააქტიურებას

სააკაშვილის მმართველობის წლების უარყოფითი მხარეები ისე მყარად ზის უბრალო მოქალაქის მეხსიერებაში, რომ ის მზად არის, თვალი დახუჭოს ყველა იმ უმსგავსობაზე, რომელიც ოცნების მმართველობის პირობებში ხდება და ეს უკვე სახელმწიფოებრივად არის სახიფათო.

კითხვას რომ დავუბრუნდე, 2020 წლის არჩევნებში ალბათ ახალი არაფერი მოხდება გარდა იმისა, რომ კიდევ უფრო გაღრმავდება ჩიხის განცდა.

მაინც იმედი მაქვს, რომ ახალი აქტორები და იდეები გამოჩნდებიან. წინააღმდეგ შემთხვევაში, NDI-ს გამოკვლევის შედეგები მყარ ტენდენციად შეიძლება იქცეს.

სააკაშვილის მმართველობის წლების უარყოფითი მხარეები ისე მყარად ზის უბრალო მოქალაქის მეხსიერებაში, რომ ის მზად არის, თვალი დახუჭოს ყველა იმ უმსგავსობაზე, რომელიც ოცნების მმართველობის პირობებში ხდება და ეს უკვე სახელმწიფოებრივად არის სახიფათო

იმედი მაქვს, ბიზნესისა და ინტელექტუალური ელიტები შეძლებენ საერთო ენის მოძებნას, შეძლებენ პოლიტიკოსებს ინიციატივა წაართვან, რათა ჩვენი სახელმწიფოებრივი ცხოვრება მავანთა მესიანისტური ბერიკაობის ასპარეზი აღარ იყოს.

ძალიან ბევრი ადამიანისათვის სააკაშვილსაც და ივანიშვილსაც დიდი გულის გაცრუება უკავშირდება. 2012 წელს ვერავის წარმოედგინა, თუკი ასეთი მასშტაბების ბიზნესიმპერიის პატრონი დაუშვებდა, რომ მისი უანგარობის მიმართ ეჭვი გაჩენილიყო თუნდაც იმიტომ, რომ ქართული ბიზნესის სივრცე თითქოს ძალზე მცირე მასშტაბი იყო მისთვის.

როგორც ჩანს, ბიზნესს თავისი წესები აქვს. იმის ცთუნება, რომ განაგებ სუვერენულ პოლიტიკურ ერთეულს, რომელშიც გააკეთებ ყველაფერს, რაც გსურს, დიდი აღმოჩნდა. მით უმეტეს, რომ შენი მთავარი ოპონენტია ის, ვისაც შეუძლია ბევრი იხმაუროს და ყველას ხმა გადაფაროს.

როგორც ჩანს, იმის ცთუნება, რომ განაგებ სუვერენულ პოლიტიკურ ერთეულს, რომელშიც გააკეთებ ყველაფერს, რაც გსურს, დიდი აღმოჩნდა. მით უმეტეს, რომ შენი მთავარი ოპონენტია ის, ვისაც შეუძლია ბევრი იხმაუროს და ყველა სხვისი ხმა გადაფაროს

საქმე მხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბერკეტებს არ ეხება. მწერალთა ორგანიზაციების გაერთიანების პროექტი ჩემთვის იმის მიმანიშნებელია, რომ ჩანს ხელისუფალთ არც ქვეყნის ინტელექტუალური რელიეფი მოსწონთ.

მწერლობა დამოუკიდებელი აზრის სფეროა და გვსურს თუ არა, ასეთად რჩება. როგორც ჩანს, ვიღაც შეაწუხა ამან.

- 19 მაისის არჩევნების შემდეგ ყველაზე აქტუალურ თემად რჩება ის, თუ რამდენად ადეკვატურად შეაფასებს ოპოზიცია არჩევნების შედეგებს და თავის პერსპექტივებს 2020 წლის არჩევნებისათვის.

ოპოზიციურ ლიდერთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ოპოზიცია 2020 წელს სააკაშვილთან ერთად რაიმე წარმატებაზე ვერ იოცნებებს, ამიტომ კარგი იქნება თუ სააკაშვილი შეეგუება ბედს და გვერდზე გადგება. მაგრამ, ეს წარმოუდგენელია, რადგან მან იცის, რომ „ნაცმოძრაობის“ მიერ მიღებულ ხმებში სააკაშვილის წილი დიდია.

"ენდიაი"-ს პოლიტიკოსთა რეიტინგების გამოკითხვებიდანაც ნათლად ჩანს, რომ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე მძიმეწონიანი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ივანიშვილის ალტერნატივად წარმოჩინდებოდა არავინაა. რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ სააკაშვილი გვერდზე გადგება?

- ამ თემას ნაწილობრივ უკვე შევეხე. სააკაშვილის როლი დღეს ცალსახად უარყოფითია და ის ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებას ხელს უშლის. არადა, მის აქტიურობას ხელს უწყობს როგორც მისი ოპონენტების კონცეპტუალური სიღარიბე, ისე სხვა გამოკვეთილი პიროვნების არარსებობა ოპოზიციურ ბანაკში.

სააკაშვილის როლი დღეს ცალსახად უარყოფითია და ის ქვეყნის პოლიტიკურ განვითარებას ხელს უშლის

მისთვის, ალბათ, ყველაზე რაციონალური იქნებოდა ორიოდე წლით მაინც „მოესვენებინა“, უბრალო მოქალაქე გამხდარიყო და ამით შესაძლოა რაღაც შანსი მისცემოდა, მაგრამ მისი ტემპერამენტის ადამიანს ამგვარი ჰიპერაქტიურობის გარეშე არსებობა არ შეუძლია.

- ვახტანგ ძაბირაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა - „თუ „ნაციონალები“ გაუგებარი ნაბიჯების გადადგმას გააგრძელებენ, მთავარი ოპოზიციური ძალის მოპოვებას სხვა პოლიტიკური ძალები შეეცდებიან“.

- ცხადია, შეეცდებიან და ცდილობენ კიდეც. თუმცა, მათ შორის ამის შემძლე ჯერ არ ჩანს. არც იმას გამოვრიცხავ, რომ მთავარი პოლიტიკური მოთამაშეები ამ როლში თავის „ფარულ“ ან აშკარა სატელიტებს შემოგვთავაზებენ და ამით ამ იდეასაც წყალს შეუყენებენ.

არც იმას გამოვრიცხავ, რომ მთავარი პოლიტიკური მოთამაშეები ამ როლში თავის „ფარულ“ ან აშკარა სატელიტებს შემოგვთავაზებენ და ამით ამ იდეასაც წყალს შეუყენებენ

ეს ხდება კიდეც. მათ ხომ მონოპოლიზებული აქვს ლამის მთელი საინფორმაციო სივრცე და მთელს ჩვენს მოსახლეობას მათ მიერ შექმნილ სინამდვილეში აცხოვრებენ.

- მისივე თქმით - თუ „ევროპული საქართველო“ და „ნაციონალები“ და ასევე დანარჩენი ოპოზიცია 2020 წელს სერიოზულად აპირებენ ხელისუფლებასთან დაპირისპირებას, მათ მაჟორიტარულ ოლქებში მოუწევთ კანდიდატურების ერთმანეთთან შეთანხმება. თუ მათ ამ საკითხებზე პრინციპული შეთანხმებების მიღწევა შეძლეს, ვფიქრობ 2020 წლისთვის ეს ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანი იქნება“.

თქვენი დაკვირვებით, ერთი მსოფმხედველობის ოპოზიცია 2020 წლისთვის შეძლებს ერთიანი ფრონტით გამოსვლას და მაჟორიტარულ ოლქებში ერთიანი კანდიდატების წარდგენაზე შეთანხმებას?

- ოპოზიცია არაერთგვაროვანია. ბატონმა ვახტანგმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ პოლიტიკურად და იდეოლოგიურად ერთგვაროვანი ოპოზიციის გაერთიანებას გულისხმობს.

წარმოუდგენელია, რომ ერთი კანდიდატი ჰყავდეთ, ვთქვათ, „შენების მოძრაობას“ და ქალბატონ ნინო ბურჯანაძეს. მეც და ისიც დავიბნეოდით და არ გვეცოდინებოდა, საგარეო თუ საშინაო ორიენტაციის აზრით ვისთან გვაქვს საქმე.

ერთიანი კანდიდატურები შესაძლებელიც არის და აუცილებელიც

ასეთი ალიანსები იოლად შეიძლება ჩამოყალიბდეს და ამომრჩევლისათვის მისაღები იყოს რევოლუციური სიტუაციების დროს და არა ახლა, როდესაც „რევოლუციური ვნებათაღელვებით“ დაქანცულობა ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა და არც ისეთი პერსონალიები ჩანან, ახალი ენერგიის შემოტანა რომ შეეძლოთ. ერთიანი კანდიდატურები შესაძლებელიც არის და აუცილებელიც.

- მესამე ძალად ჩამოყალიბებაზე პრეტენზიები კარგა ხანია აქვთ სხვადასხვა პოლიტიკურ ძალებს. "ენდიაი"-ს კვლევებითაც ნათლად ჩანს, რომ გამოკითხულთაგან 50%-ზე მეტს აქვს მესამე ძალის მოლოდინი.

იმის გათვალისწინებით, რომ პოლიტიკურ ლიდერებს თითქმის თანაბარი რეიტინგები აქვთ, ბევრი გამოთქვამს მოსაზრებას რომ ქართულ პოლიტიკაში არაფერი არ შეიცვლება, თუ ახალი ლიდერები არ გამოვიდნენ ქართულ პოლიტიკურ სცენაზე.

თქვენი დაკვირვებით, თუ 2020 წლამდე მესამე პოლიტიკური ძალა მართლაც შეიქმნა, სავარაუდოდ, ვისგან შეიძლება იგი დაკომპლექტდეს?

- უკვე ვთქვი, რომ დღევანდელი პოლიტიკური ძალებიდან ამის პოტენციას თითქმის არავინ ამჟღავნებს. როგორც ჩანს, სულ მცირე, ახალი აქტორების და ამის შემძლე პიროვნებების გამოჩენაა საჭირო.

- "ენდიაის" კვლევებით, გამოკითხულთა 39%-ი თვლის რომ სსრკ-ს დაშლა საქართველოსთვის ცუდი მოვლენა იყო. ფაქტია, რომ ჩვენი საზოგადოების საკმაოდ დიდ ნაწილს აქვს საბჭოთა პერიოდის ნოსტალგია და ამ განწყობებს კრემლის ადგილობრივი პროპაგანდისტები აქტიურად აღვივებენ.

ასეთ ფონზე რამდენად დიდია იმის ალბათობა, რომ მესამე ძალად ჩამოყალიბდნენ ის პოლიტიკური ძალები, რომლებისთვისაც ქვეყნის პროდასავლური კურსი მიუღებელია?

- დღეს ძალიან ბევრი ადამიანი ვერ ხედავს ოპტიმიზმის საფუძველს. ესაა საუკეთესო ნიადაგი რუსული პროპაგანდის გასაღვივებლად და ჩვენს სივრცეზე რუსული პოლიტიკური პროექტის განსახორციელებლად. ჩვენი პესიმიზმი შეიძლება უფრო ძლიერი იარაღი იყოს რუსების ხელში, ვიდრე პოლიტიკური და ეკონომიკური ბერკეტები.

მათ უჭირთ, აღიარონ თავისი სტრატეგიის ნაკლოვანებები და ის როლი, რომელიც თავად მიუძღვით რუსული იდეის გამოცოცხლების საქმეში... არადა სწორედ მათ შემოგვთავაზეს ლიბერალიზმად ის, რაც ჩვენი რიგითი ადამიანისათვის კულტურულად არის მიუღებელი

ამ რამდენიმე წლის წინ პუტინის მიმართ სიმპატია გამოკითხულთა 31%-მა გამოთქვა. მაშინ ბევრმა არ დაიჯერა ეს მონაცემი. განსაკუთრებით ლიბერალური წრეები უარყოფდნენ და ეს გასაგებიცაა. მათ უჭირთ, აღიარონ თავისი სტრატეგიის ნაკლოვანებები და ის როლი, რომელიც თავად მიუძღვით რუსული იდეის გამოცოცხლების საქმეში.

არადა, სწორედ მათ შემოგვთავაზეს ლიბერალიზმად ის, რაც ჩვენი რიგითი ადამიანისათვის კულტურულად არის მიუღებელი. ეროვნული იდეა, როგორც „პროვინციალიზმის ნიშანი“, პრორუსულ ძალებს გადაულოცეს და თავად ხშირად ბოლშევიკებივით შეუწყნარებლები იყვნენ განსხვავებული აზრის მიმართ.

ლიბერალებმა ეროვნული იდეა, როგორც „პროვინციალიზმის ნიშანი“, პრორუსულ ძალებს გადაულოცეს და თავად ხშირად ბოლშევიკებივით შეუწყნარებლები იყვნენ განსხვავებული აზრის მიმართ

როგორც ჩანს, ბოლშევიზმი ადამიანების ფსიქო-კულტურული მდგომარეობაა და არა პოლიტიკური თუ მსოფლმხედველობრივი პრინციპი.

სამწუხაროდ, ჩვენი ახალი ინტელექტუალური ელიტა ყალიბდება, როგორც მოსახლეობის დაბალი ფენებისაგან გაუცხოებული ფენომენი. ის გაიზარდა არასამთავრობო ორგანიზაციებში, განსხვავებული სოციალური და ისტორიული ლინგვისტიკის პირობებში და თანდათან მოსწყდა დანარჩენ მოსახლეობას.

ამის, თუ გნებავთ, სიმბოლური გამოხატულება ამ რამდენიმე წლის წინ კახეთის ერთ-ერთ საარჩევნო ოლქში გამოფენილი საარჩევნო ლოზუნგი „გენდერული თანასწორობაა“. ჰოდა, როგორ ფიქრობთ, ასეთი პროგრესულად მოაზროვნე ადამიანები თავისი უბრალო ადამიანისათვის გაუგებარი მეტყველებით უთმობენ თუ არა სივრცეს რუსულ პროპაგანდას?

ვის წისქვილზე ასხამს წყალს ასეთი „პროგრესიზმი?“ ისეთივე მიმართება ხომ არა აქვს მას ლიბერალიზმთან, როგორიც ბოლშევიზმს ჰქონდა თავის დროზე სოციალიზმთან?

როდესაც იმის ნაცვლად, რომ ეკლესიასთან დიალოგი დაამყარო და დიალოგის გზით ისტორიული პროცესების მონაწილე გახადო, ამ დიდი და გავლენიანი ინსტიტუციის დაკნინებით ცდილობ წარმატების მიღწევას, მოექცევა თუ არა მორწმუნე ადამიანთა დიდი ნაწილი რუსული პროპაგანდის გავლენაში?

უკვე მერამდენედ ვკითხულობ - ვის წისქვილზე ასხამს წყალს ასეთი „პროგრესიზმი?“ ისეთივე მიმართება ხომ არა აქვს მას ლიბერალიზმთან, როგორიც ბოლშევიზმს ჰქონდა თავის დროზე სოციალიზმთან?

როდესაც რეპრესიული ნარკოპოლიტიკის წინააღმდეგ ბრძოლას მსუბუქი ნარკოტიკების მოხმარების ლეგალიზაციის იდეად აქცევ, შენ თავადვე ხომ არ თესავ ეჭვს ქვეყნის სწორი განვითარების გამო?

კონსერვატულ იდეოლოგიას აქვს შანსი დღევანდელ პირობებში მესამე ძალად ჩამოყალიბდეს, მაგრამ საამისოდ მას მეტი განათლება სჭირდება, ასე აშკარად არ უნდა ემსახურებოდეს იმ ქვეყნის ინტერესებს, რომლის პოლიტიკამაც ამდენი ტკივილი მოგვიტანა

ასე შეიძლება მოხდეს, რომ უბრალო ადამიანს მავანთა (პოლიტიკურად პრორუსული) პათეტიკური ნაციონალიზმისა უფრო ესმის და ის უფრო მისაღებია მისთვის, ვიდრე სხვა მავანთა „პროგრესული იდეები.“

ცხადია, კონსერვატულ იდეოლოგიას აქვს შანსი დღევანდელ პირობებში მესამე ძალად ჩამოყალიბდეს, მაგრამ საამისოდ მას მეტი განათლება სჭირდება, ასე აშკარად არ უნდა ემსახურებოდეს იმ ქვეყნის ინტერესებს, რომლის პოლიტიკამაც ამდენი ტკივილი მოგვიტანა და ა.შ.

ზოგადად კონსერვატიზმი ძალზე სერიოზული იდეოლოგიაა და მას, მიუხედავად გარეგნული მსგავსებისა, საერთო არაფერი აქვს რომანტიკულ და პათეტიკურ ნაციონალიზმთან. ნაციონალისტური რიტორიკა არ ნიშნავს პატრიოტიზმს.

- გასულ კვირას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება ევროპის საბჭოში რუსეთის დაბრუნების შესახებ. რუსეთის მიერ ყირიმის ოკუპაციის ფონზე ევროპამ გასაოცარი უპრინციპობა გამოავლინა და დააბრუნა რუსეთი ევროპის საბჭოში.

ვხედავთ, რომ ევროპაში სულ მეტად იკრებენ ძალას ევროსკეპტიკოსები. მემარცხენე და რადიკალური მემარჯვენეები, რომელთა აზრითაც ევროპამ უარი უნდა თქვას რუსეთთან კონფრონტაციასა და რუსეთისათვის დაწესებულ ეკონომიკურ სანქციებზე.

ბევრი თვლის, რომ ევროპარლამენტში 26 მაისისთვის დაგეგმილი არჩევნების შემდეგ მასში ე.წ. პრორუსული ლობი საკმაოდ მძლავრად იქნება წარმოდგენილი. თქვენი დაკვირვებით, ევროპასა და ჩვენში ე.წ. პრორუსული განწყობები რამდენად სახიფათო შეიძლება აღმოჩნდეს საქართველოს გაცხადებული საგარეო კურისათვის?

- საფრთხე, რომელიც თქვენ ახსენეთ, მსოფლიო ლიბერალური რევოლუციის იდეის კრახის შედეგია. ეს კრახი ამ იდეის ავტორმა ფრენსის ფუკუიამამაც აღიარა.

ევროპაში ორი ათწლეულის განმავლობაში წინა პლანზე გამოვიდნენ ადამიანები რომელთაც დაიჯერეს, რომ ისტორია დასრულდა და რომ მათი იდეები ყველა ძირითად დაპირისპირებას გააქრობდა.

ევროპაში გააქტიურებულია სტალინისტური და ტროცკისტული ყაიდის ჯგუფები, გაჩნდა ჯგუფები, რომლებიც ჩრდილოკორეულ ჩუჩხეს სწავლობენ და პერიოდულად ისე დადიან ამ ქვეყანაში, როგორც წმინდა მიწაზე

შედეგად კი მივიღეთ მიგრანტთა კრიზისი, მადრიდსა და პარიზში ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ მილიონიანი გამოსვლები. სექსისა და სქესის მეტაფიზიკის გაბატონება, უფრო მეტიც, ახალი სოციალური იდეების მთავარ წანამძღვრად წარმოდგენამ ძალიან ბევრი ადამიანი შეაშინა.

როდესაც ამგვარ მოვლენებს ყურადღებას არ მიაქცევ და ქედმაღლურად განაგრძობ შენსას, არასასურველ შედეგებსაც მიიღებ და ამით პუტინი ან ვინმე მისი მსგავსი აუცილებლად ისარგებლებს.

მეტსაც გეტყვით: ევროპაში გააქტიურებულია სტალინისტური და ტროცკისტული ყაიდის ჯგუფები, გაჩნდა ჯგუფები, რომლებიც ჩრდილოკორეულ ჩუჩხეს სწავლობენ და პერიოდულად ისე დადიან ამ ქვეყანაში, როგორც წმინდა მიწაზე.

ბოროტება არასოდეს ჩნდება ცარიელ ნიადაგზე. მისი სუბსტანცია ყოველთვის ჩვენი თავქარიანობა და ზერელე პროგრესიზმია. ისტორია ულმობელია და არ გაპატიებს უკეთილშობილესი იდეებით ზერელე და სწორხაზოვან თამაშს, მახინჯ სარკეში არეკლავს და შენვე მოგართმევს მას ხან ბოლშევიზმის, ხან ჰიტლერიზმისა და ხან პუტინიზმის სახით

საკმაოდ ხშირია ევროპელი ახალგაზრდების ისლამზე გადასვლის შემთხვევები და გაჩნდნენ ევროპული წარმოშობის მუსლიმი ტერორისტებიც კი.

ცხადია, ყველაფერ ამასთან შედარებით პუტინიზმთან ასოცირებული მემარჯვენეობა უფრო „რესპექტაბელურად“ გამოიყურება.

ბოროტება არასოდეს ჩნდება ცარიელ ნიადაგზე. მისი სუბსტანცია ყოველთვის ჩვენი თავქარიანობა და ზერელე პროგრესიზმია. ისტორია ულმობელია და არ გაპატიებს უკეთილშობილესი იდეებით ზერელე და სწორხაზოვან თამაშს, მახინჯ სარკეში არეკლავს და შენვე მოგართმევს მას ხან ბოლშევიზმის, ხან ჰიტლერიზმისა და ხან პუტინიზმის სახით.

საბედნიეროდ, პუტინი პერიოდულად ისეთ ნაბიჯებს დგამს, რომ თავადვე სპობს მის მიმართ სიმპატიის გაღრმავების შესაძლებლობას. ევროპულ მემარჯვენეობას აქვს შანსი, რომ დამოუკიდებელ, უფრო მეტიც, პუტინთან დაპირისპირებულ ძალად ჩამოყალიბდეს.

ვფიქრობ, ევროპას საკმაო რესურსები აქვს და უახლოესი ათწლეულის განმავლობაში მისი მსოფლმხედველობრივი ცხოვრება კონსერვატიზმისა და ლიბერალიზმის ოპონენციით განისაზღვრება.

პოლიტკორექტულობის ტყვეობაში მოქცეულ ლიბერალიზმს დღეს უჭირს დიალოგი. არადა, ბევრწილად ამაზეა დამოკიდებული, ევროპული კონსერვატიზმი შეძლებს თუ არა პუტინისტური ჰიპნოზისაგან გათავისუფლებას

საამისოდ კი ევროპულმა ლიბერალიზმმა კონსერვატიზმი ცალსახად რეგრესულ მოვლენად კი არ უნდა მიიჩნიოს, არამედ თანასწორუფლებიან პარტნიორად დიალოგში და ამით პუტინზმის მეტასტაზების გავრცელებასაც შეუშლის ხელს.

პოლიტკორექტულობის ტყვეობაში მოქცეულ ლიბერალიზმს დღეს უჭირს ასეთი დიალოგი. არადა, ბევრწილად ამაზეა დამოკიდებული, ევროპული კონსერვატიზმი შეძლებს თუ არა პუტინისტური ჰიპნოზისაგან გათავისუფლებას.

რუსული პროპაგანდა ნეიტრალიტეტის იდეით ოპერირებს. სიტუაცია მაგონებს ეზოპეს ერთ იგავს. გეხსომებათ, მგლებმა ცხვრებს შეუთვალეს, თქვენი დამცველი ძაღლები გადმოგვეცით და ხელს აღარ გახლებთო. ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა და დასავლეთთან სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტა ახლა სწორედ მგლებისთვის ნაგაზების გადაცემა იქნება

ცხადია, ჩვენთვის ეს საფრთხის შემცველია. ჩვენს შემთხვევაში ხომ საქმე ეხება არა მხოლოდ რუსეთთან პოლიტიკური კავშირის გაღრმავებას, არამედ, ფაქტობრივად, რუსეთის გუბერნიის მდგომარეობაში დაბრუნებას, თუმცა კი გარეგნულად სახელმწიფოებრივი ატრიბუტებით ვიქნებით აღჭურვილები.

ის, რაც დღევანდელ რუსეთში ხდება, ძალზე ჰგავს გასული საუკუნის 30-იანი წლების გერმანიას. ყველგან ე.წ. სამხედრო პატრიოტიზმია გაბატონებული. ბავშვებს ზრდიან არა, უბრალოდ, პატრიოტებად, არამედ პუტინის მეომრებად

ამ ეტაპზე, როგორც ვხედავთ, რუსული პროპაგანდა ნეიტრალიტეტის იდეით ოპერირებს. სიტუაცია მაგონებს ეზოპეს ერთ იგავს. გეხსომებათ, მგლებმა ცხვრებს შეუთვალეს, თქვენი დამცველი ძაღლები გადმოგვეცით და ხელს აღარ გახლებთო. ნატოში გაწევრიანებაზე უარის თქმა და დასავლეთთან სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტა ახლა სწორედ მგლებისთვის ნაგაზების გადაცემა იქნება.

ის, რაც დღევანდელ რუსეთში ხდება, ძალზე ჰგავს გასული საუკუნის 30-იანი წლების გერმანიას. ყველგან ე.წ. სამხედრო პატრიოტიზმია გაბატონებული. ბავშვებს ზრდიან არა, უბრალოდ, პატრიოტებად, არამედ პუტინის მეომრებად.

თუ ამ რამდენიმე წლის წინ რუსული ტელევიზიები კრიმინალურ სერიალებს გადმოსცემდნენ, ახლა ისინი ე.წ. სამხედრო-პატრიოტული სერიალებით ჩაანაცვლეს. რუსული მსოფლმხედველობრივი ცხოვრება თანდათან იჟღინთება საომარი რომანტიკითა და ჰეროიზმით. მომრავლდა შემთხვევები, როდესაც ხმელთაშუა ზღვის კურორტებზე ყოველ ცხრა მაისს რუსი ტურისტები გასალახად დასდევენ გერმანელებს. მეორე მსოფლიო ომის იდეალები ისეთი აქტუალურია ამ ქვეყანაში, თითქოს ეს ომი სულ ორიოდე წლის წინ გადაეტანოთ.

პუტინს დღეს ძალზე სერიოზული პრობლემა გაუჩნდა უკრაინაში ზელენსკის არჩევის შემდეგ. ამ ქვეყანაში პუტინისტურმა პროპაგანდამ ვერ შეძლო თავისუფლებით დაღლილობისა და გამოუვალობის გრძნობის დანერგვით პრორუსული სენტიმენტები გაებატონებინა

დღევანდელ ევროპულ კონსერვატიზმსაც აქვს თავისი ანალოგი საფრანგეთში, ინგლისსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში მეორე მსოფლიო ომის წინ არსებული ჰიტლერისტული ჯგუფების სახით. რას იზამ?! ადამიანის თავისუფლება ზედმეტად მძიმე ტვირთია საიმისოდ, რომ ბევრმა იოლად ზიდოს, გნებავთ, ლიბერალად მიიჩნევდეს თავს და, გნებავთ, კონსერვატორად.

სიტყვამ მოიტანა და თავად პუტინს დღეს ძალზე სერიოზული პრობლემა გაუჩნდა უკრაინაში ზელენსკის არჩევის შემდეგ. ამ ქვეყანაში პუტინისტურმა პროპაგანდამ ვერ შეძლო თავისუფლებით დაღლილობისა და გამოუვალობის გრძნობის დანერგვით პრორუსული სენტიმენტები გაებატონებინა.

„ნაციონალური“ რევანშის საფრთხე რომ არა, მმართველ პარტიაში ეროზია გაცილებით სწრაფი იქნებოდა. მმართველი გუნდი ინტელექტუალურად ვეღარ ფლობს პროცესებს და ეს მარიხუანას კულტივირებისა და წილხვედრობის იდეებიდანაც ჩანს

უკრაინელებმა ახალი მნიშვნელოვანი რესურსის მოძებნა შეძლეს. პუტინმა ეს იცის და ამიტომაც აქვს ბოლო კვირების განმავლობაში ასეთი გამახვილებული ყურადღება უკრაინაზე. მთელი რუსული პროპაგანდა ახლა ზელენსკის დაკნინებას ცდილობს. სიტყვამ მოიტანა და უკრაინულმა არჩევნებმა ჩვენი ახალგაზრდული სუბკულტურის განწყობებზეც შეიძლება მოახდინოს გავლენა.

- რა შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ჩვენი ხელისუფლება ამ ხიფათებზე ან იგვიანებს, ანაც მასზე არაეფექტურად რეაგირებს?

- ვერ გეტყვით. თითქოს ხელისუფლებაში არის რამდენიმე ადამიანი მაინც, ვინც ადეკვატურად აფასებს სიტუაციას, მაგრამ ყველაფერს, საბოლოოდ, ლიდერი და მისი გემოვნება წყვეტს. და მაინც, რამდენიმე ადამიანის ხმაურიანი წამოსვლა მიმანიშნებელია.

უნდა გავიმეორო - „ნაციონალური“ რევანშის საფრთხე რომ არა, მმართველ პარტიაში ეროზია გაცილებით სწრაფი იქნებოდა. მმართველი გუნდი ინტელექტუალურად ვეღარ ფლობს პროცესებს და ეს მარიხუანას კულტივირებისა და წილხვედრობის იდეებიდანაც ჩანს.

”ინტერპრესნიუსი”

კობა ბენდელიანი

ავთანდილ წულაძე - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის შეხვედრის შემდეგ ცხადი გახდა, რომ უკრაინის იარაღის გარეშე დატოვების გეგმა ჩავარდა, ევროპისა და უკრაინა-რუსეთს შორის სამხედრო დაპირისპირება გაგრძელდება  და გაღრმავდება
„საქართველო მეცნიერების ქვეყანაა“ - აკადემიკოსი როინ მეტრეველი
ქართული პრესის მიმოხილვა 18.03.2024
Webster University Georgia-ს ფსიქოლოგიის საბაკალავრო პროგრამა დაემატა
Webster University Georgia-ს კომპიუტერული მეცნიერებების საბაკალავრო პროგრამა დაემატა