დავით ზალკალიანი დავით გარეჯში ვითარებაზე - ჩვენ გვყავს იქ მესაზღვრეები, ვისგანაც მჭირდება ზუსტი ინფორმაცია, უნდა გადამოწმდეს სად, ვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება ეს

მინდა, კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო, თავი შევიკავოთ ემოციური განცხადებებისგან. უნდა გადამოწმდეს სად, ვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება ეს. ჩვენ გვყავს იქ მესაზღვრეები, რომლებისგანაც მჭირდება ზუსტი ინფორმაცია,- ამის შესახებ დავით გარეჯში არსებულ ვითარებაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა. მინისტრის თქმით, მას არ აქვს დაზუსტებული ინფორმაცია ვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება ტექნიკის მობილიზება.

„ამ წუთებში ვრცელდება ეს ინფორმაცია, მეც ახლა გავიგე საინფორმაციო საშუალებიდან. ბუნებრივია, ეს ყველაფერი გადამოწმდება. იცით, რომ ჩვენი შეხვედრის პარალელურად ბაქოში მიმდინარეობს დელიმიტაციის კომისიის პირველი შეხვედრა. ყველა ინფორმაცია გადამოწმდება ამ კომისიის ფარგლებში. მინდა კიდევ ერთხელ ყველას მოვუწოდო თავი შევიკავოთ ემოციური განცხადებებისგან. აუცილებელია, რომ ჩვენ ამ მგრძნობიარე თემატიკიდან გამომდინარე ყველა საკითხი გავიაროთ კომისიის ფარგლებში. უნდა გადამოწმდეს სად, ვის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ხდება ეს. ჩვენ გვყავს იქ მესაზღვრეები, რომლებისგანაც მჭირდება ზუსტი ინფორმაცია, ისევე როგორც ჩვენს კომისიას“,- განაცხადა ზალკალიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.