მიხეილ ბატიაშვილი პედაგოგებს - თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ყველაზე საამაყო ადამიანები, რომელებმაც არაერთი წარმატებული თაობა აღზარდეთ

განათლების რეფორმის ფარგლებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი თბილისის კლასიკური გიმნაზიის ღვაწლმოსილ პედაგოგებს შეხვდა და ზოგადი განათლების რეფორმის თაობაზე დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, პედაგოგებთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ჯილდოს მნიშვნელობას, რაზეც მინისტრმა მათთან პირადად ისაუბრა.

მიხეილ ბატიაშვილმა პედაგოგებს კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა მრავალწლიანი ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისთვის და აღნიშნა, რომ მათი ღვაწლი წარმატებული თაობების აღზრდის საქმეში ფასდაუდებელია.

„თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის ყველაზე საამაყო ადამიანები, რომლებმაც არაერთი წარმატებული თაობა აღზარდეთ,“ - განაცხადა მინისტრმა მათთან შეხვედრაზე.

თავის მხრივ, პედაგოგებმა მადლობა გადაუხადეს მიხეილ ბატიაშვილს ამ ჰუმანური მიდგომისა და საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისთვის შეთავაზებული ჯილდოსთვის:

„სახელმწიფოს მხრიდან საპენსიო ასაკის პრაქტიკოსი პედაგოგებისათვის შემოთავაზებული ჯილდო პირადად ჩემთვის არა იმდენად ფინანსური დახმარება, არამედ უფრო მეტად მორალური მხარდაჭერის გამოცხადებაა ჩემი ქვეყნისაგან“, - განაცხადა თბილისის კლასიკური გიმნაზიის რუსული ენის პედაგოგმა ნათელა (სვეტა) ფანგანმა, რომელმაც პროფესიიდან გასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

„განათლების რეფორმის ფარგლებში საპენსიო ასაკის ღვაწლმოსილ პედაგოგებს, რომელთაც არ ექნებათ მინიმალური კომპეტენციის დადასტურებისა და სტატუსის ამაღლების სურვილი, ეძლევათ პრივილეგია ნებაყოფლობითი არჩევანის საფუძველზე 2019 წელს სახელმწიფოსგან მიიღონ ერთჯერადი ფულადი ჯილდო - ორი წლის ჯამური ხელფასი; ამასთან, შეუნარჩუნდებათ ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტი მთელი სიცოცხლის განმავლობაში (საჯარო სკოლების მასწავლებელთა ჯანმრთელობის სადაზღვევო ვაუჩერის პირობების შენარჩუნებით)“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს