იმ პედაგოგების რიცხვი, რომლებმაც შეიძლება ჯილდოთი ისარგებლონ და ნებაყოფლობით დატოვონ სკოლა არ არის ისეთი რაოდენობა, რომელიც სისტემაზე შეიძლება აისახოს,- ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა განაცხადა.
მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა საპენსიო ასაკის პედაგოგებისთვის ნებაყოფლობით სკოლის დატოვების შესახებ და ჯილდოს მიღებაზე სამინისტროს ინიციატივა.
„ჯილდოთი სარგებლობა შეუძლიათ საპენსიო ასაკის მქონე უსტატუსო პედაგოგებს. სტატუსის მქონე პედაგოგებს ყოველწლიურად გაუუმჯობესდებათ ხელფასები. რაც შეეხება ფინანსებს, მაისის ბოლომდე ხდება გამსვლელების რეგისტრაცია. ამის მიხედვით მოხდება დათვლა რამდენი ადამიანი გამოთქვამს სურვილს. ჩვენ ამ გათვლებს წარვადგენთ ფინანსთა სამინისტროში და სამინისტრო შესაბამის კანონში შეიტანს ცვლილებას. ყველანაირი მზაობა არის, გათვლები გაკეთებულია. ყველა ადამიანი, ვინც ამის სურვილს განაცხადებს, მიიღებს 2 წლის ხელფასს. რაც შეეხება დეფიციტს, იმ პედაგოგების რიცხვი, რომლებმაც შეიძლება ჯილდოთი ისარგებლოს და დატოვოს სკოლა არ არის ისეთი რაოდენობა პედაგოგების, რომელიც სისტემაზე შეიძლება აისახოს. ამიტომ, ასეთი შეიძლება მოხდეს სკოლის დონზე , ეს ადგილობრივად უნდა დამენეჯმენტდეს, რომ დეფიციტი ამოივსოს“,- განაცხადა ბატიაშვილმა.