7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი - პატიმრობაზე დათანხმება არ ნიშნავს, რომ ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს

პატიმრობაზე დათანხმება არ ნიშნავს, რომ ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, -ამის შესახებ შვიდი თვის შვილის მკლელობის ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვანი გოგონას ადვოკატმა ქეთევან გაგოევმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომელზეც ბრალდებულ გოგონას 2 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა.

დაცვის მხარის ადვოკატის თქმით, ისინი პატიმრობას ბრალდებულის ინტერესებიდან გამომდინარე დათანხმდნენ.

„დაცვის მხარეს განსხვავებული პოზიცია არ ჰქონია და ჩვენ დასაცავ პირთან შეთანხმებით, დავეთანხმეთ პატიმრობის გამოყენებას. ჩვენ შევთანხმდით დასაცავ პირთან და ჩავთვალეთ, რომ ამ ეტაპზე ასე არის მისთვის საჭირო“,-აცხადებს ადვოკატი ქეთევან გაგოევი.

მისივე თქმით, დაცვის მხარის მხრიდან სახელმწიფო ბრალდების მოთხოვნაზე-პატიმრობაზე დათანხმება არ ნიშნავს, რომ ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს, დუმილის უფლება კი ნიშნავს იმას, რომ ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. ადვოკატის ინფორმაციით, დუმილის უფლების გამოყენება მისი დაცვის ქვეშ მყოფის სურვილი იყო.

ამასთან, ბრალდებული არასრულწოვანი გოგოს ადვოკატი ამბობს, რომ ექსპერტიზის ნაწილი ჩატარებულია და ისინი ელოდებიან დამატებითი ექსპერტიზის ჩატარებას.

რაც შეეხება კითხვას, არასრულწლოვანი გოგო რაიმე სახის საფრთხეს ხომ არ გრძნობდა და ამიტომ ხომ არ არჩია პატიმრობაში დარჩენა, ადვოკატი პასუხობს, რომ მას ბრალდებულთან აღნიშნულზე არ უსაუბრია და ინფორმაცია არ აქვს. ადვოკატის თქმით, მას არასრულწლოვანმა გოგონამ მხოლოდ ის უთხრა, რომ ამ ეტაპზე დუმილის უფლების გამოყენება და პატიმრობაზე თანხმობა ურჩევნია და მიზეზი არ განუმარტავს.

7 თვის შვილის მკვლელობაში ბრალდებულ გოგონას გორის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. საქმეზე წინასასამართლო სხდომა 28 ივნისს, 14:00 საათზე ჩაინიშნა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა